06:02 - 31 Oct, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-30 21:43:02, 1319 ნახვა

რატომ არის 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს საქმე პოლიტიკური

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ერთ-ერთი პირი დააკავეს. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.

"2002 წელს დაბადებული, წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებული, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე (ოჯახის წევრისთვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 11 პრიმა 187-ე მუხლებით (ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება ან განადგურება) ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული და ამჟამად განსასჯელი ლ.გ. პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.გ.-მ მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

დაკავებულის მეგობრის ცნობით, ახალგაზრდა კაცი მისი სახლიდან დაახლოებით ნახევარი საათის გასული იყო, როცა ბინაში პოლიცია მივიდა და იქაურობა გაჩხრიკა.

“მითხრეს, ვიცით, ამ სახლიდან რომ გამოვიდაო და მაგის რაღაც ტანსაცმელი თუ გაქვს, პირდაპირ მოგვეციო. ვუთხარი, აქ არაფერია-მეთქი, მაგრამ მაინც უნდა გავჩხრიკოთო.

ეძებდნენ ნივთებს: ნიღაბს და რაღაც მაისურს ან ჰუდს — არ ვიცი, ალბათ იმას, რაც [აქციაზე] ეცვა. [ბოლოს] ხელი მომაწერინეს, რომ გაჩხრიკეს სახლი და ვერ ნახეს ვერაფერი”, — აღნიშნავს გრიგორიადისის მეგობარი.

მისი სიტყვებით, პოლიციის მიერ ბინის დატოვების შემდეგ დაკავებულთან დაკავშირება უშედეგოდ სცადა, ცოტა ხანში კი პირველი ცნობები გავრცელდა ახალგაზრდა კაცის დაკავების შესახებ.

ლაზარე გრიგორიადისის დაკავების პარალელურად, სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს მის სახლში. ლაზარე ბაბუასთან ერთად ცხოვრობს. მისი ბაბუა, გია გრიგორიადისი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა მხოლოდ შვილიშვილის ოთახი გაჩხრიკეს.

როგორც ის ამბობს, სამართალდამცავებმა სახლიდან ამოიღეს ე.წ. ჰუდი, კაპიუშონიანი ჯემპრი და დაზიანებული ტელეფონი:

„ლაზარეს საღამოს 7 საათზე ველაპარაკე ტელეფონით. მალე მოვალო. დაახლოებით თერთმეტის ნახევარი იყო, პოლიცია მოვიდა. ლაზარეზე არაფერი უკითხავთ. მე ვკითხე, რა ხდება-მეთქი და აქციასთან დაკავშირებით ვართ მოსულიო. კარადიდან ამოიღეს ჰუდი. მერე მკითხეს ტელეფონი და ლეპტოპი თუ აქვსო. ლეპტოპი არ აქვს. ძველი, ექვსი თვის წინ გატეხილი ტელეფონი წაიღეს. მერე ვკითხე, ლაზარე დაკავებული ხომ არ არის მეთქი და კიო, დაკავებულიაო“.

აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს." - აცხადებს შსს.

შსს შემდეგ, არ დააყოვნა პორკურატურის განცხადებამაც, მათი ცნობით, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეს, ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც გუშინ 29 მარტს დააკავეს.

უწყების განცხადებით, მას ბრალი წარუდგინეს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტზე, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურამ დღეს, 30 მარტს გააკეთა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. აღნიშნულის შედეგად, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღეს, რომლებიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ღამის საათებში გ.ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მალევე ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებამ "პოსტივიმ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, წარსულში მამის მიმართ ძალადობაზე ნასამართლევი, ხოშტარიას პარტიის წევრი, ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს.

 მოგვიანებით გაირკვა, რომ პროპაგანდისტური საშუალების ორივე ინფორმაცია, რომ თითქოს ლაზარე გრიგორიადისი "დროას" წევრი იყო და მამაზე იძალადა ტყუილი აღმოჩნდა.

"მარტის მოვლენებში ერთადერთი მოძალადეც და მოღალატეც არის "ქართული ოცნება", ვინც მიიტაცა პარლამენტი, იძალადა კონსტიტუციაზე და იძალადა ხალხზე.

ახლა დაკავებულ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, არც "დროას" წევრია, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ. ახლა ვეძებთ კონტაქტებს ოჯახთან და მათი სურვილოსამებრ, მათ გვერდში ვიქნებით.

ბრიუსელში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ დემონსტრანტების დაცვა იყო და ქვეყნის გარედანაც და შიგნიდანაც დავიცავთ მათ!", - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში. 

 ლაზარე გრიგორიადისის მამამ რომელზეც თითქოს მან იძალადა, განცხადება გაავრცელა, ბექა გრიგორიადისი ამბობს, რომ  მისი შვილის გაშავების პროცესი დაიწყო.

"ძალიან გთხოვთ გაავრცელეთ ეს ინფორმაცია. გამარჯობათ მეგობრებო, დადის ჭორი და მიდის ჩემს შვილს ლაზარე გრიგორიადისის გაშავების პროცესი, თითქოსდა მე და ჩემს შვილს გვაქვს კონფლიქტი და არ გვაქვს კარგი ურთიერთობები, სანამ ვინმეს შვილს რამეში დაადანაშაულებთ გირჩევთ გაარკვიოთ და მერე წერეთ და იკითხეთ, და საერთოდ იქნებ მე ვარ უარგისი მამა.... რატომ უფუჭებთ ბავშვს მომავალს, რატომ ტლიკინებთ იქ სადაც არ გეხებათ, ლაზარე არის ახალი თაობის წარმომადგენელი და ის ფიქრობს თავისებურად, მე ვაფასებ ყველა ახალგაზრდა ადამიანის უფლებებს და სოცმხედველობას, მინდა შევახსენო მთავრობას ნუ გადაიმტერებთ ახალგაზრდა თაობას. ჩემი მოთხოვნაა, (თავისუფლება ყველა უკანონოდ დაკავებულ ადამიანს)", - წერს დაკავებულის მამა.

ბექა გრიგორიადისი აცხადებს, რომ მამა-შვილს ერთმანეთთან აქვთ კარგი, „თავისუფალი ურთიერთობა“. ინციდენტი, რომლის შესახებაც ინფორმაცია მისი შვილის დაკავების შემდეგ გავრცელდა, 2021 წლის ოქტომბერში მოხდა, მალევე ამოიწურა და ამ ინფორმაციის გავრცელება ახლა მხოლოდ მისი შვილის დისკრედიტაციას ემსახურება.

რაც შეეხება შსს-ს მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ცნობას, რომ ლაზარე გრიგორიადისი წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებული იყო, მამამისი გვეუბნება, რომ ეს ფაქტი მოხდა 2020 წელს, ნოემბერში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც დემონსტრანტები ცესკოს მაშინდელი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ. მაშინ ცესკოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები სამართალდამცავებმა წყლის ჭავლით ორჯერ დაშალეს, ხოლო 19 პირი საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.

პოლიტიკური სარჩული ამ საქმეს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ შესძინა. როგორც მან განაცხადა, აღნიშნულ პიროვნებას „ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“ 

„მას ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული და ასეთი ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ, ამას სჭირდება სათანადო შეფასება. თავისთავად ის, რომ ეს პირი, ეს ახალგაზრდა კაცი, გზასაცდენილი კაცი არის დაკავშირებული „ბოლშევიკურ ტროიკასთან“, ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობასთან, ესეც მიუთითებს რაზე, რომ ამ პირს ამოძრავებდა კონკრეტული სუბიექტური ინტერესი. როგორც მოგეხსენებათ, ეს „ბოლშევიკური ტროიკა“ არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ეს პირი მოქმედებდა კონკრეტული ინტერესით, რომ მათი დაფინანსება არ ყოფილიყო გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, ასეთი ორიენტაცია არეული ადამიანების ქმედებები უნდა იყოს სათანადოდ შეფასებული როგორც სამართლებრივად, ასევე საზოგადოების მიერ“,- განაცხადა კობახიძემ.

ლაზარე გრიგორიადისის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი, დიმიტრი ნოზაძე იცავს. თითქმის სამი საათი იმყოფებოდა ის ბრალდებულთან წინასწარი დაკავების იზოლატორში. 

ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა ამბობს, რომ მის შვილს გადაემტერნენ.

"საქართველო არაა ის ქვეყანა სადაც პოლიტიკოსები აკეთებენ ხალხისთვის საქმეს, საქართველოში ყველა ფიქრობს საკუთარ თავზე, აი რატომ აღარ მაინტერესებს პოლიტიკა, აი ეხლა ჩემ შვილს გადაემტერენ, თუ გაქვთ ფაქტები ჩემი შვილის დანაშაულის ჩადენის,

წარგვიდგინეთ მიუკერძოებელ სასამართლოში, მარა საქმე იმაშია გვაქვს ის სასამართლო სადაც სიმართლე ირკვევა?? არა და არა არ გვაქვს.... არ გაუმწაროთ ბავშვს სიცოცხლე, თუ რამე დააშავა მე ავიღებ ჩემ თავზე." - აცხადებს იგი.

 

 

 








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰომოფობიური რიტორიკა, მათ შორის მაღალი დონის ოფიციალური პირების მხრიდან - ევროკავშირის ანგარიში ლგბტ უფლებებზე
ევროკავშირი შეშფოთებულია იმით, რომ სახელმწიფომ არ მიიღო საკმარისი ზომები ბავშვების მიმართ ძალადობის მოსაგვარებლად
ცესკო ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს
მილერი არჩევნებზე - კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში, თუ რა სახის გამოძიება იქნება მიზანშეწონილი

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics