03:13 - 06 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-05 21:06:32, 355 ნახვა

„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ

2025 წლის 1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების დასაშლელად საპოლიციო ძალებმა, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროს გამოცდილი ქიმიური ნივთიერება კამიტი გამოიყენეს. კამიტი/ბრომობენზილ ციანიდი პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთმა გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. ამ ნივთიერებას სხვადასხვა ქვეყნის საპოლიციო ძალები საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნითაც იყენებდნენ, თუმცა მისი გამოყენება მას შემდეგ შეწყდა, რაც აღმოჩნდა, რომ ნივთიერებას ადამიანებზე ხანგრძლივი ეფექტი ჰქონდა. საერთაშორისო სამართლის თანახმად, არეულობებისას ხალხის მასის კონტროლისთვის გამოყენებულ ნივთიერებებს მხოლოდ დროებითი ეფექტი უნდა ჰქონდეთ. 

BBC-ის გამოძიება ეფუძნებოდა ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს შსს-ის სპეცრაზმის წევრებს/მამხილებლებსა და ექიმებს. BBC-მ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის დეკემბრის ინვენტარის ასლიც მოიპოვა, რომელიც შეიცავდა ორ უსახელო ქიმიურ ნივთიერებას. ისინი ჩამოთვლილი იყო როგორც „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, შერევის ინსტრუქციასთან ერთად. BBC-ის გამოძიების მიხედვით, UN1710-ის იდენტიფიცირება მარტივი იყო, რადგან ეს არის გამხსნელის, ტრიქლორეთილენის კოდი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს. მეორე ქიმიკატის, კოდით UN3439, იდენტიფიცირება გამოძიების ავტორისთვის გაცილებით რთული აღმოჩნდა, რადგან ეს არის ქოლგა კოდი სამრეწველო ქიმიკატების მთელი სპექტრისთვის, საიდანაც ყველა საშიშია. აღნიშნულ ქოლგაში შემავალი ერთადერთი ქიმიკატი, რომელიც მასობრივი არეულობის სამართავ საშუალებად გამოყენებულა, არის ბრომობენზილ ციანიდი, ე.წ. კამიტი.  

საქართველოში აქციების დასაშლელად აკრძალული ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენებაზე BBC-ის მიერ გამოქვეყნებულმა საგამოძიებო მასალამ ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური რეაქცია გამოიწვია. ამ კონტექსტში BBC-ის მასალას პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან არა მხოლოდ უარყოფითი, არამედ მკვეთრად აგრესიული და ორგანიზებული საპასუხო კამპანია მოჰყვა, რომელშიც ჩართული იყვნენ პროპაგანდისტული მედია, პარტიასთან დაკავშირებული ექსპერტები, ანონიმური გვერდები და ანგარიშები. 

მთავარი აქცენტი გაკეთდა არა გამოძიების შინაარსის, არამედ გამოძიების წყაროს, მეთოდოლოგიის, მონაწილე ექსპერტებისა და ზოგადად BBC-ის ავტორიტეტის დამსხვრევაზე. შედეგად, სამთავრობო და პროპაგანდისტულმა არხებმა დაიწყეს BBC-ის არასანდო გამოცემად წარმოჩენა, რომელიც თითქოს „დასავლური ცენტრებიდან“ და „სპეცსამსახურებიდან“ იღებდა დავალებებს. სწორედ აქედან იწყებოდა კამპანიის მთავარი ჩარჩო: ყველაფერი გამოცხადდა საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილ „ჰიბრიდულ ომად“, რომლის მიზანიც ხელისუფლების დესტაბილიზაცია და ქვეყანაში არეულობის გაღვივება იყო.  

 

 

„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ქსელის ძირითადი გზავნილები 

 

BBC არ არის სანდო მედია 

BBC-ის მიერ გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ საინფორმაციო ოპერაციაში პირველი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ექსპერტებად პოზიციონირებადი პირები ჩაერთნენ. ისინი BBC-ის დეზინფორმაციის გამავრცელებელ და რეპუტაციაშელახულ მედიად წარმოაჩენდნენ. გია აბაშიძის, დავით ჩიხელიძისა და ნინო ფოჩხუას ფეისბუქსტატუსები „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ ეკოსისტემაში შემავალმა მედიასაშუალებებმა გააშუქეს და პოსტების ნაწილი დაარეკლამეს.

BBC-ის დისკრედიტაციის კამპანიაში „ექსპერტების“ შემდეგ პროპაგანდისტული მედია ჩაერთო. მათ ფეისბუქგვერდებზე გამოაქვეყნეს იდენტური ქარდები, 10 ნოემბერს დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ, რომელშიც ის მედიისთვის სასამართლოში ჩივილზე საუბრობდა. აღნიშნული გზავნილი მედიის შემდეგ აქტიურად გაავრცელეს „ექსპერტებმა” და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა.

 

BBC მხოლოდ ჩახუნაშვილების კვლევას დაეყრდნო 

BBC-ის დოკუმენტური ფილმის გამოქვეყნების შემდეგ პროპაგანდისტული მედია წარმოაჩენდა, რომ ის მხოლოდ ჩახუნაშვილების კვლევას ეყრდნობოდა, რომლის დისკრედიტაციის მიზნით აქტიური კამპანია წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ თავად BBC-ის დოკუმენტურ ფილმშიც ხაზგასმული იყო, რომ ჩახუნაშვილებმა ვერ შეძლეს გამოყენებული ნივთიერების დადგენა, პროპაგანდისტულმა მედიამ გამოძიების ფარგლებში ბრომობენზილ ციანიდის გამოკვეთა საკუთარ აუდიტორიას სრულად ჩახუნაშვილების ოჯახის მიერ მიწოდებულ ინფორმაციად გააცნო და შემდგომში მათ მიერ ამ ინფორმაციის უარყოფა უკანდახევად წარმოაჩინა. ამგვარი პროპაგანდისტული სტრატეგია მიზნად ისახავდა მთელი კომპლექსური ჟურნალისტური სამუშაოს ერთ კონკრეტულ წყაროზე გადატანას და მისი გაუფასურებით მთელი გამოძიების დისკრედიტაციას, მიუხედავად იმისა, რომ BBC-ის გამოძიება მრავალფეროვან წყაროებს დაეყრდნო. 

„ქართული ოცნების“ პროპაგანდის ეკოსისტემამ მიზანმიმართულად სცადა იმ ექიმებისა და ექსპერტების რეპუტაციის შელახვა, რომლებმაც BBC-სთან ინტერვიუში აღწერეს აქციის მონაწილეებში „არატიპური სიმპტომები“, მათ შორის ქიმიური ინტოქსიკაციის ნიშნები. ექიმები გამოცხადდნენ ოპოზიციასთან კავშირში მყოფ, „პოლიტიზებულ“ პირებად, რომელთა პროფესიული მოსაზრება თითქოს უღირსი იყო სამეცნიერო განხილვისთვის. სოციალური მედიის პლატფორმებზე აქტიურად მიმდინარეობდა ჩახუნაშვილების პერსონალური დისკრედიტაციის კამპანია. 

 

უცხოეთის სპეცსამსახურების ოპერაცია/ჰიბრიდული ომი 

1 დეკემბერს პროპაგანდისტულმა მედიამ გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები, რომლებშიც BBC-ის სტატია შეფასებული იყო მიზანმიმართული საერთაშორისო კამპანიის ნაწილად. ოფიციალურ კომენტარებში ჟურნალისტური გამოძიება წარმოდგენილი იქნა, როგორც საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო ორკესტრირებული შეტევა, ხოლო თავად BBC - როგორც მიკერძოებული, პოლიტიკური გავლენების მატარებელი და არასანდო მედია.  

ტიკტოკსა და ფეისბუქზე ანონიმური მხარდამჭერი გვერდების საშუალებით ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის ამონარიდები აქტიურად გავრცელდა. პარტიის ლიდერები არაკეთილსინდისიერი ძალების მხრიდან საქართველოში დაგეგმილ სპეცოპერაციაზე ან/და ჰიბრიდულ ომზე საუბრობდნენ, რომლის მიზანს ქვეყანაში „ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაღვივება“ წარმოადგენდა. ამასთანავე, გავრცელდა კონსპირაციული თეორიები „დიპ სტეიტისა“ და „ევრობიუროკრატიის“ ჩარევის შესახებ. 

 

 

 

BBC-ს ტოქსიკოლოგებისთვის არაფერი უკითხავს 

3 დეკემბერს პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა - „იმედმა“, „პოს ტვ“-მ, „რუსთავი 2“-მა და სხვა სააგენტოებმა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა, გაავრცელეს კიდევ ერთი დეზინფორმაციული ნარატივი, რომლის მიხედვითაც, თითქოს BBC-ს გამოძიების ფარგლებში ტოქსიკოლოგისთვის არ მიუმართავს. ამ დეზინფორმაციული ნარატივის გასამყარებლად გამოყენებული იქნა ექიმ ტოქსიკოლოგ თეიმურაზ კობიძის კომენტარი.

სინამდვილეში BBC-მ გამოძიების ფარგლებში შეკითხვებით მიმართა ერთ-ერთ გავლენიან ტოქსიკოლოგს, ვირჯინიის უნივერსიტეტის სამედიცინო ტოქსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს, პროფესორ კრისტოფერ ჰოლსტიგს. აღსანიშნავია, რომ მისი სამეცნიერო ნაშრომები 4500-ზე მეტჯერ არის ციტირებული

 

ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები შსს-ს მიერ კამიტის ფლობაზე 

BBC-ის გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კამიტის ფლობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს. ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, რომლის ექსკლუზიური კომენტარიც ტელეკომპანია „იმედმა” გაავრცელა, განაცხადა, რომ ქიმიური აგენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს 2012 წლამდე ჰქონდა შეძენილი  და იყენებდა. მოგვიანებით, მოქმედმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და მისმა მოადგილემ უარყვეს გომელაურის ინფორმაცია და განაცხადეს, რომ უწყებას იგი არასდროს შეუსყიდია.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბრომობენზილ ციანიდის ფლობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემაც. მან ბრიფინგზე უარყო ინფორმაცია სამინისტროს მიერ აღნიშნული ქიმიური აგენტის ოდესმე შეძენის შესახებ, თუმცა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, ეს იქნება ვანო მერაბიშვილი. ამასთანავე, კობახიძემ დაადასტურა, რომ პროტესტის დაშლისას, წყლის ჭავლში გარეული იყო გარკვეული ნივთიერება UN3439 კოდის ქვეშ, თუმცა მისი მტკიცებით, ეს ნივთიერება არ არის აკრძალული.  

 

BBC-ის გამოძიებისა და რესპოდენტების გაშარჟება  

BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ექსპერტებად პოზიციონირებადმა პირებმა და ანონიმურმა ანგარიშებმა აგრეთვე გაავრცელეს სატირული შინაარსის პოსტები. პოსტების ნაწილი უშუალოდ BBC-ის გამოძიებისა და მისი რესპოდენტების გაშარჟებას ისახავდა მიზნად, ხოლო ნაწილი პროევროპული პროტესტის მონაწილეებისა და კრიტიკული  მედიის დისკრედიტაციას წარმოადგენდა.

 

პროპაგანდისტული მედიის კოორდინაცია და რეკლამები  

BBC-ის გამოძიების გაუფასურების მცდელობის კამპანია „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის მიერ კოორდინირებული იყო და ამისთვის მნიშვნელოვანი ფულადი რესურსიც დაიხარჯა. პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ნარატივები თანხვედრაში მოდიოდა, უმეტესად კი იმეორებდა, პარტიის ლიდერების, „ექსპერტებისა“ და ანონიმური აქტორების გზავნილებს. ისინი კოორდინირებულად ესხმოდნენ თავს გამოძიების ავტორებსა და რესპოდენტებს, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ პროპაგანდისტული მედიები ვრცელი განცხადებებიდან და ფეისბუქსტატუსებიდან იდენტურ წინადადებებს არჩევდნენ სტატიების სათაურებად და ქარდების დასარეკლამებლად.  

 

1-3 დეკემბრის პერიოდში „სამართლიანმა არჩევნებმა“ Meta-ის რეკლამების ბიბლიოთეკაში სულ მცირე 50 რეკლამა აღმოაჩინა, რომლებიც მიზნად პროპაგანდისტული გზავნილების უფრო მეტად გავრცელებას ისახავდა მიზნად. რეკლამების უმრავლესობა - 26, ერთ გვერდზე POSTV News-ზე გამოქვეყნდა და მათი უმრავლესობის ღირებულება 100$-ზე ნაკლები იყო. გამონაკლისს წარმოადგენდა „ქართული ოცნების“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსებული განცხადების პოსტი, რომლის რეკლამირებაშიც 900-დან 1000 აშშ დოლარამდე იქნა გადახდილი.  




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელდარ (ლუკა) კურტანიძეს სასამართლომ 7-თვიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ევროკავშირი და დიდი შვიდეული რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირების სრულ აკრძალვას ამზადებენ.
ხოშტარია: რეჟიმმა ჩუმად მოწამლა საკუთარი ხალხი და ახლა თავის გადარჩენით არის დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი