16:17 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-14 21:12:06, 1320 ნახვა

ეკონომიკა
რუსეთის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ -პუტინის რეჟიმი ჰოლოდომორს მსოფლიოს უწყობს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, რუსეთმა მიზანმიმართულად გადაწყვიტა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ომი მარცვლეულის ომად გარდაქმნას.

"რუსეთის ქმედებები იწვევს მიწოდების შეფერხებას, ფასების განუზომლად ზრდას, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში, ასევე ქმნის სასტიკი შიმშილის საფრთხეს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები, ეს არ არის თანმდევი ზიანი. ეს შეგნებულად არჩეული ინსტრუმენტია ახლა მიმდინარე ჰიბრიდულ ომში. რუსეთი ამზადებს ნიადაგს ახალი კრიზისებისთვის, რათა მიზანმიმართულად შეასუსტოს საერთაშორისო თანმიმდევრულობა რუსეთის ომის წინააღმდეგ". – თქვა ბერბოკმა G7-ის შეხვედრაზე.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი სვენია შულცი აცხადებს, რომ პუტინი უკრაინიდან მოპარულ მარცვლეულს მხოლოდ აშკარად პრორუსულ ქვეყნებს გაუზიარებს. მისივე თქმით, მალე, მსოფლიო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შიმშილის წინაშე დადგება.

" მე არ მინდა დავასახელო ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენს ზურგს უკან გარიგებებს დებენ რუსეთისგან ჩვენი მარცვლეულის შესაძენად. თუ ამას გააკეთებენ, რა თქმა უნდა ვიტყვით". - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთს უკრაინის პორტებში 90 მილიონი ტონა მარცვლეული აქვს ბლოკირებული. აღნიშნულის შესახებ დენის შმიგალმა პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა უკრაინაში ომის გამო მარცვლეულის მოსავლის 20%-ით შემცირებას პროგნოზირებს. ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, უკრაინაში მოსავლის შემცირება საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, განსაკუთრებით კი, ეკონომიკურად ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. უკრაინა მსოფლიოში სასოფლო სამეურნეო პროდუქციის სიდიდით მეოთხე უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორია.

„ახლა ისინი შემდეგ კრიზისს ქმნიან, ისტორიაში პირველად სხვა ქვეყნების პორტების დაბლოკვით. ჩვენი მარცვლეულის 90 მილიონი ტონა ბლოკირებულია. მეტიც, ისინი რაკეტებით ჩვენს მარცვლეულის საწყობებს ბომბავენ. რაკეტებით ექვსი უმსხვილესი მარცვლეულის საწყობია განადგურებული“, – განაცხადა შმიგალმა.

2021 წლის მონაცემებით, უკრაინა, რომელიც წელიწადში 33 მლნ ტონა ხორბალს აწარმოებს (მსოფლიო ბაზრის 12%), მარცვლეული კულტურების მნიშვნელოვანი ექსპორტიორია. შესაბამისად, ბევრი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინული ხორბლის შეუფერხებელი მიწოდება, თუმცა, როგორც გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის წარმომადგენელი, მარტინ ფრიკი ამბობს, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი შეუძლებელია ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაკეტილი საზღვაო გზების გამო.

კიევის ინფორმაციით, უკრაინის პორტებში ბლოკირებულია თითქმის 4,5 მლნ ტონა მარცვლეული, ცალკე პრობლემაა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასობით ათასი ტონა ხორბლის მიტაცება და რუსეთში გატანა, რასაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰოლოდომორზე პასუხისმგებელი საბჭოთა ხელისუფლების კრიმინალური პოლიტიკის პირდაპირ გაგრძელებას უწოდებს.

უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის პირველი მოადგილე, ტარას ვისოცკი ამბობს, რომ მარცვლეულს ჰპარავენ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ უცხოელ მომხმარებლებსაც, რაც ძირს უთხრის მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებას: გაეროს მონაცემებით, დაახლოებით 1,7 მილიარდი ადამიანი შესაძლოა მალე შიმშილისა და სიღარიბის წინაშე აღმოჩნდეს.

გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის წარმომადგენლის მარტინ ფრიკის თქმით, „შიმშილი არ უნდა იყოს იარაღი“, შესაბამისად, მისი თქმით, უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება, თავისი პროდუქცია მიაწოდოს სხვა ქვეყნებს, რათა შემსუბუქდეს გლობალური სასურსათო კრიზისი.

2022 წლის მარტში გაერომ სურსათზე ფასების 12%-იანი ზრდა დააფიქსირა, რაც რეკორდული მაჩვენებელია 1990 წლის შემდეგ. ფასების მკვეთრმა ზრდამ და მიწოდების შეფერხებამ განსაკუთრებული საფრთხე შექმნა ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიის ნაწილებში, სადაც ხალხი ქრონიკულად არასაკმარისად იკვებება და სადაც მილიონობით ადამიანი ცხოვრობს სუბსიდირებული პურითა და იაფი ატრიით.

უკრაინიდან მარცვლეული კულტურების გატანა რომ სტიქიურად არ ხდება, ამაზე შეიძლება მეტყველებდეს რუსეთის კრასნოიარსკის მხარის საკანონმდებლო კრების ვებსაიტზე გამოქვეყნებული ტექსტი „ხერსონის ოლქში ფერმერთა ჭარბი მოსავლის ექსპროპრიაციის შესახებ“. მიუხედავად იმისა, რომ საიტის ადმინისტრაციამ მალევე წაშალა ტექსტი და განაცხადა, საიტი გაგვიტეხესო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჭიროდ მიიჩნია შემდეგი შინაარსის განცხადების გავრცელება:

„რუსეთის კრასნოიარსკის მხარის საკანონმდებლო კრების ასეთი გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა ხელისუფლების კრიმინალური პოლიტიკის პირდაპირი გაგრძელება, რომელიც პასუხისმგებელია 1932-1933 წლების ჰოლოდომორსა და მასიურ ხელოვნურ შიმშილზე 1921-1923 და 1946-1947 წწ.-ში“.

ჰოლოდომორს უკრაინაში (1932-1933 წწ.) სულ მცირე 3,9 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, შიმშილის მიზეზი კი იყო გლეხებიდან მარცვლეულის ამოღების იძულებითი, რეპრესიული პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებდა კომუნისტური ხელისუფლება.
„გენოციდის კონვენციის მამად“ წოდებულმა, დოქტორმა რაფაელ ლემკინმა, რომელმაც ფაქტობრივად გამოიგონა ეს ტერმინი, 1953 წელს თქვა, რომ „უკრაინელი ერის განადგურება“ არის „გენოციდის კლასიკური მაგალითი“.
იმ დროს, როდესაც მილიონობით უკრაინელი შიმშილით იღუპებოდა, საბჭოთა მთავრობას უკრაინული მარცვლეული ექსპორტზე გაჰქონდა როგორც საზღვარგარეთ, ასევე სსრკ-ის სხვა რესპუბლიკებში. მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვა 1931 წელს ან მისი სრული შეწყვეტა 1932-1933 წლებში სიკვდილისგან იხსნიდა მილიონობით უკრაინელს, მათ შორის, ასობით ათას ბავშვს. მეტიც, ასეთი გადაწყვეტილებები არანაირად არ იმოქმედებდა ინდუსტრიალიზაციის განხორციელებაზე, რადგან ამ პერიოდში ხორბლის მსოფლიო ფასები დაეცა და სსრკ-მ გაცილებით მეტი მოგება მიიღო ხე-ტყისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან. გარდა ამისა, საკმაოდ დიდი მოცულობის მარცვლეული დაგროვდა სახელმწიფო რეზერვებში. ეს რესურსები არ გამოიყენებოდა შიმშილით დაზარალებული უკრაინის დასახმარებლად, რაც უკრაინაში შიმშილის ორგანიზების გაცნობიერებულ ქმედებებზე ლაპარაკობს.

ისტორიკოსი და პუბლიცისტი ენ ეპლბაუმი წიგნში „წითელი შიმშილი: სტალინის ომი უკრაინასთან“ ამტკიცებს, რომ ჰოლოდომორი სტალინმა განზრახ მოაწყო. 1932 წელს იყო ზოგადად საბჭოთა შიმშილის დასაწყისი, რომელიც მოიტანა კოლექტივიზაციამ და მარცვლეულის მოკრების პოლიტიკამ, მაგრამ 1932 წლის შემოდგომაზე სტალინმა გადაწყვიტა ამ კრიზისით ესარგებლა, გამოეყენებინა ის კონკრეტულად უკრაინის მიზანში ამოსაღებად. შესაბამისად, შიმშილი, უკრაინელი ინტელექტუალების შევიწროების პარალელურად, ემსახურებოდა უკრაინაში კონტრრევოლუციის საფრთხისა და უკრაინის დამოუკიდებლობის ჩახშობას.

ქვეყანაში ხორბლის იმპორტი, დიდწილად, ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა იაფი ფქვილის მარაგების ფონზე, ავტომატურად შემცირებულია ხორბლის იმპორტი და ხორბლის მარაგები, – ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს.

„მარაგი დღეისთვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით. დაახლოებით თვენახევარ, ორ თვეში დაიწყება ხორბლის ადგილობრივი მოსავლის აღება. ივლისი-აგვისტო მსოფლიოში მარცვლეული კულტურების ახალი მოსავლის მიღების სეზონია. ახალი მოსავალი ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებას განაპირობებს. დღეისათვის, ხორბლის ფასები მკვეთრადაა გაზრდილი, პრაქტიკულად გაორმაგებულია. იმედი გვაქვს, რომ ფასების კლების ტენდენცია დაიწყება. შესაბამისად, უკვე ამ პერიოდისთვის, საქართველოს მთავრობა შექმნილი ვითარების შესაბამისად იმოქმედებს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენს აშშ-ში 9 მაისს შეხვდება
საქართველო თამბაქოს გარეშე
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა
მერია - N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics