აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უამინდობამ პრობლემები შექმნა. რეგიონის მასშტაბით, წყალი არ მიეწოდება ქობულეთის რამდენიმე სოფელს, კერძოდ ზენითის, ალამბრის, მუხაესტატეს, წყავროკას, გვარასა და კონდიდის სოფლებს.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უამინდობის შედეგად შექმნილი მდგომარეობა ამ დროისთვის ასეთია: ბათუმში თოვლის საფარი 15 სანტიმეტრია; ხულოს, შუახევის და ქობულეთის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 60-80 სმ-ს აღწევს, ხოლო დაბაში 30-40 სმ-ს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა პარიზში, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ეწვია და 2015 წლის 7 იანვარს, პარიზში, სატირული ჟურნალის "Charlie Hebdo" რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გუდაურიდან-კობის მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები სატესტო რეჟიმში დაიწყო.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა საფრანგეთის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს.
სინოპტიკოსების განცხადებით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში თოვა დღესაც გაგრძელდება.
კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გუშინ ღამიდან ინტენსიურად თოვდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ რეგიონში, იწმინდებოდა გზები და იყრებოდა ტექნიკური მარილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ჯვრის უღელტეხილიდან თოვლში ჩარჩენილო ორი ლატვიელი ტურისტი უვნებლად ჩამოიყვანეს.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მლეთა-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია.
საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე დიდთოვლობის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, მოძრობა კვლავ შეზღუდულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალციხე-ნინოწმინდის(სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ფრანგ კოლეგას ბერნარ კაზენიოვს სამძიმრის წერილს უგზავნის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს სატირული ჟურნალის „შარლი ჰებდო“-ს თანამშრომლების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგადაც დაშავდა ათზე მეტი და ტრაგიკულად დაიღუპა თორმეტი ადამიანი, მათ შორის პოლიციის ორი ოფიცერი, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს სხვების უსაფრთხოების დასაცავად.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა ორმხრივად გახსნილია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 30-ე კილომეტრზე.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More