21:40 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-02 19:18:02, 244 ნახვა

პოლიტიკა
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით

დღეს, 2026 წლის 2 ივლისს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 62-ე სესიაზე, წინა წლების მსგავსად, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) წარადგინა ანგარიში “საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ”, რომელიც ქვეყანაში 2025 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მდგომარეობას აღწერს და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.  ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის სერიოზულ გაუარესებას და ყურადღებას ამახვილებს შეკრების, გამოხატვის, გაერთიანების თავისუფლების, წამების აკრძალვის და თანასწორობის კუთხით არსებულ მწვავე პრობლემებზე. 

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ OHCHR-მა წინა წელსაც გამოხატა შეშფოთება შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლების საკანონმდებლო შეზღუდვასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა, მათ შორის, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის, გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილი ცვლილებებით. 

OHCHR-ის შეფასებით, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციასთან და გრანტებთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობა შეიცავს ზედმეტად ფართო, სამართლებრივად ბუნდოვან დებულებებს და იძლევა თვითნებური ინტერპრეტაციის საშუალებას. ანგარიში აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა ახალი კანონმდებლობის გამო საკუთარი საქმიანობა შეამცირა. ანგარიშის მიხედვით, OHCHR-მა მიიღო ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოების და სხვა კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ მუქარის, დაშინების და მტრული რიტორიკის შესახებ, მათ შორის, მმართველი პარტიის ცნობილი წარმომადგენლების მხრიდან.

ანგარიშში კრიტიკულად არის შეფასებული მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების მიღებას უკრძალავს. ანგარიში ასევე მიუთითებს თანამდებობის პირთა შეურაცხყოფის დასჯადობის შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებული ნორმისა და ცილისწამების დავებში ჟურნალისტური საქმიანობის დაცვის გარანტიების შესუსტების შესახებ საიას კრიტიკულ შეფასებებზე. 

ანგარიში ასევე ყურადღებას ამახვილებს შეკრების თავისუფლების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილებაზე, შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული არაძალადობრივი ქმედებებისთვის საპატიმრო სასჯელების შემოღებაზე, განმეორებითი დარღვევის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადობაზე, მიუთითებს ეუთო ოდირის კრიტიკულ შეფასებებზე შეკრების თავისუფლების ფაქტობრივ კრიმინალიზებასთან დაკავშირებით. 

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს 2024-2025 წლებში პოლიციის მიერ არასაჭირო და არაპროპორციული ძალის გამოყენების გამოძიების საჭიროებებზე და, მიუხედავად იმისა, რომ, სახელმწიფოს მიერ საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებას მიესალმება, აღნიშნავს, რომ გამოძიება დროული, მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი უნდა იყოს და დამნაშავეთათვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

OHCHR ყურადღებას ამახვილებს 2025 წლის განმავლობაში, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირების სრული გაშიშვლების პრაქტიკის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ ეს პრაქტიკა შესაძლოა წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას წარმოადგენდეს. 

ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს როგორც 2024 წლის აქციებზე პოლიციის მიერ ქიმიური გამაღიზიანებლების გამოყენების და ჯანმრთელეობაზე მათი ხანგრძლივი ეფექტების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია იმ ადამიანებზე ზეწოლის მცდელობების შესახებ, რომლებმაც ქიმიური გამაღიზიანებლების შესახებ ინფორმაცია მედიას მიაწოდეს. 

OHCHR კრიტიკულად აფასებს კანონმდებლობიდან სიტყვების “გენდერი” და “გენდერული იდენტობის” ამოღებას. მისი შეფასებით, ეს ცვლილებები გენდერული თანაწორობის კუთხით ბოლო წლების მიღწევებს საფრთხის ქვეშ აგდებს და ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაციის საფრთხეს ქმნის.

ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს საქართველოს მიმართ. რეკომენდაციების მიხედვით, საქართველომ უნდა:

(ა) გაატაროს კონკრეტული ზომები მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით და რეაგირება მოახდინოს OHCHR-ის ანგარიშში (რომელიც მოიცავს 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს) აღწერილ ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების ბრალდებებზე;

(ბ) გადახედოს 2025 წელს შეტანილ ცვლილებებს მაუწყებლობის შესახებ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსში, გრანტების შესახებ კანონში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, უზრუნველყოს, რომ ყველა საკანონმდებლო პროცესი წარიმართოს სრული გამჭვირვალობითა და საზოგადოების შინაარსობრივი მონაწილეობით;

(გ) გააძლიეროს ძალისხმევა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას საქართველოში პოლიტიკურ წარმომადგენლობაში, მათ შორის, 2025 წელს მიღებული გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვის გზით.

(დ) აღადგინოს სამოქალაქო საზოგადოებისათვის ხელშემწყობი გარემო იმგვარად, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მაუწყებლების მიერ უცხოური მხარდაჭერის მიღებაზე დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა მკაცრად შემოიფარგლებოდეს მხოლოდ იმით, რაც აუცილებელი და პროპორციულია, და სრულად შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს.

აღსანიშნავია, რომ ანგარიში არაერთხელ მიუთითებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კომუნიკაციასა და გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე და 2025 წლის საკანონმდებლი ცვლილებების, ასევე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის პრაქტიკის მიმოხილვისას მნიშვნელოვნად ეყრდნობა საიას შეფასებებს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საიას მიერ წარმოებული ადამიანის უფლებათა ობიექტური და რეპუტაციული დოკუმენტირების მნიშვნელობას და სამოქალაქო საზოგადოების ადვოკატირების როლს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის დაცვაზე ორიენტირებული მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებაში. შეგახსენებთ, რომ საიამ OHCHR-ს კომუნიკაცია 2026 წლის იანვარში წარუდგინა. საია განაგრძობს ადამიანის უფლებებისთვის საქმიანობას, მათ შორის, საერთაშორისო ადვოკატირების გზით. 

მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში, მოიცავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების უფლებების მიმოხილვას და ყურადღებას ამახვილებს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სიცოცხლის უფლების დარღვევასა და ეფექტიანი გამოძიების არარსებობაზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და დაკავებულთა წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე. ანგარიში ასევე ყურადღებას ამახვილებს ჯანდაცვაზე არასათანადო ხელმისაწვდომობაზე და განათლების პროცესში ქართული ენის რუსულით ჩანაცვლებაზე. OHCHR შეშფოთებით აღნიშნავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო და რეგიონული ადამიანის უფლებათა მექანიზმებს წვდომის ნაკლებობას.

აღნიშნული ანგარიში და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შესაბამისი რეზოლუციები, გარდა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საერთაშორისო შეფასებისა, უკვე წლებია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქარათველოს დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში, რისი გათვალისწინებითაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ფორმატის სამომავლოდ გაგრძელება და ანგარიშის რეკომენდაციების რეპუტაციულობისა და ობიექტურობის აღიარება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics