15:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-02 13:57:47, 281 ნახვა

პოლიტიკა
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით

ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო ა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30 ივნისს-1 ივლისს გაიმართა. მათივე ცნობით, საქართველოს დელეგაციას ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.

განცხადების თანახმად, მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმებისა და მისი ნაჩქარევად იმპლემენტაციის გამო. 

"აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის ე.წ. შეთანხმებები იურიდიული თვალსაზრისით ბათილია, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს და აფერხებს კონსტრუქციულ დიალოგს", - აცხადებს საგარეო.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

"საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი.

ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.

რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, ასევე რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს", - აცხადებს საგარეო. 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო, 68-ე რაუნდი 2026 წლის 10-11 ნოემბერს გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებასა ვრცელებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება გააფორმოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში ირწმუნება, რომ აუცილებელია პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ამ კონტექსტში კი საქართველოსა და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზე საუბრობს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა განაცხადა, რომ ქართული მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევისკენ დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics