|
2026-06-24 17:02:46, 304 ნახვა
პოლიტიკა
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
დღეს, 24 ივნისს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, რის შემდეგაც კრიტიკული რეზოლუციის მიღება იგეგმება. რეზოლუციის პროექტი,სახელწოდებით „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“, საქართველოს მონიტორინგის საკითხებში თანამომხსენებლების ანგარიშს ეფუძნება. დოკუმენტის მიხედვით საპარლამენტო ასამბლეა კვლავ იზიარებს წინა კრიტიკულ რეზოლუციებში გამოხატულ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის გამო. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, წინა რეზოლუციის მიღების შემდეგ, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა შეუჩერებლად გაგრძელდა, ისევე როგორც რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის მქონე პირთა მიმართ. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასამბლეის არცერთი გადაუდებელი რეკომენდაცია არ ყოფილა შესრულებული. „საქართველოში დემოკრატიის უწყვეტი რღვევა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ასამბლეის რეკომენდაციებზე ყოველგვარი რეაგირების არარსებობა სერიოზულ ეჭვს ბადებს ხელისუფლების სურვილზე, შეასრულოს საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრობის, ისე ორგანიზაციაში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებები. მიუხედავად ამისა, ასამბლეა ერთგული რჩება საქართველოს ხელისუფლებასთან, ისევე როგორც ქვეყნის ყველა სხვა პოლიტიკურ და სოციალურ ძალასთან, ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის მიმართ. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ასეთი დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს საერთო გაგებას, რომ ევროპის საბჭოს წევრობა არის პრივილეგია, რომელსაც თან ახლავს უფლებები და მოვალეობები. ორგანიზაციის პრინციპები და სტანდარტები, ასევე – მისი წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები და ამ ვალდებულებების სრულად შესრულების იმპერატიული აუცილებლობა, არ შეიძლება დადგეს ეჭვქვეშ ან გახდეს მოლაპარაკების საგანი“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. რეზოლუციის პროექტში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების“ განზრახვა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ ნიშნავს ქვეყანაში ერთპარტიულ დიქტატურის დამყარებას. „საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვის ინიციატივა და მათი ხელმძღვანელების სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებული და შეთითხნილი ბრალდებებით მიუღებელია. ასამბლეა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამ კურსის გაგრძელება საქართველოში, ფაქტობრივად, დაამყარებს ერთპარტიულ დიქტატურას, რაც არღვევს არსებით დემოკრატიულ პრინციპებს და შეუსაბამოა ევროპის საბჭოს წევრობასთან. ის დაჟინებით მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გააუქმოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ და შეწყვიტოს მათი ხელმძღვანელების უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დემოკრატიულ ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე მძლავრი ზეწოლის, ისევე როგორც ქვეყანაში უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგად, საქართველოში ამჟამად არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები. ამიტომ, ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პრიორიტეტულად დაიწყოს ღია და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი ყველა პოლიტიკური ძალისა და სამოქალაქო აქტორის მონაწილეობით, რათა ქვეყანაში ხელახლა შეიქმნას ჭეშმარიტად თავისუფალი და დემოკრატიული პოლიტიკური გარემო, ქართული საზოგადოების მკაფიო მოლოდინებისა და ამბიციების შესაბამისად. რეზოლუციის პროექტი ყურადღებას ამახვილებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე ზეწოლაზე, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენების გზით, და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. „პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, რომლის ერთადერთი მიზანი განსხვავებული აზრის ჩახშობაა, აჩენს პოლიტპატიმრების არსებობის საფრთხეს და შეუსაბამოა დემოკრატიულ საზოგადოებასთან და საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის, ვალდებულებებთან. ასამბლეა ამ თვალსაზრისით სახელმძღვანელო პრინციპად იხსენებს თავის რეზოლუციას 1900 (2012) „პოლიტპატიმრის დეფინიცია“. ამ კონტექსტში ის ღრმად წუხს ოპოზიციის ლიდერებისა და სხვების, მათ შორის ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული და არაპროპორციული განაჩენების გამო, აშკარად შეთითხნილი ბრალდებებით“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად გააუქმოს ახლახან მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა. კერძოდ, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ასამბლეა კიდევ ერთხელ იმეორებს თავის რეკომენდაციას, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შეიცვალოს სრულიად ახალი კანონით, რომელიც შემუშავდება ევროპის საბჭოსთან მჭიდრო კონსულტაციით, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი შესაბამისობა ევროპულ ნორმებსა და სტანდარტებთან, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ასამბლეა კვლავ აღნიშნავს, რომ დინამიკური და პლურალისტური სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელია გამართულად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის. „სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში და წარმოადგენს დემოკრატიული ექსპერტიზის სასიცოცხლო წყაროს. ასამბლეა მწუხარებას გამოხატავს იმ მზარდად შევიწროებული სივრცის გამო, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოებას უწევს ფუნქციონირება, რაც საფრთხეს უქმნის მის არსებობას. ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს. ასამბლეა ასევე გმობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ ხელმძღვანელებსა და დამოუკიდებელ მედიაზე მიმდინარე თავდასხმებს, მათ შორის სადავო კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების გზით. უპირველეს ყოვლისა, სამართლებრივი გზით უნდა გაუქმდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი, „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ბოლო ცვლილებებთან ერთად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. ასამბლეა შეშფოთებულია ბოლო დროს საქართველოში გატარებული განათლების რეფორმების გავლენით აკადემიურ თავისუფლებაზე. „უზრუნველყოფილი უნდა იყოს აკადემიური წრეების დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, კორუფციასთან დაკავშირებული საფუძვლიანი შეშფოთების გასაქარწყლებლად, ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, შექმნას გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მექანიზმი იმ საუნივერსიტეტო ქონების პრივატიზაციის სამართავად, რომლებიც შესაძლოა გამოთავისუფლდეს ახალი რეფორმის „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ შედეგად“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. ასამბლეა მწუხარებას გამოხატავს იმის გამო, რომ, მისი მრავალი მოწოდების მიუხედავად, არ ჩატარებულა სარწმუნო გამოძიება დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან გამოვლენილ სისასტიკესა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებზე, ისევე როგორც მრავალრიცხოვან ცნობებზე მომიტინგეთა წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ მათი დაკავებისა და პატიმრობის დროს. ის მხედველობაში იღებს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის (CPT) ბოლო ანგარიშს, რომელიც ეხება საქართველოში 2024 წლის 18-დან 29 ნოემბრამდე და 2025 წლის 21-დან 22 იანვრამდე პერიოდულ ვიზიტებს და იზიარებს მასში გამოთქმულ სერიოზულ შეშფოთებას. ის განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ცნობებით, რომ თბილისში საპროტესტო აქციის დასაშლელად აკრძალული ქიმიური ნივთიერებები იქნა გამოყენებული. „სასწრაფოდ უნდა დაიწყოს სარწმუნო, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება ამ ბრალდებებთან დაკავშირებით. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მოთხოვნილი ზოგადი ზომები საქმეებზე: „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და „მახარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ისევე როგორც სასამართლოს ყველა სხვა 77 გადაწყვეტილებაზე, რომლებიც ჯერ კიდევ ელიან დამაკმაყოფილებელ აღსრულებას“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. ასამბლეა მხედველობაში იღებს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში დანიშნული ექსპერტის ანგარიშს, რომელიც ეუთოს 24-მა მონაწილე სახელმწიფომ აამოქმედა. ის სრულად იზიარებს მის მიგნებებსა და დასკვნებს, რომლებიც ემთხვევა ამ და წინა რეზოლუციებს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ. ასევე, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ამ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები. „ამ კონტექსტში ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროპის საბჭოს შესაბამის ორგანოებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 52-ე მუხლით გათვალისწინებული, და მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრ ყველა სახელმწიფოს, განიხილონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი საჩივრების წარდგენა კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ საქართველომ სრულად პატივი სცეს ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ყველა სტანდარტსა და ვალდებულებას. ის წუხს, რომ დღემდე არ მომხდარა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ამ მექანიზმების გამოყენება“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. რეზოლუციის პროექტს რამდენიმე შესწორებაც დაემატა. ერთ-ერთი შესწორება ასევე გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ბოლო დროს გავრცელებულ ცნობებზე პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ და გმობს ღირსების შემლახველ მოპყრობას, რომელსაც იგი, გავრცელებული ინფორმაციით, დაპატიმრებისას დაექვემდებარა. რეზოლუციის პროექტში ასევე დაემატა შესწორება მიხეილ სააკაშვილის შესახებ. „ასამბლეა მწვავე შეშფოთებას გამოხატავს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გაგრძელებისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი გაუარესების გამო, რომელიც პოლიტპატიმრადაა აღიარებული 2022 წელს მიღებულ რეზოლუციაში – „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეუწყოს ხელი მის საზღვარგარეთ გადაყვანას დამოუკიდებელი, სპეციალიზებული სამედიცინო მკურნალობისთვის“, – ნათქვამია შესწორებაში. კიდევ ერთი შესწორების თანახმად, „ასამბლეა განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ინფორმაციით, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენება სატრანზიტო ჰაბად რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის“. „მესამე ქვეყნების გავლით რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის, მიკროჩიპებისა და სანქცირებული სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტის მკვეთრი ზრდა წარმოადგენს რუსეთის სამხედრო აპარატის შეზღუდვისკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევის პირდაპირ ძირგამომთხრელ ქმედებას. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეუერთდეს დაწესებულ შეზღუდვებს, შეწყვიტოს ტვირთების საბოლოო დანიშნულების ადგილის შენიღბვის ხელშეწყობა და დააწესოს მკაცრი, გადამოწმებადი საბაჟო კონტროლი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია შესწორებაში. რეზოლუციის პროექტში კიდევ ერთი შესწორება შევიდა საქართველოდან გაძევებულ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის შესახებ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)