|
2019-07-25 13:54:47, 1680 ნახვა
სამართალი
NGO-ები პროკურატურას ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბრალეულობის შესახებ მტკიცებულებების გასაჯაროვებისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობო ორგანიზაციები "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებისთვის ბრალის წარდგინების ფაქტს „საეჭვოს“ და „სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებენ - ამის შესახებ 17-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა. არასამთავრობო ორგანიზაციები ეჭვების გაქარწყლების მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოუწოდებენ, ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბრალეულობის შესახებ დამაჯერებელი მტკიცებულებები წარმოადგინოს და გაასაჯაროვოს. „ამ საქმის გარშემო არსებულ გარემოებათა ერთობლიობა, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ გამოძიების დაწყება და ბრალის წაყენება, შესაძლოა, იყოს პოლიტიკურად მოტივირებული. ამ ვარაუდს კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის 9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა. ამასთანავე, მამუკა ხაზარაძე არის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მთავარი განმახორციელებელია. მამუკა ხაზარაძემ ჯერ კიდევ 2019 წლის მარტის თვეში, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, ღიად ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრისა და ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟზე. ყოველივე აღნიშნული კიდევ უფრო ამყარებს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას არაფორმალური მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენციის შესახებ, რაც მოიცავს დიდი ძალაუფლების კონცენტრაციას მმართველი პარტიის და გავლენიანი პირების არაფორმალური დაჯგუფებების ხელში და მათ მიერ საჯარო ინსტიტუტების გამოყენებას კერძო მიზნებისა და ინტერესებისათვის. მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, წარმოადგინოს და გაასაჯაროვოს დამაჯერებელი მტკიცებულებები ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბრალეულობის შესახებ, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს კითხვები ბრალდების სხვა მოტივებთან დაკავშირებით. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ეცნობოს რა ეტაპზეა „თიბისი ბანკზე” განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე დაწყებული გამოძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული პასუხგაუცემელი კითხვები მნიშვნელოვნად შეაფერხებს სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას და დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, კარგად გააცნობიეროს საკითხის სერიოზულობა და გაიაზროს ის ზიანი, რაც სახელმწიფო ინტერესებს შეიძლება შეექმნას, როგორც შერჩევითი თუ პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ საფუძვლიანი ეჭვების კიდევ უფრო გაღრმავებით, ისე საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის პორტის პროექტის ნებისმიერი ფორმით შეფერხების შემთხვევაში. განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)