|
2018-07-18 20:08:44, 1010 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე იენს სტოლტენბერგს შეხვდა [ვიდეო]
მთავრობის მეთაურის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყო. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, გასულ კვირას ბრიუსელში გამართული ნატო-ს სამიტის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების გზები. შეხვედრისას, მამუკა ბახტაძემ და იენს სტოლტენბერგმა იმსჯელეს ბრიუსელის სამიტის მიერ იდენტიფიცირებული თანამშრომლობის ახალი სფეროების შესახებ. ხაზი გაესვა, რომ ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი, ისევე როგორც თანამშრომლობის ახალი მიმართულებები მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს და მდგრადობას და ასევე, აახლოებს ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანებასთან. აღინიშნა, რომ მამუკა ბახტაძის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში ნათელი დასტურია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით ურყევი და შეუქცევადი კურსისა. აგრეთვე, შეხვედრისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგში მიღწეული წარმატებები და სამომავლო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან დაახლოების გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ და დაგეგმილ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე. მამუკა ბახტაძემ მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოს მთავრობის მზაობა - განაგრძოს ყოვლისმომცველი რეფორმები და პოლიტიკური დიალოგი ალიანსთან, რათა მაქსიმალურად იქნას დაჩქარებული ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესი. თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. აგრეთვე, იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საერთო, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით კი, ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის. ნატოს შტაბბინაში გამართულ შეხვედრას გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოელერი, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს წარმომადგენელი ნატო-სთან ალექსანდრე მაისურაძე ესწრებოდნენ, რომლის დასრულების შემდეგაც მამუკა ბახტაძემ და იენს სტოლტენბერგმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)