|
2018-06-01 14:11:56, 2416 ნახვა
სამართალი
შსს - არსებობს ეჭვი, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე გარკვეული პირებისთვის პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს ყველა იმ პირს, რომლებმაც ხორავას ქუჩზე მოზარდების მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვის შედეგებზე პირდაპირ ან ირიბად მოახდინეს გავლენა, - ამის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მან საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც უწყება ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით ამჟამად ახორციელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს სისხლის სამართლის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა. კერძოდ, გამოძიების მიზანია, დაადგინოს ის შესაბამისი პირები, რომლებიც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების) დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამგვარი ქმედებებით ისინი გამოძიების ვერსიის დანგრევას და გარკვეული პირებისთვის პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობდნენ. გუშინ უკვე გამოიკითხა რამდენიმე პირი. გამოკითხვები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება. პირველი ინსტანციის სასამართლომ მკვლელობის საქმეზე გუშინ გამოაცხადა განაჩენი, რომელიც, როგორც ცნობილია, პროკურატურის მიერ გასაჩივრებული იქნება ზემდგომ ინსტანციაში. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის საქმის გამოძიების საწყის ეტაპზევე დაადგინა და დააკავა ის პირები, რომლებმაც ბრალდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაული დაფარეს. ამჟამად მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს ყველა იმ პირს, რომლებმაც ამ უმძიმესი დანაშაულის სასამართლო განხილვის შედეგებზე პირდაპირ ან ირიბად მოახდინეს გავლენა", - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)