|
2018-01-15 17:59:37, 2048 ნახვა
პოლიტიკა
„იმედი მაქვს, პარლამენტი ვეტოს კარგად გაიაზრებს“ - პრეზიდენტის შენიშვნები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე
საქართელოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "მაუწყებლობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით მოტივირებული შენიშვნების შინაარსზე ისაუბრა. როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, მან კანონს ვეტო 2 ძირითადი საკითხის - მედიის სარეკლამო ბაზრისა და შესყიდვების გამო დაადო. მისი შეფასებით, ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი კონკურენციის პრობლემას ქმნის. "დარჩა 2 ძირითადი საკითხი, რომელიც დღესაც, ჩემი აზრით, ამ კანონში არ არის ადეკვატურად გაწერილი. პირველი ეხება მედიის სარეკლამო ბაზრის საკითხს. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი მოქალაქეების გადასახადებით ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი და ეს არის ნამდვილად ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ ბიუჯეტის მეშვეობით ვაფინანსებთ. თუმცა, მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველოში იმ ბაზარზე, რომელიც ასაზრდოებს კერძო ტელევიზიებს, ეს ბაზარი არის მილევადი და მუდამ კლებადი. ამ ბაზარში კონკურენციაში შესულია არა ერთი დამოუკიდებელი, კომერციული არხი. გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტიდან, ჩვენი გადასახადებით დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი შევიდეს, როგორც ერთ-ერთი მოთამაშე ამ კონკურენტულ ბაზარზე, ჩემი აზრით პრობლემურია. პირველ როგში პრობლემურია იმიტომ, რომ მედია მრავალფეროვნება არის ის სიკეთე, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, რადგან მედია ნამდვილად ასრულებს მეოთხე ხელისუფლების როლს. იგი ვერ შეასრულებს ამ როლს, თუ მას არ ექნება საარსებო რესურსი და მედია მრავალფეროვნება არ იქნება უზრუნველყოფილი. საზმაუ როგორც სიკეთე არ უნდა იყოს დაპირისპირებული მეორე ძალიან მნიშვნელოვან სიკეთესთან - მედია მრავალფეროვნებასთან. როდესაც ასეთი პრივილეგირებული მოთამაშე, რომელიც უკვე დაფინანსებულია ბიუჯეტის ფულით, თან მინდა აღვნიშნო, რომ ეს დაფინანსება იმდენად დიდია, რომ მთელ სარეკლამო ბაზრის ფაქტიურად ნახევარს წარმოადგენს, როდესაც ასეთი მოთამაშე შედის ბაზარში, ბუნებრივია, რომ კონკურენცია ზარალდება და შეიძლება შედეგად მივიღოთ მედია დივერსიფიკაციის, სიკეთის დაზარალება, რაც მიუღებელია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი ვეტოს გაიზიარებს: "კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სამწუხაროდ კანონში არ არის ადეკვატურად გაწერილი, არის შესყიდვების საკითხი. ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ არსებული კანონი შესყიდვების შესახებ უქმნის პრობლემას როგორც მაუწყებელს, ასევე სხვა უწყებებს, რომლებიც ინტელექტუალურ საკუთრებას ყიდულობენ. თუმცა, ეს კანონი აუცილებლად შესაცვლელია და ჩვენ უნდა მოვიდეთ თანხმობაში იმ კანონთან, რომელიც ევროკავშირის რეგულაციებით, 2019 წლიდან ჩვენი სამოქმედო კანონი უნდა გახდეს. ის რასაც გვთავაზობს არსებული კანონი, არის არა ჩანაცვლება ხისტი, არსებული კანონისა უკეთესი ევროპული სტანდარტით, არამედ საერთოდ გაუქმება იმ რეგულაციების, რომლებიც შექმნილია, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების გადასახადებიდან დაფინანსებული ფული იხარჯებოდეს გამჭვირვალედ. მივესალმები, რომ იყოს ნაბიჯი წინ ევროპული სტანდარტებისკენ, მაგრამ ეს არ არის აღწერილი კანონში. დღეს ჩვენ ვუბრუნებთ პარლამენტს მაუწყებლის შესახებ კანონს, ამ ორი ძირითადი მოტივირებული შენიშვნით. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი კარგად გაიაზრებს ჩვენ ვეტოს და გადაწყვეტილებას მიიღებს როგორც მედია პლურალიზმის შესანარჩუნებლად და კონკურენციის მიზნით, ასევე სახელმწიფოს სახსრების ყაირათიანი ხარჯვის მიზნით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)