|
2017-12-22 18:21:51, 1670 ნახვა
საზოგადოება
„m2 უძრავი ქონება“ ქუთაისში მცხოვრებ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს დაეხმარება
კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ ქუთაისის მერიასთან ერთად კომპანიის მორიგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის შესახებ განაცხადა. m2 ქუთაისში მცხოვრები აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო კურსს დააფინანსებს. „m2 უძრავი ქონებისა“ და ქუთაისის მერიის თანამშრომლობის შედეგად სრულად დაფინანსდება აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 40 ბენეფიციარის სარეაბილიტაციო კურსი ერთი წლის განმავლობაში. სოციალური პროექტის ბიუჯეტი 225 000 ლარია. მისი განხორციელებისთვის ქუთაისის ბიუჯეტში 125 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო „m2 უძრავი ქონება“ პროექტს 100 000 ლარით დააფინანსებს. აღნიშნული ინიციატივა აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლებს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, კომპანია m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა დღეს გამართულ შეხვედრაზე გააცნეს. „ჩვენი კომპანიის მიზანი ადამიანებისთვის ჯანსაღი და კომფორტული გარემოს შექმნაა. ამ მიზანს მივყვებით როგორც ჩვენ მიერ აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსებში, ასევე მათ გარეთ. m2 ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ყველა იმ ადგილის განვითარებაში, სადაც მშენებლობას იწყებს. ჩვენ გვსურს, რომ ადამიანებმა უკეთესად იცხოვრონ ჩვენს შენობებშიც და მათ მიღმაც. მალე ქუთაისში სასტუმრო „რამადა ენკორის“ მშენებლობას ვიწყებთ. ეს უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო პროექტია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ქუთაისისთვისაც. საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა ხელს შეუწყობს ამ ქალაქის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარებას და ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტის საძირკვლის შენებას სწორედ კეთილი საქმით ვიწყებთ“ - განაცხადა „m2 უძრავი ქონების“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ. m2-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი მიმართულებები გარემოზე ზრუნვა, ადაპტირებული გარემოს შექმნა, განათლების მხარდაჭერა და ქალთა გაძლიერებაა. ყველა ამ მიმართულებით კომპანია მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომელთა ჯამურმა ბიუჯეტმაც 2017 წელს მილიონ ლარს მიაღწია.
(NS)
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





