|
2017-11-15 16:54:26, 4547 ნახვა
საზოგადოება
რა სტანდარტებს აკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქის პასპორტი (ინტერვიუ)
საქართველოს მოქალაქის პასპორტი პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტია, რომელიც მოქმედებს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. „ექსპრესნიუსი" საქართველოს მოქალაქის პასპორტის სტანდარტების საკითხთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს სოსო გიორგაძეს ესაუბრა:
სააგენტოს თავმჯდომარის განმატებით, საქართველო აღნიშნულ ფრანგულ კომპანიასთან პასპორტის ბლანკების დამზადების კუთხით, უკვე მრავალი წელია, თანამშრომლობს. ამ დროის განმავლობაში დოკუმენტის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა და დაიხვეწა. მაგალითად, 2016 წელს შეიცვალა დოკუმენტის ბლანკი, კერძოდ, პასპორტის ყდა გახდა უფრო თხელი, რაც საბუთის ფიზიკური გამძლეობის ერთ-ერთი წინაპირობაა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო კომპანია „ICAO“ პერიოდულად აახლებს, აუმჯობესებს იმ სტანდარტებს, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს სანდო, მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისაგან დაცული სამგზავრო დოკუმენტი. საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი სრულად აკმაყოფილებს ICAO-ს მიერ დადგენილ სტანდარტებს. - რა სტანდარტებს აკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქის პასპორტი? ბიომეტრიული მონაცემების შემცველობა არის ერთ-ერთი ის მთავარი მახასიათებელი, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანდოობა ეფუძნება. პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობაც და საქართველოს მოქალაქის პასპორტიც - ორივე ბიომეტრიული დოკუმენტია და შეიცავს მოქალაქის ბიომეტრიულ მონაცემებს. ბიომეტრიული პასპორტი შეიცავს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზეც დატანილია პასპორტის მფლობელი პირის პერსონალური მონაცემები - ბიომეტრიული ფოტოსურათი, ხელმოწერა და თითის ანაბეჭდები. პასპორტის ხარისხს რაც შეეხება, პირველ რიგში, სად იბეჭდება საქართველოს მოქალაქის პასპორტის ბლანკი? საქართველოს მოქალაქის პასპორტის ბლანკი მზადდება საფრანგეთში - დოკუმენტების დამზადების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამოცდილი კომპანიის „ობერტურ ტექნოლოჯის“ (Oberthur Technologies) მიერ. საქართველო უკვე დიდი ხანია, კომპანიასთან თანამშრომლობს ამ თვალსაზრისით, თუმცა პარალელურად მიმდინარეობს დოკუმენტის ხარისხის გაუმჯობესებაც და ამის საუკეთესო მაგალითია 2016 წელი, როდესაც შევცვალეთ პასპორტის ბლანკი, კერძოდ, უფრო თხელი გახდა ყდაში მოთავსებული ელექტრონული მატარებელი. ამან საშუალება მოგვცა მიგვეღო უფრო დრეკადი და მოქნილი დოკუმენტი, რომელიც თავის მხრივ შედგება ნიტროცელულოზით დაფარული და ლატექსით გაჟღენთილი ფურცლებისაგან. ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას მესაზღვრეები პასპორტებს არც თუ ფრთხილად ეპყრობიან და მაღალია საბუთის დაზიანების რისკი; ამდენად, მოქნილი, თხელი და მაღალი ხარისხის ყდა არის ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ დოკუმენტის ფიზიკური მახასიათებლები იყოს გამძლე. შესაბამისად, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ყდის დათხელება და მისი სტრუქტურის დახვეწა. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი არის მაღალტექნოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედებისგან საიმედოდ დაცული დოკუმენტი, რათა არ დაზიანდეს, არ წაიშალოს მასზე დატანილი წარწერები და არ დაირღვეს მთლიანობა, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია. კიდევ რომელ ქვეყნებს ამარაგებს პერსონალური დოკუმენტაციით პასპორტების მომწოდებელი ფრანგული კომპანია „ობერტურ ტექნოლოჯი“ (Oberthur Technologies) და ამზადებს თუ არა იგი პასპორტის გარდა სხვა მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტებს? ეს არის კომპანია, რომელიც სამგზავრო დოკუმენტებს უმზადებს ნიდერლანდებს ევროპაში, ჩილეს სამხრეთ ამერიკაში, აზიისა და აფრიკის არაერთ ქვეყანას. „ობერტურ ტექნოლოჯი“ (Oberthur Technologies) ათეულობით წელია ბაზარზე ოპერირებს და არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და სტაბილური კომპანია, რომელიც ამზადებს არა მხოლოდ პასპორტებს, არამედ სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს, იქნება ეს საბანკო პლასტიკური ბარათები, პირადობის მოწმობები, მართვის მოწმობები, სადაზღვევო ბარათები და ა.შ. აღნიშნული კომპანია ასევე სხვა ტიპის ტექნოლოგიური პროდუქტების მიმწოდებელია მსოფლიო ბაზარზე. სად ხდება მზა პასპორტში მოქალაქეთა საიდენტიფიკაციო მონაცემების დატანა? პასპორტის ბლანკი იბეჭდება საზღვარგარეთ, მაგრამ მისი ინდივიდუალიზაცია, ანუ პერსონალიზაცია, ბუნებრივია, საქართველოში ხდება. ელექტრონული მატარებელი, ძირითადად, ფოტოსურათსა და თითის ანაბეჭდებს შეიცავს და ამ მონაცემების დატანა ხორციელდება, საქართველოში არსებულ პერსონალიზაციის ცენტრებში. საქართველოში სულ სამი - თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის - პერსონალიზაციის ცენტრი მოქმედებს, რომლებიც აღჭურვილია ამავე კომპანიის შესაბამისი ტექნიკით და სადაც დაცულია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი. კონკრეტულად, პასპორტის ფოტოსურათიან გვერდზე რა მეთოდებით მოხდება პიროვნების მონაცემების დატანა? დოკუმენტის ამ გვერდზე დაიტანება პერსონალური მონაცემები - ფოტოსურათი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ა.შ. ამის შემდეგ ხდება მისი ლამინირება სპეციალური აპარატით. ლამინირებული ფურცელი რამდენიმე შრისგან მზადდება და შეიცავს სხვადასხვა დამცავ ნიშანს. დამცავი ნიშნები ასევე განთავსებულია პასპორტის ყველა გვერდზე, რათა მათი გაყალბება შეუძლებელი იყოს. ეს არის ის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც საქართველოს მოქალაქის პასპორტს გააჩნია. მოგვაწოდეთ მცირე ინფორმაცია ICAO-სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შესახებ. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიზანია საერთაშორისო სამოქალაქო ფრენების უსაფრთხოების დაცვის ხელშეწყობა და ამდენად, იგი აწესებს და პერიოდულად აახლებს ტექნიკურ და სამართლებრივ სტანდარტებს, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოთა მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და დოკუმენტის გაცემის პროცედურები. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ბუნებრივია, იხვეწება მათთან დაკავშირებული ყველა კომპონენტი. ჩვენ რეგულარულად ვეცნობით მსოფლიოში არსებულ სიახლეებს მაღალტექნოლოგიური დოკუმენტების დამზადების კუთხით, საიმისოდ, რათა მზად ვიყოთ ICAO-ს მხრიდან შემოთავაზებული ახალი სტანდარტებისათვის. გარდა ბიომეტრიული პასპორტისა, ჩვენს კომპეტენციაში შედის საქართველოს მოქალაქის ელექტრონული და მაღალტექნოლოგიური პირადობის მოწმობის დამზადება, რომელიც ასევე შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. პირადობის ელექტრონული მოწმობების დამზადების კუთხით ვთანამშრომლობთ გერმანულ კომპანიასთან, რომელიც შედარებით ახალია მსოფლიო ბაზარზე, თუმცა ხარისხის თვალსაზრისით, უფრო დიდი ისტორიის მქონე კომპანიებს არ ჩამოუვარდება. ამ ორგანიზაციის ტექნოლოგიითვე ხდება პირადობის მოწმობის პერსონალიზაცია. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, ჩვენ ყოველთვის ვიცავთ მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც გამორიცხავს ისეთ კომპანიასთან თანამშრომლობას, რომელიც შესაძლოა, თანამედროვე მოთხოვნებს ბოლომდე ვერ აკმაყოფილებდეს. ბატონო სოსო, როგორც ცნობილია, მოიმატა საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების მსურველთა რიცხვმა როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 2017 წლის მარტიდან შეუძლიათ, უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირში. ბუნებრივია, ამ შესაძლებლობას ისინი აქტიურად იყენებენ და ტურისტული თუ სხვა მიზნებით ხშირად სტუმრობენ ევროპის ქვეყნებს. იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქემ იმოგზაუროს უვიზოდ ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში, როგორც იცით, აუცილებელია ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტი საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი. 2017 წლის 28 მარტიდან დღემდე გაცემული ბიომეტრიული პასპორტების რაოდენობა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით გაიზარდა. თუმცა აქვე შემიძლია ვთქვა, რომ ბიომეტრიულ პასპორტებზე მოთხოვნის გაზრდა მხოლოდ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას არ უკავშირდება. საქართველოს მოქალაქეების სხვა ქვეყნებში მოგზაურობა დიდწილად დამოკიდებულია არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მოქალაქეთა შესაძლებლობებზე და ასე შემდეგ. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ციფრი მომავალშიც მზარდი იქნება, რადგან უფრო და უფრო მეტ მოქალაქეს გაუჩნდება ფინანსური შესაძლებლობა და სურვილი, იმოგზაუროს, ნახოს სხვა ქვეყნები, დაამყაროს საქმიანი კონტაქტები და ა.შ. ამის მიზეზი, გარკვეულწილად, დღეს და კიდევ უფრო მეტად სამომავლოდ - იქნება სწორედ ის ეკონომიკური პროცესები და სტაბილური ფინანსური მაჩვენებლები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია. სწორედ ამ შესაძლებლობების ზრდა იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი. საქართველომ თავისი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებით, დააკმაყოფილა ვიზალიბერალიზაციისთვის განსაზღვრული პირობები, რაც გახდა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო გადაადგილების უფლების მინიჭების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი საფუძველი. რაც შეეხება პასპორტს, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს საქართველოს მოქალაქეებისთვის, არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ სხვა ქვეყნებში სამგზავროდ, ის უკვე არის ბიომეტრიული დოკუმენტი. დოკუმენტების უსაფრთხოება და სათანადო პროცედურების დახვეწა იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. შესაბამისად, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მათ შორის, სამგზავრო და არა მხოლოდ სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოების ნაწილშიც. ის ფაქტი, რომ საქართველო გასცემს სანდო და გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცულ დოკუმენტებს აღიარებულია ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებისათვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი იყო, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მათ სივრცეში უვიზოდ გაემგზავრებოდნენ, უნდა ჰქონოდათ მაქსიმალურად სანდო და გაყალბებისგან დაცული დოკუმენტები. რამდენ ქვეყანაშია შესაძლებელი ქართული პასპორტით უვიზოდ გადაადგილება? ქართული პასპორტით უვიზოდ მიმოსვლა 106 ქვეყანაშია შესაძლებელი. ევროკავშირის გარდა, საქართველოს მოქალაქეები ბევრ სხვა ქვეყანაში მგზავრობენ ვიზის გარეშე. უვიზო მიმოსვლა არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს სხვა კონტინენტებზეც შეგვიძლია.
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული სანდო დოკუმენტია. პასპორტის ბლანკები მზადდება საფრანგეთში, კომპანია - „ობერტურ ტექნოლოჯის“ (Oberthur Technologies) მიერ, ხოლო საბუთის პერსონალიზაცია, ანუ მასზე მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემების დატანა, საქართველოში ხორციელდება.



epn.ge (@expressnews.ge)