|
2017-11-03 15:03:46, 1629 ნახვა
კომენტარი
გიორგი მღებრიშვილი: მზად ვართ, კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული კონტრიბუცია ნატო-ს საზღვაო ოპერაციებში
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილეს, ვიცე-ადმირალ ერვი ბლეჟონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის საზღვაო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მონაწილეობა ნატო-ს ოპერაცია „ზღვის მცველში“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვასა და მის მიმდებარე საზღვაო სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „საქართველოს, როგორც ნატო-ს საიმედო პარტნიორს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შავი ზღვის აუზის რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული კონტრიბუცია ნატო-ს საზღვაო ოპერაციებში, რაც, ცხადია, გააძლიერებს საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობებს და აამაღლებს ჩვენს ურთიერთთავსებადობას ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებთან. ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ალიანსის წევრი სახელმწიფოების 4 ხომალდს. დამერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის პორტები მოკავშირეებისთვის მუდმივად ღია და უსაფრთხოა,“ - განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილესთან შეხვედრაზე. თავის მხრივ, ვიცე-ადმირალმა ქართულ მხარეს ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს ღირებული და მნიშვნელოვანი პარტნიორია. ერვი ბლეჟონის თქმით, ალიანსს შავ ზღვაზე სამი წევრი და ერთი გამორჩეული პარტნიორი ჰყავს, საქართველოს სახით. ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს შს სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს. გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრაზე ვიცე-ადმირალმა ხაზი გაუსვა, რომ თანამშრომლობა ნატოს-ს საზღვაო ძალებსა და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს შორის დინამიურად ვითარდება და 2018 წლისთვის კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. ვიცე-ადმირალმა, ასევე, დადებითად შეაფასა საქართველოს შსს-ს მეკავშირე ოფიცრის საქმიანობა ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობაში. შეხვედრის დასასრულს, ერვი ბლეჟონმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირა ნატო-ს ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.
(NS)
28 ნოემბრის მარშის ორგანიზატორებმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდეს, მასობრივი საპროტესტო აქციების წლისთავზე გამართულ აქციაზე დასწრებისკენ
სარჯველაძე სუროგაციაზე: რისკების დაზღვევას რთულია, ამიტომ აკრძალვა სჯობს რეგულაცია
რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით AI გენერირებული ვიდეოები ვრცელდება - მითების დეტექტორი
„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





