|
2017-10-18 11:50:11, 873 ნახვა
„გამჭვირვალობა“: ჟურნალისტებს ჰქონდათ სრული უფლება, ე.წ. ციანიდის საქმეზე მოპოვებული მასალა გაესაჯაროებინათ
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" კიდევ ერთხელ ეხმიანება "ციანიდის" საქმესთან დაკავშირებით დახურული სასამართლო სხდომის მასალების გასაჯაროების შემდეგ ჟურნალისტების შესაძლო პასუხისმგებლობის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს. „გამჭვირვალობაში“ აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტებს ჰქონდათ სრული უფლება მოპოვებული მასალა გაესაჯაროებინათ, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული მასალა დახურული სასამართლო სხდომის ჩანაწერს წარმოადგენს. მათივე ცნობით, კანონმდებლობის თანახმად, ჟურნალისტი არ არის ასევე ვალდებული იყოს მოწმე, გათქვას ინფორმაციის წყარო და მისცეს ჩვენება პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს წინამდებარე საქმის გარემოებებზე, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისაგან, რომელიც ზღუდავს მედიის ლეგიტიმურ საქმიანობას. „"ციანიდის" საქმის მასალების გასაჯაროების გამო ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საკითხი პირველმა საპროკურორო საბჭოს წევრმა ქალბატონმა ირმა ჭკადუამ დააყენა,რომელიც ციანიდის საქმეში მოწმეა და გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებშიც ფიგურირებს: "ჟურნალისტი იქნება, ადვოკატი, კაპიტანი თუ მოსამართლე, ვინც საჯაროდ გამოიტანს ამ ინფორმაციას, პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით. გამოძიება უნდა დაიწყოს და ყველა იმ ადამიანმა უნდა აგოს პასუხი, რომელმაც იცოდა და ავრცელებდა დახურული სასამართლოს სხდომის ოქმს",- განაცხადა ირმა ჭკადუამ. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელიც ასევე ნახსენებია ჩანაწერში, მედიის მიერ დახურული სხდომის დამატებითი მასალების გამოქვეყნებას ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა და ჟურნალისტების ქმედებას კანონდარღვევა უწოდა: "უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების გასაჯაროებაც, გავრცელებაც - კანონით აკრძალულია და არ წერია სისხლის სამართლის კოდექსში რომ გამონაკლისი უფლება აქვს ტელევიზიას, ჟურნალისტს" (სრული განცხადება). სამწუხაროდ, მსგავსი განცხადება პირველი არ არის, რასაც ადრეც მოყვა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა. საქართველოს საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება მედიის მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებული ჩანაწერის შესახებ, რომელშიც უარყო საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და ჩანაწერში მოხსენიებული პირების მხრიდან რაიმე კანონდარღვევა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს არაობიექტურობასა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დარღვევაში დასდო ბრალი. მედიის წარმომადგენლები უფლებამოსილი არიან განახორციელონ კონტროლი ხელისუფლების საქმიანობაზე და მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდონ ქვეყანაში არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საკითხების შესახებ. "ციანიდის" საქმის მიმართ, რომლის სასამართლო სხდომის დახურვამ კრიტიკა დაიმსახურა, მომეტებული საჯარო ინტერესი არსებობს. მედიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს გარკვეული წვლილი შეაქვს საზოგადოებაში ამ თემაზე არსებულ დისკუსიაში, შეიცავს რა ისინი მნიშვნელოვანი მოწმეების ჩვენებებს, რომლებიც უშუალოდ "ციანიდის" საქმეში ფიგურირებდნენ. შესაბამისად, ჟურნალისტებს ჰქონდათ სრული უფლება მოპოვებული მასალა გაესაჯაროებინათ, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული მასალა დახურული სასამართლო სხდომის ჩანაწერს წარმოადგენს. კანონმდებლობის თანახმად, ჟურნალისტი არ არის ასევე ვალდებული იყოს მოწმე, გათქვას ინფორმაციის წყარო და მისცეს ჩვენება პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს წინამდებარე საქმის გარემოებებზე, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისაგან, რომელიც ზღუდავს მედიის ლეგიტიმურ საქმიანობას. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" კვლავ მიმართავს საქართველოს პროკურატურას იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობისა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად და არ დაიბაროს ჟურნალისტები დაკითხვაზე მედიაში გავრცელებული ჩანაწერების გამო. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმის თაობაზე ჩანაწერების გავრცელების ან წყაროს გაუთქმელობის გამო, მედიის წარმომადგენელთა არათუ პასუხისგებაში მიცემა, არამედ შესაძლო დაკითხვაზე დაბარებაც კი სამომავლოდ ნეგატიურად იმოქმედებს მედიის მიერ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ამბების გაშუქებაზე“,-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)