|
2017-05-05 12:15:41, 1881 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად, საქართველოსთვის 32 მლნ ევროს გამოყოფს
თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეწვია და შეხვედრა გამართა პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტები და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, რისი ნათელი დადასტურებაც, მხარეთა შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება გახდა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა იოჰანეს ჰანს ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის. პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარს გააცნო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის საქართველოს მოლოდინები და იმედი გამოთქვა, რომ სამიტი ხელს შეუწყობს ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივებს, რომლის მიზანიც არის ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა და კონკურენტუნარიანი ბიზნეს-გარემო, რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარება, პროფესიული კადრების ზრდაზე ორიენტირებული განათლების სისტემა, ანგარიშვალდებული მმართველობა. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების უდიდეს მნიშვნელობაზე. პრემიერმა და ევროკომისარმა განიხილეს საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის გახსნის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ ევროპული სკოლა მომავალი წლის სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და ახალგაზრდებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის განათლებას. მხარეებმა ასევ განიხილეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში "სტარტაპ საქართველოს" როლი და ამ მიმართულებით ევროკავშირის დახმარების გაძლიერების შესაძლებლობები. შეხვედრაზე ევროკომისარმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მზაობას, დაეხმაროს საქართველოს ახალი ინიციატივების განხორციელებაში. გაფართოებული ფორმატის შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაიმართა ხელმოწერის ცერემონია. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ხელი მოაწერეს საფინანსო შეთანხმებას- "ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი" (Technical Cooperation Facility – TCF). შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირი გამოყოფს 32 მილიონ ევროს ოდენობის დახმარებას ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად. შეთანხმების მიზანი საქართველოს სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციური გაძლიერება და ზოგადად ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაა.
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)