|
2017-03-13 15:32:50, 1926 ნახვა
კომენტარი
ერმაკოვი: ბათუმს აქციის შედეგად 150 ათას ლარზე მეტი ზარალი მიადგა
მიმდინარე წლის 11 მარტს, ბათუმში მოსახლეობის მიერ სპონტანურად ორგანიზებული საპროტესტო აქციის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. თუმცა, ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ზარალის ასანაზღაურებლად საშუალოდ 150 000 ლარია გამოყოფილი. მისივე თქმით, აღდგენითი სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს. "განადგურებულია 7 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, აქედან ორი კერძო პირების საკუთრებაა, ერთი აჭარის უმაღლესი საბჭოს, დანარჩენი კი შსს-ს ეკუთვნის. დაზიანებულია ნაგვის 7 კონტეინერი, 25-მდე ე.წ. ჭკვიანი შუქნიშანი, რომელთა აღდგენისთვის, მერის ინფორმაციით, მერიას 120 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული",-აღნიშნა ერმაკოვმა. შეგახსენებთ, 11 მარტს, პროტესტის ნიშნად ბათუმში მოქალაქეების ნაწილმა ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა გადაკეტა. პროტესტის მიზეზი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ, მოქალაქის დაჯარიმება გახდა. აქციის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ საპატრულო პოლიცია ჯარიმებს უსაფუძვლოდ უწერს, რაც მათ მძიმე ეკონომიკურ ტვირთად აწვებათ. შეკრების მონაწილეების მხრიდან ისმოდა უკმაყოფილება ბათუმში პოლიციის სამმართველოს უფროსად ახალდანიშნული კახა ბუხრაძის მიერ საპოლიციო ღონისძიებების გამკაცრებით, ქალაქში „ახალი წესრიგის” დამყარების, სიღარიბის ფონზე მაღალი ჯარიმების გამოყენებით მოსახლეობისთვის ეკონომიკური ტვირთების დამძიმების, აჭარაში მაღალ თანამდებობებზე არაადგილობრივი პირების დანიშვნის თაობაზე. აქციის მიმდინარეობის დროს, პოლიციამ გზის გახსნა სცადა და რამდენიმე პირიც დააკავა, რაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. საღამოს აქციამ პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც შეკრების მონაწილეები დაკავებული პირების გათავისუფლებასა და საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან მოხსნას ითხოვდნენ. შემდგომ აქციის მონაწილეების ნაწილმა აჭარის პოლიციის სამმართველოში შეჭრა სცადა. ღამის საათებში, აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო - აქციის მონაწილეები არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცავების მოთხოვნებს და გადავიდნენ ვანდალური ქმედებების განხორციელებაზე. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და დაწვეს ავტომობილები, იწვოდა ხეები და ნაგებობებიც. დაპირისპირების დროს დაშავდნენ აქციის მონაწილეები და პოლიციელები. აღსანიშნავია, რომ შეკრების ადგილზე იმყოფებოდნენ და რადიკალურ ულტიმატუმებს აჟღერებდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები. გამთენიისას, ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე ადამიანების ძირითადი ნაწილი, 40 პირი პოლიციამ დააკავა.
ტრამპსა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა Patriot-ის წარმოების ლიცენზია უკრაინას გადაეცეს
აშშ-ის სანქციების გამო, თურქეთმა ირანთან საავიაციო და საბანკო ურთიერთობების გაწყვეტა დაიწყო
ევროკავშირმა, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ზეწოლის ქვეშ, უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)