|
2016-10-18 14:58:36, 1615 ნახვა
ეკონომიკა
სავალუტო ჯიხურებს ვალუტის კურსზე მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება სებ-ის მიერ დადგენილი ფორმით მოუწევთ
სავალუტო ჯიხურებს ვალუტის გაცვლის კურსისა და საკომისიოს თაობაზე მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით მოუწევთ, - ამის შესახებ სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ბოლო პერიოდში, ზოგიერთი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მხრიდან გაცვლითი კურსების მაჩვენებლებით მანიპულირების გზით მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის ფაქტები გახშირდა. „ასეთი ფაქტების აღკვეთისა და მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში" მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, განისაზღვრა საყურადღებო კურსის ცნება და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულება მომხმარებლისათვის კურსისა და საკომისიოს თაობაზე ინფორმაციის მიწოდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით. ცვლილების მიხედვით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსის, მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის (ასეთების არსებობის შემთხვევაში) შესახებ. საყურადღებო კურსი - ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ განსაზღვრული კურსია, რა დროსაც ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა 3%-ს აღემატება. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის შესახებ კლიენტისათვის თვალსაჩინო ადგილას (სალაროსთან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დაფაზე) განთავსება, ყიდვა-გაყიდვის კურსის ამსახველი ანალოგიური შრიფტის ზომით. აღნიშნული წესის მიხედვით, ვალუტის ყიდვისა და ვალუტის გაყიდვის კურსების ამსახველი დაფა უნდა გაფორმდეს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და თანმიმდევრობის დაცვით. წესში დაზუსტდა ქვითრის გაფორმების საკითხები. ამიერიდან, პუნქტი ვალდებული იქნება მომხმარებელს ხელი მოაწერინოს ვალუტის გადაცვლის ოპერაციის ქვითარზე, რაც მომხმარებელს დამატებით საშუალებას მისცემს კიდევ ერთხელ გაეცნოს მის მიერ განხორციელებული გადაცვლის ოპერაციის პირობებს. აღსანიშნავია, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მხრიდან მომხმარებელთა ინფორმირების ვალდებულების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, პუნქტის მფლობელს რეგისტრაციის გაუქმებიდან შემდეგი 2 წლის განმავლობაში არ ექნება უფლება ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს. ამასთანავე, ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნული პირი არ იქნება უფლებამოსილი იყოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის პარტნიორი/აქციონერი, მართველობითი ორგანოს წევრი ან/და დირექტორი. ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ ინფორმაცია როგორც გაცვლითი კურსის, ისე მომსახურების საკომისიოს შესახებ. თუ თვლით, რომ თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები დაირღვა ვალუტის გადაცვლის პროცესში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე 2 406 406 ან მოგვწეროთ cp@nbg.gov.ge“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)