|
2016-06-23 13:18:19, 621 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და არგენტინის იუსტიციის მინისტრები მჭიდრო თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ
თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში არგენტინაში, ბუენოს აირესში, არგენტინელ კოლეგა ხერმან გარავანოს შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოსა და არგენტინის იუსტიციის სამინისტროების პირველი პირები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს და უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ. უწყების ინფორმაციით, არგენტინის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრმა ქართველი კოლეგა სამინისტროში მიიღო და განაცხადა, რომ იუსტიციის სფეროში საქართველოს პროგრესით პოზიტიურად გაოცებულია და ამ გამოცდილების გაზიარება სურს. „არგენტინას ახალი მთავრობა ჰყავს და იუსტიციის სამინისტროც მთავრობასთან ერთად ცდილობს, ახალი, პროგრესული პროცესის დაწყებას ყველა მიმართულებით. სამართლებრივი რეფორმები, მათ შორის, სისხლის სამართლის სფეროში თქვენ მიერ გატარებული რეფორმები, ასევე, სერვისების მიწოდება იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით ძალიან შთამბეჭდავია ჩვენთვის. მოგიწვიეთ, რათა თანამშრომლობის ფორმატზე შევთანხმდეთ და საქართველოს, როგორც იუსტიციის სფეროში წარმატებული მოდელის, გამოცდილება გავიზიაროთ“, − აღნიშნა ხერმან გარავანომ. თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოსა და არგენტინის იუსტიციის მინისტრებს არასდროს ჰქონიათ ორმხრივი შეხვედრა და გამოთქვა იმედი, რომ ის სამაგალითო პარტნიორობა, რაც ორ ქვეყანას შორისაა, იუსტიციის სფეროშიც აისახება. „მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო არგენტინის მთავრობას იმისათვის, რომ ყველა ფორუმზე მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს 20 პროცენტი ისევ ოკუპირებულია, თუმცა, ჩვენ ამ პირობებშიც ვცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებასა და განვითარებას. ვქმნით კანონებს ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის და ცხადია, ვაშენებთ ინფრასტრუქტურას, ეს კი ერთიანობაში ქვეყნის წინსვლის გარანტიაა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. მინისტრის თქმით, საქართველოში მიმდინარეობს სასამართლოს რეფორმა; განხორციელდა. პროკურატურის რეფორმა, რომლის შედეგადაც იუსტიციის მინისტრი აღარ არის გენერალური პროკურორი; განხორციელდა სისხლის საპროცესო და მატერიალური კოდექსის რეფორმა; მომზადდა და ძალაში შევიდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, მიმდინარეობს მუშაობა ქუჩაში ბავშვთა უფლებების დაცვისთვის. მინისტრმა არგენტინელი კოლეგა საპასუხო ვიზიტით მოიწვია საქართველოში, რათა უწყებებს შორის თანამშრომლობა ოფიციალურად გაფორმდეს. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ საქართველო თავის გამოცდილებას გაუზიარებს არგენტინას სისხლის სამართლის კოდექსის, სერვისების მიწოდების, ანტიკორუფციული საქმიანობის, ღია მმართველობის შესახებ; საქართველო კი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პროგრამებით და, ასევე, ელექტრონული არჩევნების მოდელით დაინტერესდება, რომელიც არგენტინის დედაქალაქში გასულ წელს პირველად ჩატარდა. ამ და სხვა თემებზე თანამშრომლობის მემორანდუმი მომზადდება, მოგვიანებით კი სამინისტროები თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებენ. დღესვე იუსტიციის სამინისტროში მინისტრმა ექსპერტებს სამართლის სფეროში განხორციელებული რეფორმების, ღია მმართველობაში მიღწეული წარმატების და საჯარო სერვისების გაცემის თაობაზე ქართული გამოცდილების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)