17:09 - 26 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-26 16:58:04, 216 ნახვა

ეკონომიკა
მეწარმეებს კილოგრამი ტანსაცმლის განბაჟების გაფორმება 3 ლარი დაუჯდებათ - დადგენილება

25 ნოემბრიდან ძალაში შევიდა ცვლილება შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურების შესახებ 2010 წლის დადგენილებაში.

ცვლილებით განისაზღვრა ახალი, წონის მიხედვით გამოსათვლელი მომსახურების საფასური.

ახალი წესის მიხედვით, საქონლის იმპორტისას – თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას – განისაზღვრა საფასური: ყოველ ერთ კილოგრამზე 3 ლარი.

ეს საფასური დაემატა შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურების ჩამონათვალს და ვრცელდება სეს ესნ-ის 61–65 სასაქონლო ჯგუფებში კლასიფიცირებულ საქონელზე, მათ შორისაა:

 მაისურები, პერანგები, შარვლები, ჯინსები, კაბები, ქვედაბოლოები, ქურთუკები, პიჯაკები, კოსტიუმები, სვიტერები, სპორტული ტანსაცმელი, საცვლები, წინდები და ბავშვის ტანსაცმელი.

ასევე, ახალი ტარიფი შეეხება 63-ე ჯგუფში შემავალ სხვა მზა ტექსტილის ნაწარმს, 64-ე ჯგუფის ფეხსაცმელსა და მის ნაწილებს, ხოლო 65-ე ჯგუფში კლასიფიცირებულ თავსაბურავებსა და მათ ნაწილებს.

რა კატეგორიის საქონელზე ვრცელდება ახალი ტარიფი:

სასაქონლო ჯგუფი საქონლის კატეგორია პროდუქციის მაგალითები
61 ტრიკოტაჟის ტანსაცმელი და აქსესუარები მაისურები, სვიტერები, წინდები, საცვლები, ტრიკოტაჟის კაბები და შარვლები
62 არატრიკოტაჟის ტანსაცმელი და აქსესუარები ჯინსები, პერანგები, კოსტიუმები, პიჯაკები, კაბები, ქურთუკები
63 სხვა მზა ტექსტილის ნაწარმი ტექსტილის მზა ნაწარმის სხვადასხვა კატეგორია
64 ფეხსაცმელი და მისი ნაწილები სპორტული, ყოველდღიური და სხვა ტიპის ფეხსაცმელი
65 თავსაბურავები და მათი ნაწილები ქუდები, კეპები და სხვა თავსაბურავები

ახალი საფასური დამოკიდებული იქნება იმპორტირებული საქონლის წონაზე და არა მის საბაჟო ღირებულებაზე. შესაბამისად, ერთი და იმავე წონის საქონლის იმპორტზე მომსახურების საფასური თანაბარი იქნება, მიუხედავად იმისა, რა ფასად არის შეძენილი პროდუქცია.

მთავრობის დადგენილებით, ახალი ტარიფი შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურების ჩამონათვალს დაემატა. ამასთან, ის არ ანაცვლებს იმპორტის გადასახადსა და დღგ-ს. ახალი წესი მოქმედებს შესაბამისი არსებული საბაჟო მომსახურების საფასურის ნაცვლად იმ შემთხვევაში, თუ წონის მიხედვით დაანგარიშებული თანხა ძველ ტარიფს აღემატება. ასეთ შემთხვევაში იმპორტიორი ახალ საფასურს გადაიხდის, ხოლო შესაბამისი ძველი მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდება.

ცვლილებამდე საბაჟო გაფორმების მომსახურებისთვის იმპორტიორს, შესაბამის შემთხვევებში, ფიქსირებული 500 ლარის გადახდა უწევდა. ახალი წესით კი ეს თანხა ცვლადი ხდება და იმპორტირებული საქონლის წონის მიხედვით გამოითვლება. მაგალითად, 500 კილოგრამი საქონლის გაფორმების საფასური 1 500 ლარი იქნება, ერთი ტონის შემთხვევაში კი 3 000 ლარს მიაღწევს. შესაბამისად, რაც უფრო დიდია იმპორტირებული პარტია, მით უფრო მაღალია საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასურიც.

დადგენილებით გათვალისწინებულია რამდენიმე გამონაკლისიც. ახალი საფასური არ გავრცელდება 6309 სასაქონლო პოზიციით კლასიფიცირებულ მეორად ტანსაცმელსა და შესაბამის ნახმარ ნაწარმზე, ასევე 6310 კოდით კლასიფიცირებულ ტექსტილის ნარჩენებზე.

გათავისუფლება შეეხება ევროკავშირის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციისა და გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი სავაჭრო შეთანხმებებით გათვალისწინებული შეღავათიანი წარმოშობის საქონელსაც, იმ შემთხვევაში, თუ დეკლარირებისას წარდგენილი იქნება წარმოშობის დამადასტურებელი EUR.1 სერტიფიკატი ან წარმოშობის დეკლარაცია. გამონაკლისია ასევე საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის გამოყენებით გაფორმებული საქონელი.

ამასთან, ევროკავშირის ქვეყნიდან საქონლის იმპორტი თავისთავად არ ნიშნავს ახალი საფასურისგან გათავისუფლებას. გადამწყვეტია არა საქონლის გამოგზავნის ქვეყანა, არამედ მისი შეღავათიანი წარმოშობა და შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობა. დადგენილებით გათვალისწინებულ გამონაკლისებში არ შედის თურქეთი და ჩინეთი, მიუხედავად იმისა, რომ მათთან საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული.

ახალი რეგულაცია დამატებით ხარჯს წარმოშობს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის იმპორტით დაკავებული კომპანიებისთვის. ფინანსური გავლენის მასშტაბი დამოკიდებული იქნება იმპორტირებული პროდუქციის წონაზე, საქონლის წარმოშობასა და იმ საბაჟო მომსახურების საფასურზე, რომელსაც კომპანია აქამდე იხდიდა.

წონაზე მიბმული ტარიფის პირობებში, საბაჟო გაფორმების ხარჯი პროდუქციის საბაზრო ღირებულებისგან დამოუკიდებლად განისაზღვრება. შესაბამისად, ერთი და იმავე წონის ძვირადღირებული და შედარებით იაფი პროდუქციის იმპორტზე მომსახურების საფასური თანაბარი იქნება. ეს გარემოება განსხვავებულ გავლენას შეიძლება ახდენდეს სხვადასხვა საფასო სეგმენტში მოქმედ კომპანიებზე.

გაზრდილი ხარჯი იმპორტიორებისთვის პროდუქციის თვითღირებულების ერთ-ერთი კომპონენტი გახდება. თუმცა, აისახება თუ არა ის საბოლოო საცალო ფასებზე, დამოკიდებული იქნება კომპანიების მარჟებზე, საოპერაციო ხარჯებსა და ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოზე. შესაბამისად, ახალი რეგულაციის ამოქმედება ავტომატურად არ ნიშნავს მომხმარებლებისთვის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გაძვირებას.

ცვლილება საქართველოს მთავრობის №535 დადგენილებით შევიდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ისარგებლე Amex-ის Black Friday შეთავაზებებით - მიიღე მეტი MR ქულა და ფასდაკლებები
ორგანიზაციები: „ახალის“ წარმომადგენლებისთვის კითხვის დასმის უფლების ჩამორთმევა დაარღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას
მეწარმეებს კილოგრამი ტანსაცმლის განბაჟების გაფორმება 3 ლარი დაუჯდებათ - დადგენილება
კობახიძეს მიაჩნია, რომ "დიპ სტეიტს" რუსეთშიც შეიძლება მოსყიდული ჰყავდეს საშუალო რგოლი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics