|
2026-11-18 13:39:59, 589 ნახვა
Wildberries-ის საქართველოში გაფართოება ქვეყნისთვის სანქციურ, ფინანსურ, რეპუტაციულ და უსაფრთხოების რისკებს ქმნის
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ანგარიშის მიხედვით, რუსული სავაჭრო პლატფორმა Wildberries-ის საქართველოში გაფართოება ქვეყნისთვის სანქციურ, ფინანსურ, რეპუტაციულ და უსაფრთხოების რისკებს ქმნის. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობა სცდება ონლაინვაჭრობის ფარგლებს და შესაძლოა, საქართველო სანქცირებული რუსული ბიზნესის ლოჯისტიკური და ფინანსური გადარჩენის ქსელის ნაწილად აქციოს. Wildberries-ი ონლაინ ვაჭრობის პლატფორმაა, რომელსაც „რუსულ ამაზონსაც“ უწოდებენ. ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირმა Wildberries-ის მფლობელი ტატიანა კიმი დაასანქცირა - ბრიუსელის შეფასებით, კომპანია რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გადასახადის გადამხდელია და რუს სამხედროებს აღჭურვილობის შეძენას უადვილებს. საქართველოში კი Wildberriesის ოპერატორი გაფართოებას აგრძელებს - ქალაქ რუსთავთან სახელმწიფოსგან 19 ჰექტარზე მეტი მიწა შეიძინა, სოფელ გამარჯვებაში საწყობი იჯარით აიღო და თბილისში ტაქსის სერვისის გაშვებისთვის ემზადება. ქართული ოპერატორის „ტრანსკომ გრუპის“ თავდაპირველი მფლობელი ბანკ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლაშა მეგრელიძე გახლდათ. 2024 წლიდან კომპანიის დირექტორი და 100% იანი წილის მფლობელია „ქართული ოცნების“ შემომწირველი და ამავე პარტიის დეპუტატის გიორგი ბარვენაშვილს ბიზნესპარტნიორი სერგი თვალჭრელიძე
ანგარიშის თანახმად 2022 წლის 26 ივლისს საქართველოში დარეგისტრირდა შპს „ტრანსკომ გრუპი“, რომელიც მოგვიანებით Wildberries-ის ადგილობრივი ოპერატორი გახდა. პლატფორმამ გაყიდვები 2024 წლის 22 ოქტომბერს ფრანშიზის მოდელით დაიწყო. პირველ ეტაპზე მომხმარებლებს დაახლოებით რვა მილიონი დასახელების პროდუქტი შესთავაზეს. შეკვეთები თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ პუნქტში გაიცემოდა. შემდეგ გაცემის ქსელი თბილისს გასცდა და პლატფორმაზე გაყიდვის შესაძლებლობა ქართველ მეწარმეებსაც მიეცათ. შეკვეთის გაცემის პუნქტი მომხმარებელს უკვე გამზადებულ ამანათს გადასცემს, საწყობი კი გამყიდველებისგან საქონლის მიღებას, მარაგის შენახვასა და შეკვეთების განაწილებას ემსახურება. ქართულ პორტალზე გამყიდველებისთვის გამოქვეყნებული პირობები საქონლის მიღების, შენახვის, დახარისხებისა და მიწოდების მოდელებსაც მოიცავს. ოთხი მიწის ნაკვეთი რუსთავთან კვლევისთვის თავმოყრილი სარეგისტრაციო მონაცემებით, 2026 წლის იანვარში „ტრანსკომ გრუპმა“ ოთხი ნაკვეთი პრივატიზაციის გზით, უშუალოდ სახელმწიფოსგან შეიძინა. ოთხივე თბილისი–წითელი ხიდის საერთაშორისო გზის (ს-4) მე-17 კილომეტრის მიმდებარედ, ერთ უბანშია თავმოყრილი. ს-4 აზერბაიჯანის საზღვრამდე მიდის. გზასა და საბაჟო ინფრასტრუქტურასთან მდებარეობა ამ ტერიტორიას ლოგისტიკისთვის ხელსაყრელს ხდის. ნაკვეთების საზღვრების უწყვეტობა და კონკრეტულ საბაჟო ობიექტამდე მანძილი საკადასტრო რუკით ცალკე დასადასტურებელია. [4, 13, 14] კვლევაში თავმოყრილი ჩანაწერების მიხედვით, ნაკვეთის საკადასტრო კოდით 02.08.01.039 ფართობია 23 417 მ², კოდით 02.08.01.050 — 68 930 მ², კოდით 02.08.01.122 — 4 33 322 მ², ხოლო კოდით 02.08.01.051 — 66 852 მ². ოთხივე ნაკვეთის საერთო ფართობი 192 521 მ²-ს, ანუ 19.25 ჰექტარს შეადგენს. [4, 14] ოთხი ნაკვეთის ერთ უბანში თავმოყრა და ოპერატორის უკვე დოკუმენტირებული სასაწყობე საქმიანობა საფუძველს ქმნის ვარაუდისთვის, რომ მიწა საწყობის ან ლოგისტიკური კომპლექსისთვისაა გამიზნული. პროექტის დანიშნულება, შენობების ფართობი და მშენებლობის ვადები საჯარო მასალებით ჯერ ვერ დგინდება. [4, 15] საწყობი სოფელ გამარჯვებაში 2026 წლის 28 ოქტომბერს „ტრანსკომ გრუპმა“ გამოაცხადა ტენდერი №69843 სასაწყობე ობიექტში მობილური კავშირის სიგნალის გასაუმჯობესებლად. ტექნიკურ აღწერაში მითითებულია სოფელი გამარჯვება, საკადასტრო კოდი 81.07.04.1006 და დაახლოებით 13 000 მ² ფართობის სასაწყობე ობიექტი. იჯარის ჩანაწერში შენობის ფართობი 12 816.8 მ²-ია, იჯარის დასრულების თარიღი კი 2028 წლის 19 ივნისი. ტენდერის საჯარო ჩანაწერში მონაწილეთა რაოდენობა ნულია. დოკუმენტები ადგენს, რომელ შენობას ასახელებს ქართული ოპერატორი საწყობად და რა სამუშაოს შესრულებას გეგმავდა. [4, 15] „ტრანსკომ გრუპმა“ გარდაბანში მეორე საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. კვლევისთვის მოწოდებული ჩანაწერის მიხედვით, ხელშეკრულება 2025 წლის 16 მაისს ორი წლის ვადით დაიდო და ეხება უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით 81.07.04.700. ამ ფართობების გარდა, თუ რუსთავთან ლოგისტიკური ცენტრი მოეწყობა, ჯგუფს რუსეთის ფარგლებს გარეთ საქონლის მიღების, შენახვისა და განაწილების დამატებითი გაცილებით დიდი შესაძლებლობა ექნება. შეძლებს თუ არა ის რუსეთში დაზიანებული საწყობების ზოგიერთი ფუნქციის გადაბარებას, დამოკიდებულია კომპლექსის სიმძლავრეზე, მომსახურების ბაზრებსა და ტვირთის მოძრაობის მიმართულებებზე.
აქუბარდია - გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული ნარატივის შემცველი კითხვა დასვეს
ყიფშიძის ქუჩაზე პირი მეორე პირს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ ცივი იარაღით მოკლა, ბრალდებულიც დაჭრილია
ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოში ისმჯელა დათანხმდებოდნენ თუ არა ევროკავშირში ან ნატოში ინტეგრაციას აფხაზეთზე უარის თქმის სანაცვლოდ
მოემზადე Black Friday-სთვის - აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მრავალფეროვანი შეთავაზებები
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



