20:28 - 16 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-16 18:00:06, 355 ნახვა

სამართალი
მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

მეტროს ვაგონების ნაწილების ხელოვნურად გაძვირებული იმპორტი, ყალბი დოკუმენტები და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის“ სამმაგ ფასად მიწოდებული დეტალები - პროკურატურა აცხადებს, რომ ამ სქემით ოთხი პირი სახელმწიფოს კუთვნილ 41 მილიონ ლარზე მეტს დაეუფლა.

საქმე ეხება 2017–2024 წლებში მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციისა და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვისთვის გამოცხადებულ 27 ტენდერს. მათი საერთო ღირებულება 145,4 მილიონი ლარი იყო. გამოძიების ვერსიით, ამ თანხიდან ბრალდებულებმა 41,1 მილიონი ლარი მიითვისეს - მთლიანი თანხის დაახლოებით 28%.

დაკავებულები არიან სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორი გელა ძიძიკაშვილი, ამავე კომპანიის ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, საწარმოს წილის ერთ-ერთ რეალურ მფლობელად დასახელებული პაატა სვანიძე და კომპანიების „საჩინოსა“ და „ინტრანსის“ დირექტორი რუსლან დემუროვი.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს კომპანია „საჩინო“, რომლის სახელითაც მეტროს ვაგონების ნაწილები საქართველოში ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტებით შემოჰქონდათ. გადაზიდვას კომპანია „ინტრანსი“ უზრუნველყოფდა.

შემდეგ, გამოძიების თანახმად, „საჩინოდან“ იმპორტირებულ საქონელს ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ სამმაგ ფასად აწვდიდნენ.

ოთხივე პირს ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის მითვისება, ასევე ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება და გამოყენება. პროკურატურის ცნობით, წარდგენილი ბრალდებები 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი - 2 მილიონი ლარის გირაო. უწყება არ აკონკრეტებს, რომელ ბრალდებულს შეუფარდეს გირაო.

გამოძიება თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. პროკურატურას მანამდე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული ჰქონდა, რომ საქმის ფარგლებში 3 თებერვალს რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა. უწყების განცხადებით, გამოძიება სხვა შესაძლო მონაწილეების გამოსავლენად გრძელდება.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
ლაშა ნაცვლიშვილი 2500 ლარით დააჯარიმეს ფეისბუკში მიტროპოლიტ იობის გინების გამო
საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ათობით კითხვა 2024-25 წლებში გამართულ აქციებზე გაუჩნდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics