|
2026-10-13 21:33:26, 272 ნახვა
პოლიტიკა
ვენეციის კომისია "გრანტების კანონზე" - ეწინააღმდეგება დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს
ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა. კომისია წერს, რომ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონმდებლობა ეწინააღმდეგება პლურალიზმის და დემოკრატიის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებს. ვენეციის კომისია თვლის, რომ იმის ნაცვლად კანონმა დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, კონსტიტუციური წყობა, პოლიტიკური პარტიები უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან, პირიქით, განსახილველი კანონმდებლობა მათთვის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის. ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ დასკვნის მომზადების პროცესში მასთან თანამშრომლობა არ ისურვა, თუმცა კომისია დიალოგისთვის კვლავ მზად არის. ვენეციის კომისია ასევე მიიჩნევს, რომ მომავალში საქართველოში კანონმდებლობის მიღების პროცესი სათანადოდ ინკლუზიური მიდგომით უნდა წარიმართოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ლეგიტიმურობა და ფართო საზოგადოებრივი მისაღებობა. კანონშემოქმედებითი პროცესი უნდა ეფუძნებოდეს განხილვასა და მსჯელობას, ხოლო დაჩქარებული პროცედურები გამონაკლისს უნდა წარმოადგენდეს. ამ პროცესში ყველა შესაბამის მონაწილეს უნდა ჰქონდეს ჩართულობისა და საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა. "ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის, ქალბატონი ელვირა კოვაჩის მოთხოვნით, ვენეციის კომისიამ შეაფასა „გრანტების შესახებ“ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის 4 მარტს მიიღო. 2025 წლის დასკვნაში ვენეციის კომისიამ დაასკვნა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო სამართლის უზენაესობის, სამოქალაქო სივრცისა და დემოკრატიული თავისუფლებების შერყევის საფრთხეს ქმნიდა. კომისიამ რეკომენდაცია გასცა, გაუქმებულიყო შემზღუდველი საკანონმდებლო აქტები და გაუმჯობესებულიყო არსებული სამართლებრივი ჩარჩო. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ სფეროში ნებისმიერი ახალი კანონმდებლობა მომავალში სისტემური და ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის საფუძველზე უნდა შემუშავდეს. 2026 წლის 4 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად აფართოებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისა და უცხოური დაფინანსების მარეგულირებელ შემზღუდველ სამართლებრივ ჩარჩოს. წინა დასკვნებში გამოვლენილი პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ეს ცვლილებები კიდევ უფრო აძლიერებს სახელმწიფო კონტროლს, აფართოებს შეზღუდვების მოქმედების სფეროს და ამყარებს საკანონმდებლო ჩარჩოს მონიტორინგის ფართო უფლებამოსილებებისა და სისხლისსამართლებრივი სანქციების შემოღებით. მთავრობის წინასწარი კონტროლის, მონიტორინგის ფართო უფლებამოსილებებისა და გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და თავისუფლების აღკვეთის საფრთხის პირობებში, ფიზიკურმა პირებმა და ორგანიზაციებმა შესაძლოა გონივრულად თავი შეიკავონ კანონიერ საქმიანობაში მონაწილეობისგან, რომელიც კონვენციით არის დაცული. შესაბამისად, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებით, აგრეთვე პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებით სარგებლობა, სავარაუდოდ, შეიზღუდება არა მხოლოდ პირდაპირი აკრძალვებით, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნით, რომელშიც სამოქალაქო საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებული რისკები იმდენად დიდი ხდება, რომ მათი გაწევა რთულად მისაღებია. ვენეციის კომისიის მოსაზრებით, ამჟამინდელი ფორმით ფიზიკური პირებისთვის დაწესებული შეზღუდვები ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. კომისია მტკიცედ რეკომენდაციას უწევს, ხელახლა იქნეს განხილული სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენების საკითხი „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და ვალდებულებების დარღვევის შემთხვევებში, აგრეთვე ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც მოიცავს ფართო ცნებას - საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხები. ასეთი ქმედებები უნდა განიხილებოდეს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართლებრივი ზომების გამოყენებით, მყარი საპროცესო გარანტიების უზრუნველყოფით. თუ ხელისუფლება, ამის მიუხედავად, გადაწყვეტს სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენების მიდგომის შენარჩუნებას, მინიმუმ უნდა უზრუნველყოს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევებით შემოიფარგლოს, როდესაც ის მკაცრად აუცილებელი და პროპორციულია, ხოლო როგორც სანქციების გამომწვევი ქმედებები, ისე თავად გამოსაყენებელი სანქციები ზუსტად და მკაფიოდ იყოს განსაზღვრული", - ნათქვამია დოკუმენტში.
Transparency International:: ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე სამსახურებრივი ძაღლი იყო
ოპოზიციის ცნობით, საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელს 21,22,23 ოქტომბერს განიხილავს
მანჯგალაძე საპროცესოებზე: ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? ან რა მოვინანიო?
მანანა კობახიძემ საკონსტიტუციოს მოსამართლის პოსტი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)