|
2026-10-02 10:59:41, 349 ნახვა
პოლიტიკა
საქმიანობა საქართველოს მთავრობამ შეგვიზღუდა - ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა
კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს პირდაპირი შედეგია. კონრად ადენაუერის ფონდის განცხადებით, შექმნილ პირობებში საქართველოში ვეღარ ახერხებენ მისიის შესრულებას. განცხადებას სრულად გთავაზობთ: "კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში არსებული წარმომადგენლობა 2026 წლის 30 სექტემბერს დახურა. ოფისის დახურვა ფონდის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება არ ყოფილა. თბილისში ჩვენი წარმომადგენლობის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს პირდაპირი შედეგია. შექმნილ პირობებში კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში ვეღარ ახერხებს თავისი მისიის შესრულებას. გრანტების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კონრად ადენაუერის ფონდმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, თავისი საქმიანობის გასაგრძელებლად კანონით გათვალისწინებული განაცხადი შეიტანა. 2026 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ უარი უთხრა კონრად ადენაუერის ფონდს წარდგენილი განაცხადის დაკმაყოფილებაზე. ახალი სამართლებრივი გარემოს პირობებში საქმიანობის გასაგრძელებლად, გერმანიის ფედერალური მთავრობის მხრიდან, არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან ფონდის მიერ პროექტების განხორციელების ნებართვის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებოდა შესაძლებელი, თუ ისინი აღარ იქნებოდა ფონდის მისიასთან თანხვედრაში. საქართველოში მხოლოდ ფორმალური ყოფნა, საკუთარი მისიის შესრულების შესაძლებლობის გარეშე, კონრად ადენაუერის ფონდისთვის მისაღები და მდგრადი ალტერნატივა ვერ იქნება. შესაბამისად, ოფისის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ ფონდის საქმიანობის შეზღუდვის გარდაუვალი შედეგია. 2003 წლიდან კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, საპარლამენტო განვითარებისა და ევროინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით საქმიანობდა. ფონდის საქმიანობა ფინანსდება გერმანიის ფედერალური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს (AA) და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სახსრებით. ოც წელზე მეტია, ფონდი მხარს უჭერდა სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ თანამშრომლობას, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას, საბჭოთა წარსულის გააზრებას, რელიგიათაშორის დიალოგს, საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებას, გერმანია-საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას. ახალგაზრდული პროგრამებისა და სასწავლო სტიპენდიების მეშვეობით, ფონდი ხელს უწყობდა ქართველი ახალგაზრდების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. პოლიტიკის, მეცნიერებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, კონრად ადენაუერის ფონდი მხარს უჭერდა საქართველოში ევროპული რეფორმებისა და მოდერნიზაციის პროცესს. ფონდი კვლავაც შეინარჩუნებს კავშირს საქართველოსთან, ისევე როგორც თავის მრავალწლიან პარტნიორებთან. ამასთან, საქართველოში მისი იურიდიული რეგისტრაცია ძალაში რჩება, რათა პოლიტიკური გარემოს შეცვლის შემთხვევაში ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა მოგვეცეს" - წერს ადენაუერის ფონდი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)