|
2026-08-17 20:13:24, 1011 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
„ჩვენ მოვითხოვთ, რომ ირაკლი კობახიძე მოწმის სახით დაიკითხოს - მას ოკუპაციასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ის თავად ადასტურებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებს 2012 წლიდან საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი წინსვლა არ განუხორციელებიათ“, - განაცხადა პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა და გიორგი გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ ე.წ. ჩორჩანას საქმის არსებით განხილვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის საკუთარი განცხადება ნათელს ჰფენს და ადასტურებს წლების განმავლობაში გავრცელებული „ტყუილისა და პროპაგანდის“ სიცრუეს, რომლის თანახმადაც, ქვეყანამ მილიონობით კვადრატული მეტრი მიწა დაკარგა საქართველოს ტერიტორიაზე დამონტაჟებული საკონტროლო-გამშვები პუნქტის გამო. „ჩორჩანას საქმის არსებით განხილვა დღეს მიმდინარეობს. ჩვენი ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე მოწმეებს არ წარადგენს და სასამართლო მხოლოდ ფორმალურად განიხილავს აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხს“. თუმცა, დღეს დაცვის მხარე დამატებითი მტკიცებულებების დაშვების შუამდგომლობას წარადგენს და ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე მოვითხოვთ ირაკლი კობახიძის მოწმის სახით დაკითხვას. საქმე ეხება იმ ფაქტს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პროპაგანდა და დეზინფორმაციის აგენტები პარლამენტში აცხადებდნენ, რომ ქვეყანამ მილიონი კვადრატული მეტრი მიწა დაკარგა გიორგი გახარიას მიერ ჩატარებული საპოლიციო ოპერაციის შედეგად, როდესაც ჩორჩანაში, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, პოლიციის საგუშაგო დადგეს. ეს მტკიცება ასევე გაიმეორეს თავად ირაკლი კობახიძემ და მდინარაძის მიერ კონტროლირებადმა პარლამენტის წევრებმა. მინდა შეგახსენოთ, რომ 2026 წლის 11 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა, რომელშიც ინფორმაცია გაუშვა ხელიდან. შინდისის მემორიალთან ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთს 2012 წლიდან ტერიტორიული წინსვლა არ განუხორციელებია. ფაქტობრივად, მან პირდაპირ აღიარა, რომ ჩორჩანას გარშემო არსებული ნარატივი - რომ პოლიციის საგუშაგოს დადგმამ ქვეყანას ტერიტორიული ოკუპაცია დაუჯდა - სუფთა ტყუილი, პროპაგანდისტული გზავნილი იყო და იდეალურად შეესაბამებოდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გზავნილებს. როდის იტყუება ეს კაცი? როგორც ამბობენ, მატყუარას არც მეხსიერება აქვს და არც სინდისი და ფაქტია, რომ მას არც მეხსიერება აქვს და არც სინდისი. მან დაავიწყდა საქმე, რომელიც გიორგი გახარიას წინააღმდეგ ჩორჩანასთან დაკავშირებით აღძრა. იმედი მაქვს, სასამართლო ირაკლი კობახიძის განცხადებას მტკიცებულებად მიიღებს და ჩვენ მას სასამართლოში დავიბარებთ, რადგან ამ კაცს, რომელსაც საქართველოს მთავრობის მეთაური და პრემიერ-მინისტრი ჰქვია, ოკუპაციასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ის თავად ადასტურებს, რომ 2012 წლიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებს საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი წინსვლა არ განუხორციელებიათ და ნარატივი, რომ ჩორჩანაში საკონტროლო-გამშვები პუნქტის მშენებლობამ დამატებითი ტერიტორიის ოკუპაცია გამოიწვია, სუფთა ტყუილია. „პირიქით, გიორგი გახარიამ ჩორჩანაში, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 16 მილიონი კვადრატული მეტრი შეინარჩუნა ჩვენი ქვეყნისთვის. ვნახოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო და იმედი მაქვს, რომ არ იტყვის, რომ ამჟამინდელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები უაზროა“, - განაცხადა სიჭინავამ.
კობახიძე კვლავ წუხს ევროპის ლიდერების და ქვეყნების ბედზე
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
კობახიძე - არ მგონია, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები იყოს მომავალში
სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დასახელდა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)