23:55 - 27 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-27 16:33:36, 343 ნახვა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეზინფორმაციაზე ანგარიშში საქართველოც მოხვდა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი დეზინფორმაციის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ქართული ოცნების ხელისუფლებაც მოხვდა. 

ანგარიშში, სახელწოდებით - "დეზინფორმაციის დიპლომატია: როგორ ცდილობენ მავნე აქტორები დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას", საქართველოზე ჩანაწერის თავშივე ნათქვამია, რომ ქვეყანა "კვლავ წინა ხაზზეა რუსეთსა და დასავლეთს შორის შავი ზღვის რეგიონში გავლენისთვის ბრძოლის კუთხით".

დოკუმენტში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის მისწრაფებას დასავლური ტიპის ლიბერალური დემოკრატიისკენ სვლაზე, მათ შორის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პოტენციალით, ხოლო რუსეთს მტკიცედ სურს, ხელი შეუშალოს მეზობელი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას. 

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ქართულ ოცნებას, რომელმაც არჩევნები პირველად 2012 წელს მოიგო, კონსოლიდირებული აქვს ძალაუფლება ოპოზიციური ხმების ჩახშობით, ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების შეჩერებით, სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების ჩინური კომპანიებისთვის ჩაბარებითა და პრორუსული, ანტი-დასავლური ნარატივების გავრცელებით.

ანგარიშში მოყვანილია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაც, რომელმაც განმარტა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის, ასევე ლეგიტიმური პროტესტის შეკავებას, „არამარტო რუსეთისა და ბელარუსის კანონებისა და მეთოდების გამოყენებით, არამედ მათი რიტორიკითა და პროპაგანდითაც. ეს მოიცავს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს, რომელიც მოითხოვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დამოუკიდებელმა მედიამ, რომლებიც იღებენ დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან, დარეგისტრირდნენ როგორც ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ უცხო ქვეყნის ინტერესებს.

საუბარია ბიძინა ივანიშვილზეც და ნათქვამია, რომ ის არის მილიარდერი, რომელმაც ქონება 1990-იან წლებში პოსტსაბჭოთა რუსეთში მოიხვეჭა - საბანკო, მეტალურგიულ და სატელეკომუნიკაციო კომპანიების შექმნით, შემდეგ კი 2003 წელს საქართველოში დაბრუნდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გაიმეორა რუსული ანტიდასავლური ნარატივები, მათ შორის კონსპირაცია, რომ დასავლეთი საქართველოს უკრაინის კონფლიქტში "მეორე ფრონტის" გახსნისთვის გამოყენებას ცდილობდა, "გლობალური ომის პარტიის" მეშვეობით. 

დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ იძინა ივანიშვილი აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა დაადანაშაულა 2024 წლის 27 დეკემბერს "საქართველოს დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური მომავლის ეჭვქვეშ დაყენებაში რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ". ევროპის პარლამენტმა 2025 წლის 13 თებერვალს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, გაყინონ აქტივები და პირადად დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, ბიზნესსა და სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულები და პროპაგანდისტები.

ანგარიშში მითითებულია, რომ ომიტეტმა განმარტება ითხოვა სტივენ დოუითისგან, დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრისგან, იმის შესახებ, თუ რა დახმარებას უწევდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას დეზინფორმაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ და ქართული ოცნების წარმომადგენლებზე შესაძლო სანქციების დაწესების საკითხში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ "სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა დიდი ხანია ჩვენი პარტნიორობის ძირითადი საყრდენია" , რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას, რომელიც უზრუნველყოფს მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელებას. თუმცა, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, "ჩვენ არანაირი მხარდაჭერა არ მიგვიღია, არ არსებობდა არანაირი მკვეთრი სტრატეგია რუსული სტრატეგიის საპასუხოდ".

დოკუმენტში დასკვნის სახით ნათქვამია, რომ კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიის განგრძობადი გაუარესების გამო და მიუთითებს, რომ არსებული ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში ეს გამოიწვევს გამყარებულ ავტოკრატიას, რუსეთის გავლენის ქვეშ, ბელარუსის მსგავსად.

ამასთან, კომიტეტი გმობს ქართული ოცნების მთავრობის ქმედებებს - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, ოპოზიციის ჩახშობას, ლეგიტიმური პროტესტის შეზღუდვას და დეზინფორმაციის გავრცელებას.

დასკვნაში ნათქვამია, რომ ქართული ოცნების ქმედებები იმეორებს რუსეთის პრაქტიკას და მიუთითებს თბილისსა და მოსკოვს შორის კოორდინაციაზე.

კომიტეტი აღნიშნავს, რომ მხარს უჭერენ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ უკვე გამოცხადებულ სანქციებს იმ ქართველი ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებზე ლეგიტიმური პროტესტების კონტექსტში.

ანგარიშში რეკომენდაციის სახით ნათქვამია, რომ კომიტეტი მოუწოდებს დიდი ბრიტანეთის მთავრობას, დააწესოს ახალი, მიზნობრივი ფინანსური და სამოგზაურო სანქციები ქართული ოცნების იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც მხარს უჭერენ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს, ასევე ქართველ კლეპტოკრატებსა და მედიაორგანიზაციებს, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში ინტერნეტის დაბლოკვის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილე ხუთი ადამიანი დააკავეს
ჟურნალისტმა ვიკა ბუკიამ და იურისტმა მიხეილ ზაქარეიშვილმა რეჟიმს სტრასბურგში უჩივლა
სტრატეგია აღმაშენებელი - მოვუწოდებთ რეჟიმს, შეწყვიტოს საეკლესიო გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცდელობა
პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics