|
2026-03-17 23:05:29, 294 ნახვა
93 წლიანი გზა, ილია მეორეს ბიოგრაფია
1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი. გიორგი შიოლაშვილის ოჯახი ვლადიკავკაზში ცნობილი იყო, როგორც ღვთისმოშიში და ღრმადმორწმუნე. 1933 წლის 4 იანვარს ოჯახს ახალი წევრი შეემატა, დაიბადა ვაჟი, რომელსაც მამამ მეფე ერეკლე II–ის პატივსაცემად ირაკლი დაარქვა. იმ დროს ვლადიკავკაზში ჯერ კიდევ იყო წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის იურისდიქციაში შედიოდა. ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ტარასი კანდელაკი, კათოლიკოს–პატრიარქ კირიონ II-ის ყოფილი მდივანი, გაჭირვებით, მაგრამ მაინც ახერხებდა ეკლესიის დაცვას როგორც ადგილობრივი საერო, ასევე სასულიერო ხელისუფლების შემოტევებისაგან. არქიმანდრიტი ტარასი შემდეგში ხელდასხმულ იქნა წილკნის ეპისკოპოსად; იგი დაკრძალულია სვეტიცხოვლის ეზოში. მონაზონი ზოილე კი ჯერ ბედიის, ხოლო შემდეგ მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ, შესანიშნავი საეკლესიო მოღვაწე, დიდად მორწმუნე და საღვთო მსახურების საუკეთესო მცოდნე. ნათლიას ხშირად დაჰყავდა თავისი ნათლული სამთავროს მონასტერში. პატარა ირაკლი ზაფხულს ძირითადად სნოში, საგვარეულო სახლში, ატარებდა, უფროსებისგან ისმენდა ხალხურ თქმულებებს, დადიოდა სნოსა და თრუსოს ხეობებში, ათვალიერებდა მრავალრიცხოვან ციხე–კოშკებს, ეკლესია–მონასტრებს… იგი 1941 წლის სექტემბერში ქ. ორჯონიკიძის N 22 საშუალო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე გახდა. ოჯახური ტრადიციიდან გამომდინარე, პატარა ირაკლი დიდ დროს უთმობდა წირვა–ლოცვებს, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა კარგად ესწავლა სასკოლო საგნები. განსაკუთრებით იტაცებდა ისტორია, გეოგრაფია, უცხო ენა. 1956–1960 წლებში ირაკლი შიოლაშვილი ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სტუდენტია. საქართველოს საპატრიარქო არქივში დაცული დოკუმენტები სრულ წარმოდგენას გვიქმნის ირაკლი შიოლაშვილის მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სწავლის პერიოდზე. I კურსის ნიშნების ფურცელი, რომელიც შევსებულია 1953 წლის 11 მაისს, გვამცნობს, რომ ირაკლი შიოლაშვილს ყველა საგანში აქვს “ფრიადი”, II კურსზე მხოლოდ ბერძნულში აქვს “4”, III კურსზე იგი კვლავ ფრიადოსანია. ირაკლი შიოლაშვილმა I კურსზე სწავლის დროს საკონკურსოდ წარადგინა თხზულება, რომელმაც პირველი ადგილი დაიმსახურა. გამარჯვებული დაჯილდოვდა 50 მანეთით მიტროპოლიტ ფილარეტის ფონდიდან, ხოლო ტროცკი–სერგეევის ლავრამ მას 30 მანეთი გადასცა. საპატრიარქო არქივში დაცულია მისი ჩათვლის წიგნაკი (ნიშნების ფურცლები), რომელსაც ხელს აწერენ აკადემიის ინსპექტორი ვ. სარიჩევი და მდივანი ნ. მურავიოვი. აკადემიის კურსდამთავრებულ მღვდელმონაზონ ილიას ყველა საგანში ფრიადი აქვს. 1963 წლის 23 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის – ეფრემ II-ის თავმჯდომარეობით შედგა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომელმაც ბათუმის წმიდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, არქიმანდრიტი ილია, გამოარჩია შემოქმედელ ეპისკოპოსად. ახალი ეპისკოპოსის ხელდასხმა შესრულდა კვირას, 25 აგვისტოს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. არქიმანდრიტ ილიას ეპისკოპოსად კურთხევას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II, ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი), ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე), ცხუმ–აფხაზეთის ეპისკოპოსი ლეონიდე (ჟვანია), სტეფანავანელი ეპისკოპოსი ზინობი (მაჟუგა). 1963–1967 წლებში მეუფე ილია მოღვაწეობდა შემოქმედის ეპარქიაში, ხოლო 1967 წლის 1 სექტემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ეფრემ II-ის ლოცვა–კურთხევით, ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიის მმართველად. 1969 წლის 17 მაისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ეფრემ II-მ ეპისკოპოსი ილია მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა. 1972 წელს საქართველოს ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურებისათვის მან მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება. მიტროპოლიტი ილია საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სახედ იქცა. 1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. 1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 390-400 წლებში.
|
რედაქტორის რჩევით
93 წლიანი გზა, ილია მეორეს ბიოგრაფია
რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში დეპუტატების მხრიდან საქართველოზე
ომი უკრაინაშიზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევა აღკვეთეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერეს თავდასხმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ობიექტებზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)