|
2016-03-30 09:23:15, 551 ნახვა
პოლიტიკა
ჟოზეფ დოლი: პირველი ვიქნები, ვინც საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მიემხრობა, მაგრამ იმედების გაცრუება არ მინდა
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჟოზეფ დოლი საქართველოში იმყოფება. იგი თბილისში გუშინ გვიან ღამით ჩამოფრინდა. EPP-ს პრეზიდენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მედიასთან განმარტება გააკეთა. როგორც დოლიმ აღნიშნა, ევროკომისიამ ვიზების საკითხი გადაწყვიტა, მაგრამ საბჭოს გადაწყვეტილება და ევროპარლამენტის კენჭისყრა წინაა. მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების წევრთა განცხადებები, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის ივნისში მოხდება, ხმამაღალია. ის აქვე განმარტავს, რომ ევროპის სახალხო პარტიამ ყველაზე მეტი იმუშავა, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისა და გასაწევრიანებლად. "მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. მე საქართველოს ყოველთვის მივიჩნევდი ქვეყანად, რომელსაც აქვს უფლება და ვალდებულება შეუერთდეს ევროკავშირს. აქ ასევე ვიმყოფები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად. ვხედავ, რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს განცხადებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. სწორედ ჩვენი პარტია იყო ის, ვინც ყველაზე მეტი იმუშავა და მუშაობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისა და გაწევრიანებისთვის. რაც შეეხება ვიზებს და იმას, რაც მე ვთქვი – მე გულწრფელი ადამიანი ვარ. მართალია, ევროკომისიამ ვიზების საკითხი გადაწყვიტა, მაგრამ წინაა საბჭოს გადაწყვეტიილება და ევროპარლამენტის კენჭისყრა. თამასა, რომელიც მთავრობამ დააწესა - ივნისის თვე, ძალიან მაღალია. მე პირველი ვიქნები, ვინც ვიზალიბერალიზაციის მომხრეა, მაგრამ არ მინდა იმედების გაცრუება. შეგახსენებთ, რომ ეს ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ პროცედურა გრძელდება, რაც ნორმალურია", - განაცხადა დოლიმ. მისივე განმარტებით, პროცესის დასრულებამდე საქართველომ კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის კუთხით სვლა უნდა განაგრძოს. "კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და კორუფციასთან ბრძოლა – ესენია ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით. ამიტომაც ვარ აქ, რომ ადგილზე შევისწავლო სიტუაცია, განვიხილო ეს თემები ხელისუფლებასთან, ჩვენს პარტნიორ პარტიასთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან. ვიმსჯელოთ როგორ ვითარდება ქვეყანა და როგორ შეიძლება დავაჩქაროთ პროცესი, რომ საქართველომ, როგორც ევროპულმა ქვეყანამ მეტი სარგებელი მიიღოს", - აღნიშნა ჟოზეფ დოლიმ, რომლის განცხადების თარგმანსაც "რუსთავი 2" ავრცელებს. EPP-ს პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დახვდნენ. დოლის მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების გამო, "მემარცხენე ალიანსის" წევრებმა აეროპორტში საპროტესტო აქცია მოუწყვეს.
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)