23:01 - 12 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-12 20:33:17, 263 ნახვა

პოლიტიკა
ილიაუნის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები: გაუქმდეს გადაწყვეტილება, მოვითხოვთ, შეგვხვდნენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები ე.წ. უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.

ისინი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია და ასამარებს საქართველოს უმაღლეს განათლებას, უნივერსიტეტების ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებას.

ისინი მოითხოვენ, გადაწყვეტილების მიმღები პირები დაუყოვნებლივ შეხვდნენ საუნივერსიტეტო საზოგადოებას.

განცხადება სრულად:

"დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გააკეთა განცხადება სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით „უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით“.

ამ დადგენილების მიხედვით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკრძალება სტუდენტების მიღება ყველა სასწავლო პროგრამაზე, გარდა პედაგოგიკისა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებისა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია და ასამარებს საქართველოს უმაღლეს განათლებას, უნივერსიტეტების ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებას, კლავს საერთაშორისოდ აღიარებულ კვლევით მიმართულებებსა და სასწავლო პროგრამებს, ქვეყნის ევროპული განვითარების პერსპექტივას. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუცია, რომელსაც აღნიშნული გადაწყვეტილებით ეკრძალება მიღება სრულად აკრედიტებულ პროგრამებზე; უნივერსიტეტს ერთმევა შესაძლებლობა, წარმართოს კვლევა მაღალი დონის სამეცნიერო ლაბორატორიებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ უნიკალურ ბაზებზე, რომლებიც წლების განმავლობაში იქმნებოდა ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. 

ამ დადგენილებით ილიას უნივერსიტეტს ერთმევა შესაძლებლობა, განახორციელოს სასწავლო და კვლევითი პროგრამები მეცნიერების ყველა იმ დარგში (სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ზუსტი მეცნიერებები), რომლებშიც ილიაუნი საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით უპირობო ლიდერია საქართველოში. 

ეს დამაზიანებელი გადაწყვეტილება ეხება არა მხოლოდ ილიას უნივერსიტეტის 17000-ზე მეტ სტუდენტსა და 3000-მდე თანამშრომელს, არამედ მთელ საზოგადოებას, რომლის განვითარებაში ილიას უნივერსიტეტს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. 

მოვითხოვთ, გაუქმდეს აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც არ ეფუძნება მტკიცებულებებსა და კვლევის მონაცემებს, არ ითვალისწინებს დარგის ექსპერტთა პოზიციებს და ანადგურებს ილიას უნივერსიტეტის მიღწევებს კვლევასა და სწავლებაში.

მოვითხოვთ, გადაწყვეტილების მიმღები პირები დაუყოვნებლივ შეხვდნენ საუნივერსიტეტო საზოგადოებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების ავტორები არიან:

▪️ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო

▪️ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო

▪️მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭო

▪️სამართლის სკოლის საბჭო 

▪️საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბჭო

▪️ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭო




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ვიცე-პრემიერი: განიხილება აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს შორის რკინიგზის აღდგენა
Kyiv Independent: უკრაინამ რუსულ ნავთობის ქარხანაზე იერიში რეკორდულ მანძილზე მიიტანა
ილიაუნის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები: გაუქმდეს გადაწყვეტილება, მოვითხოვთ, შეგვხვდნენ
ილიაუნის სტუდენტები: ვითხოვთ ე.წ. რეფორმის გაწვევას, კვირას, 15:00 საათზე ვიკრიბებით დედაენის ბაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი