03:25 - 31 Jan, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-30 22:57:56, 288 ნახვა

პოლიტიკა
ქართული ჟურნალისტიკა ყოფნა-არყოფნის ზღვრამდე მიჰყავთ — IPI „ოცნების“ მორიგ რეპრესიულ რეგულაციებზე

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) ეხმაურება „ქართული ოცნების“ მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გაცხადებულ გეგმებს, რომლითაც მმართველი პარტია, ინსტიტუტის შეფასებით, მედიას სრულად უკეტავს დამოუკიდებელი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას.

„ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში, გაძლიერდება უკვე ისედაც რეპრესიული საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის სამიზნე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერის ამოქოლვაა და შესაძლოა სრულიად აღმოფხვრას კიდეც ქართველი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისთვის შესაძლებლობა, მოიპოვონ ნებისმიერი ფორმის დამოუკიდებელი დაფინანსება“, — ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია განცხადებაში ხსნის, რა კონკრეტული საფრთხეების შემცველია „ქართული ოცნების“ ეს უახლესი საკანონმდებლო ცვლილებები მედიისთვის:

  • საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად აფართოებს „გრანტის“ ცნებას და ასეთად მიიჩნევს პრაქტიკულად ნებისმიერ დაფინანსებას, რომელიც უცხოეთიდან შემოდის და უკავშირდება საჯარო, პოლიტიკურ ან პოლიტიკის ფორმირებაზე ორიენტირებულ საქმიანობას. მედია ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც ასეთ გრანტებს ან დაფინანსებას მთავრობისგან წინასწარი ნებართვის გარეშე მიიღებენ, შესაძლოა ექვს წლამდე პატიმრობა დაემუქროთ.
  • არაკანონიერ გრანტად შეიძლება ჩაეთვალოს ჟურნალისტს, ნებისმიერი მისი პროფესიული საქმიანობისთვის, კვლევისთვის, ანალიზისთვის მიღებული ანაზღაურება უცხოელი აქტორისგან.
  • „ქართული ოცნების“ მთავრობამ უნდა მისცეს ნებართვა უცხოურ ორგანიზაციებს, რომ მათ საკუთარ ადგილობრივ წარმომადგენლობას მისცენ დაფინანსება. „ოცნებამ“ უნდა მისცეს ასევე ნებართვა უცხოელ აქტორებს, რომელთაც ქართველი ექსპერტების მომსახურება დასჭირდებათ.
  • გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში შემოვა დამამძიმებელი გარემოება — „ფულის გათეთრება საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებთან დაკავშირებით“, რისთვისაც, სასჯელის სახით, გათვალისწინებულია 9-დან 12 წლამდე პატიმრობა.

ორგანიზაცია წერს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ 2025 წელს უკვე მიღებული რეგულაციები, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ერთობლიობაში, ქართულ მედიას ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ამყოფებს.

IPI-სა და MFRR-ის (Media Freedom Rapid Response/სწრაფი რეაგირება მედიის თავისუფლებისთვის) პარტნიორ ორგანიზაციებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ საქართველოში მედიაზე უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდებოდა და საერთაშორისო, ურყევი რეაგირების გარეშე, ეს მეტად გამწვავდებოდა.

„მიუხედავად თავისუფალი მედიისთვის სულ უფრო მტრული გარემოსი, დამოუკიდებელი ჟურნალისტები ქვეყანაში რჩებიან და უარს ამბობენ გაჩუმებაზე ან იძულებით ემიგრაციაზე. თუმცა მათ სასწრაფოდ სჭირდებათ საერთაშორისო მხარდაჭერა.

[…] ამიტომ მივესალმებით ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას, რათა დაიწყოს ექსპერტთა მისია საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების საკითხზე“, — ნათქვამია IPI-ს განცხადებაში, რომელსაც არაერთი სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია უერთდება, რომელიც მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს.

MFRR (Media Freedom Rapid Response/სწრაფი რეაგირება მედიის თავისუფლებისთვის) არის ევროპის მასშტაბით მოქმედი მექანიზმი, რომელიც აკვირდება და რეაგირებს პრესისა და მედიის თავისუფლების დარღვევებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, კანდიდატ ქვეყნებსა და უკრაინაში. პროექტი ევროკომისიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

IPI და სხვა ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ „ოცნების“ პარლამენტს, რომ დაუყოვნებლივ თქვას უარი დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და გააუქმოს უკვე არსებული რეპრესიული რეგულაციები.

„საბოლოოდ, კვლავაც მოვუწოდებთ ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოებას, მკაცრი რეაგირება იქონიონ საქართველოს მმართველი პარტიის მიერ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლაზე, მათ შორის, დამატებითი მიზნობრივი სანქციების გზით“, — წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

International Press Institute (IPI)
European Federation of Journalists (EFJ)
Free Press Unlimited (FPU)
Osservatorio Balcani Caucaso Transeuropa (OBCT)
European Centre for Press and Media Freedom (ECPMF)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსახიობი კეტრინ ო’ჰარა, რომელიც კევინის დედის როლს თამაშობდა ფილმში „მარტო სახლში“, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა
ქობულეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
იგორ გიორგაძე უარყოფს ენგურის ხიდთან სატვირთო ტერმინალის მშენებლობის პროექტში მონაწილეობას
პროკურორი ადასტურებს, რომ დაპირისპირების საფუძველი ქურდული სამყაროს მხარდაჭერა გახდა – შარაშიძის საქმე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი