|
2026-01-16 14:39:19, 1327 ნახვა
სამართალი
რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე - დაკავებულთა შორის, 10 არასრულწლოვანია
რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე. დაკავებულთა შორის, 10 არასრულწლოვანია,- ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დღეს ქვეყნის მასშტაბით, რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე. დაკავებულთა შორის, 10 არასრულწლოვანია. სამართალდამცველების მიერ, თვეების განმავლობაში, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით. გავლენების გაზრდისა და ცნობადობის მოხვეჭის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა. დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე აქვეყნებდნენ. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნიღბები, სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ხმოვანი და ცივი იარაღები. მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ეპრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს და 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების ორი ლიდერი - ლევან აბესაძე და დავით ჯაფაროვი ანალოგიური ბრალდებით სასჯელს უკვე იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებიც სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მათთან ერთად ასევე დაკავებულია დაჯგუფებების კიდევ შვიდი წევრი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხსენებული იდეოლოგიის ჯგუფების სხვა წევრები აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რაც საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საზოგადოების თითოეულ წევრს კი მოვუწოდებთ, მსგავსი დანაშაულების ელემენტარული ნიშნების არსებობისას დაუყოვნებლივ შეგვატყობინონ, რათა თავიდან ავიცილოთ სასტიკი მოპყრობა არასრულწლოვანთა მიმართ და მსგავსი იდეოლოგიის გავრცელება ახალგაზრდებს შორის. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქ თბილისის პოლიციის თითოეულ თანამშრომელს, წარმატებულად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისათვის." | განცხადება რამდენიმე წუთის წინ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე მყოფმა, ვაჟა სირაძემ გააკეთა.
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)