19:29 - 08 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-08 18:10:00, 258 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერს პენსიონერზე 43-ჯერ მეტი ანაზღაურება ექნება - 2026 წლის ბიუჯეტის ანალიზი

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო კანონპროექტი წარადგინასაერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ კანონპროექტი შეისწავლა და მოკლე ანალიზი გამოაქვეყნა.

TI-ის ინფორმაციით, პრემიერმინისტრის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 14 600 ლარიდან 16 000 ლარამდე იზრდება. მინისტრის ხელფასი 12 410 ლარიდან 13 600 ლარამდე იზრდება, პარლამენტის წევრის 11 680 ლარიდან 12 800 ლარამდე. ამავე დროს, 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 370 ლარი ხდება, ხოლო 70 და მეტი წლის პირთა პენსია 45 ლარით იზრდება და 495 ლარი იქნება.

მათი ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა 79-ით მცირდება. შემცირება კი უმეტესწილად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის თაობაზე მომუშავე ადამიანებს შეეხოთ.

გარდა ამისა, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 166-ით იზრდება. ყველაზე მეტად დასაქმებულთა რაოდენობა პროკურატურაში (150-ით) და აუდიტის სამსახურში (100-ით) იზრდება, რისი მთავარი მიზეზიც ამ უწყებების ფუნქციების ზრდაა სხვა უწყებების გაუქმებიდან გამომდინარე. 2026 წლიდან 6 უწყება უქმდება, სადაც 2025 წელს ჯამში 456 ადამიანი მუშაობდა. ესენია: ანტიკორუფციული ბიურო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი, საჯარო სამსახურის ბიურო, ბიზნესომბუდსმენის აპარატი და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.

ანალიზში აგრეთვე წერია, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსება ყველაზე მეტად მცირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი კი 152 მლნ ლარით იზრდება, რასაც დასაქმებულთა რაოდენობის და პოლიციელების ხელფასის 10%-ით მატება განაპირობებს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა აგრეთვე აღნიშნავს, რომ 2026 წელს მთავრობა 5.1 მლრდ ლარის ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 2.9 მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. შედეგად, მთავრობის ვალი 2.1 მლრდ ლარით გაიზრდება. მთავრობა ახალი საგარეო ვალების აღებას ძირითადად დასავლური ფინანსური ინსტიტუტებისგან და მთავრობებისგან გეგმავს. 2026 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალი 38.2 მლრდ ლარი იქნება, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 33.5%-ია. მთავრობის ვალის 65% საგარეო ვალია.

გთავაზობთ მთლიან ანალიზს:

  • 2026 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 3.2 მლრდ ლარით გაიზრდება და 30.8 მლრდ ლარს მიაღწევს. ასეთ მატებას ახალი ვალის აღება და საგადასახადო შემოსავლების ზრდა განაპირობებს;
  • პრემიერმინისტრის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 14 600 ლარიდან 16 000 ლარამდე იზრდება. მინისტრის ხელფასი 12 410 ლარიდან 13 600 ლარამდე იზრდება, პარლამენტის წევრის 11 680 ლარიდან 12 800 ლარამდე;
  • 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 370 ლარი ხდება, ხოლო 70 და მეტი წლის პირთა პენსია 45 ლარით იზრდება და 495 ლარი იქნება;
  • საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 166-ით იზრდება. ყველაზე მეტად დასაქმებულთა რაოდენობა პროკურატურაში, აუდიტის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროში იზრდება;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა 79-ით მცირდება. შემცირება უმეტესწილად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის თაობაზე მომუშავე ადამიანებს შეეხოთ;
  • საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი სულ მცირე 10%-ით იზრდება. ხელფასების ზრდა შრომის ანაზღაურებაზე წლიურად გამოყოფილი თანხის 385 მლნ ლარით მატებას იწვევს;
  • 2026 წელს მისაღები უცხოური გრანტების მოცულობა 85 მლნ ლარია, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 2-ჯერ ნაკლებია, მაგრამ 2025 წლისაზე 27 მლნ ლარით მეტია. ევროკავშირის მიმდინარე გრანტები 2025 წლის მსგავსად განულებულია;
  • კაპიტალურ პროექტებზე 6.1 მლრდ ლარია გამოყოფილი, რაც 565 მლნ ლარით ნაკლებია 2025 წლის მაჩვენებელზე. ყველაზე მეტად ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსება მცირდება. ყველაზე მეტად - 849 მლნ ლარით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება და 9.7 მლრდ ლარს აღწევს;
  • თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე მომუშავე უწყებების დაფინანსება 486 მლნ ლარით იზრდება;
  • 2026 წლის ბიუჯეტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაზე 53 მლნ ლარია გამოყოფილი. ბიუჯეტის პროექტის პირველ ვერსიაში ეს თანხა 153 მლნ ლარი იყო და ბოლო ვერსიაში 100 მლნ ლარით შემცირდა;
  • 2026 წელს მთავრობა 5.1 მლრდ ლარის ვალს აიღებს. აქედან, 3.3 მლრდ ლარი საგარეო ვალია, საიდანაც 1.4 მლრდ ლარი ევროობლიგაციების რეფინანსირებას მოხმარდება. 2026 წლის ბოლოს მთავრობის ვალი 38.2 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 33.5% იქნება.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები

2026 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 30.8 მლრდ ლარი იქნება, რაც 2025 წლის ბიუჯეტის შემოსულობებზე 3.2 მლრდ ლარით (12%-ით) მეტია. 

შემოსულობების ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი ვალის აღებას შეაქვს. მთავრობა 2026 წელს 1.6 მლრდ ლარით მეტს ისესხებს, ვიდრე 2025 წელს. ასეთი მაღალი ზრდის მიზეზი 2021 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირებააა.

საგადასახადო შემოსავლები 1.3 მლრდ ლარით იზრდება. მათ შორის, 852 მლნ ლარით იზრდება საშემოსავლო გადასახადით მისაღები თანხა. 608 მლნ ლარით - დამატებული ღირებულების გადასახადით (დღგ), ხოლო 130 მლნ ლარით - მოგების გადასახადით მისაღები თანხა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და მთავრობებისგან 2026 წელს მისაღები გრანტების მოცულობა 85 მლნ ლარია, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 2-ჯერ ნაკლებია, თუმცა 2025 წლის მაჩვენებელზე 27 მლნ ლარით მეტია. 2025-2026 წლებში ძირითადად ენერგეტიკული პროექტები ფინანსდება უცხოური გრანტებით. უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან 2026 წლის ბიუჯეტში მხოლოდ გერმანიის მთავრობის გრანტია ასახული - 30 მლნ ლარი.

ბიუჯეტის ხარჯები

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები (გადასახდელები) 30.9 მლრდ ლარი იქნება, რაც 2025 წლის ბიუჯეტის ხარჯებზე 2.9 მლრდ ლარით (11%-ით) მეტია.

საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 166-ით იზრდება. ყველაზე მეტად დასაქმებულთა რაოდენობა პროკურატურაში (150-ით) და აუდიტის სამსახურში (100-ით) იზრდება, რისი მთავარი მიზეზიც ამ უწყებების ფუნქციების ზრდაა სხვა უწყებები გაუმებიდან გამომდინარე. 94-ით იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა ფინანსთა სამინისტროში, ეკონომიკური დანაშაულის პრევენციის მიმართულებით. 60-ით იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა შინაგან საქმეთა სამინისტროში.

2026 წლიდან 6 უწყენა უქმდება, სადაც 2025 წელს ჯამში 456 ადამიანი მუშაობდა. ესენია: ანტიკორუფციული ბიურო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი, საჯარო სამსახურის ბიურო, ბიზნესომბუდსმენის აპარატი და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია. გარდა ამისა, 79-ით მცირდება დასაქმება საგარეო საქმეთა სამინისტროში. შემცირება უმეტესწილად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის თაობაზე მომუშავე ადამიანებს შეეხოთ. 61-ით მცირდება განათლების სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა.

ადმინისტრაციული ხარჯები, რომლებიც საჯარო სექტორის შრომის ანაზღაურებას და საქონლის და მომსახურების შესყიდვას მოიცავს, 581 მლნ ლარით იზრდება. შრომის ანაზღაურებაზე 3.4 მლრდ ლარი (ზრდა 385 მლნ) დაიხარჯება, ხოლო საქონლის და მომსახურების შესყიდვაზე 2.7 მლრდ ლარი (ზრდა 196 მლნ).

საჯარო სექტორში დასაქმებულთა საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 460 ლარიდან 1 600 ლარამდე იზრდება, რაც უმეტეს უწყებებში ხელფასების 10%-ით ზრდას განაპირობებს.

თანამდებობრივი სარგოს ზრდის გამო პრემიერმინისტრის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 14 600 ლარიდან 16 000 ლარამდე იზრდება. მინისტრის ხელფასი 12 410 ლარიდან 13 600 ლარამდე იზრდება, პარლამენტის წევრის 11 680 ლარიდან 12 800 ლარამდე. აღნიშნული თანხები საშემოსავლო გადასახადსაც მოიცავს.

კაპიტალურ პროექტებზე 6.1 მლრდ ლარია გამოყოფილი, რაც 565 მლნ ლარით ნაკლებია 2025 წლის მაჩვენებელზე. ყველაზე მეტად ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსება მცირდება.

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2025 წელთან შედარებით, ყველაზე მეტად - 849 მლნ ლარით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება და 9.7 მლრდ ლარს აღწევს. 2026 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 370 ლარი ხდება, ხოლო 70 და მეტი წლის პირთა პენსია 45 ლარით იზრდება და 495 ლარი ხდება. პენსიაზე გამოყოფილი თანხა 517 მლნ ლარით იზრდება. სოციალურ დახმარებაზე გამოყოფილი თანხა 118 მლნ ლარით იზრდება. ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხა 377 მლნ ლარით იზრდება.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 160 მლნ ლარით იზრდება და 1.9 მლრდ ლარი იქნება. სამინისტროს ბიუჯეტის ზრდას ძირითადად ხელფასების 10%-ით მატება განაპირობებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 152 მლნ ლარით იზრდება. ზრდას დასაქმებულთა რაოდენობის და პოლიციელების ხელფასის 10%-ით მატება განაპირობებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტი 129 მლნ ლარით იზრდება, პროკურატურის 28 მლნ ლარით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 17 მლნ ლარით.

ჯამში, თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე მომუშავე უწყებების დაფინანსება 486 მლნ ლარით იზრდება.

ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს 53 მლნ ლარი დახარჯოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორთან ხელშეკრულება დღემდე არ არის გაფორმებული. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ ვერსიაში ეს თანხა 153 მლნ ლარი იყო და ბოლო ვერსიაში 100 მლნ ლარით შემცირდა. 2025 წელს პორტის მშენებლობაზე 154 მლნ ლარია გამოყოფილი, თუმცა 27 ნოემბრის მდგომარეობით მხოლოდ 51 მლნ ლარია დახარჯული.

ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალი

2026 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებსაც მოიცავს, 2.9 მლრდ ლარი იქნება, რაც მშპ-ის 2.5%-ს შეადგენს. 2025 წელსაც 2.5%-ია დეფიციტი.

2026 წელს მთავრობა 5.1 მლრდ ლარის ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 2.9 მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. შედეგად, მთავრობის ვალი 2.1 მლრდ ლარით გაიზრდება. ახალი 5.1 მლრდ ლარის ვალიდან 1.8 საშინაო ვალზე მოდის, ხოლო 3.3 მლრდ - საგარეო ვალზე. აქედან, 1.4 მლრდ ლარის საგარეო ვალი 2021 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირებას მოხმარდება.

მთავრობა ახალი საგარეო ვალების აღებას ძირითადად დასავლური ფინანსური ინსტიტუტებისგან და მთავრობებისგან გეგმავს. 2026 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალი 38.2 მლრდ ლარი იქნება, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 33.5%-ია. მთავრობის ვალის 65% საგარეი ვალია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრემიერს პენსიონერზე 43-ჯერ მეტი ანაზღაურება ექნება - 2026 წლის ბიუჯეტის ანალიზი
რეჟიმი შეკრება-მანიფესტაციებში მონაწილეობის წესებს ამკაცრებს
სტარმერი ლონდონში ზელენსკის, მაკრონს და მერცს შეხვდა
სანქცირებულმა ხარებამ, რომელიც აქციებზე მოძალადე სპეცრაზმელებს მწვანე შუქს უნთებდა, ტაძრის შენება დააფინანსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი