2025-04-18 18:20:45, 500 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს თქმით, ჩინური კომპანია ჰუსიტებს წითელ ზღვაში გემებზე დაზვერვას აწვდის
![]() გამოცემა Financial Times აშშ-ს დაუსახელებელ თანამდებობის პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინური კომერციული სატელიტური კომპანია, Chang Guang Satellite Technology Co. Ltd. (CGSTL), რომელსაც ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელ არმიასთან კავშირი აქვს, იემენელ ჰუსიტებს წითელ ზღვაში სამხედრო და სავაჭრო გემების სატელიტურ გამოსახულებებს აწვდის. FT-სთან საუბრისას თანამდებობის პირებმა თქვეს, რომ ჩინური კომპანია პროირანულ დაჯგუფებას წითელ ზღვაში გემების მიზანში ამოღებაში ეხმარება, პეკინი კი მას "უსიტყვოდ უჭერს მხარს". აშშ-ს სახდეპის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა გამოცემას დაუდასტურა, რომ ჩინური კომპანია "ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტი ჰუსიტებს მიერ აშშ-ს ინტერესებზე თავდასხმებს მხარს პირდაპირ უჭერს". "აშშ არ მოითმენს იმას, რომ ვინმე საგარეო ტერორისტულ ორგანიზაციებს, როგორებიც არიან ჰუსიტები, მხარდაჭერას აწვდის". - თქვა ბრიუსმა გამოცემასთან საუბრისას. FT-სთან საუბრისას აშშ-ს თანამდებობის პირებმა თქვეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთს "არაერთხელ დაუკავშირდა" და შეატყობინა, რომ ჩინურ არმიასთან კავშირების მქონე კომპანია იემენელ ჰუსიტებს სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, თუმცა ჩინეთმა ამერიკული მხარის შეშფოთებები "უგულებელყო" ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დაამატა, რომ ვაშინგტონის გაფრთხილებების მიუხედავად ჰუსიტების მიმართ "პეკინის უსიტყვო მხარდაჭერა" არის "ჩინეთის მხრიდან მშვიდობის მხარდაჭერის ცარიელი პრეტენზიის კიდევ ერთი მაგალითი". "აშშ-მ ჩინეთის მთავრობასთან არასაჯაროდ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთებები Chang Guang Satellite Technology Co Ltd-ის მხრიდან ჰუსიტების მხარდაჭერის შესახებ, რათა პეკინს ემოქმედა. [...] ჩვენს პარტნიორებს მოვუწოდებთ, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჩინური კომპანიები მათი ქმედებებით შეაფასონ და არა მათი ცარიელი სიტყვებით". - თქვა აშშ-ს სახდეპის მაღალჩინოსანმა. ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ წითელ ზღვაში დაძაბულობის გადაჭრა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, ხოლო "პეკინმა ეს პრიორიტეტი სერიოზულად უნდა მიიღოს, როდესაც CGSTL-სთვის მომავალ მხარდაჭერას განიხილავს". ჩინური კომპანია 2014 წელს ძილინის პროვინციული მთავრობისა და პროვინციაში ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთობლივ პროექტად დაიწყო. ჩინეთის სამხედრო-სამოქალაქო შერწყმის პროგრამის ფარგლებში კომპანიებმა PLA-ს ბრძანების შემთხვევაში ტექნოლოგია უნდა გაუზიარონ, თუმცა FT ხაზს უსვამს, რომ CGSTL-ს ჩინეთის არმიასთან და მთავრობასთან განსაკუთრებული კავშირი არსებობს. გამოცემასთან საუბრისას ჩინეთის თავდაცვის საკითხების ექსპერტმა, მეთიუ ბრუზესემ თქვა, რომ CGSTL-ს ჩინეთის მთავრობასთან, კომუნისტურ პარტიასთან და არმიასთან "ახლო კავშირები" აქვს და ჩინელი მაღალჩინოსნებისთვის თავიანთი აპლიკაციები და ტექნოლოგიები წარუდგენიათ, მათ შორის, ჩინეთის ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარეს, ჭანგ იოუსიასთვის. მიუხედავად ამისა, ბრუზესემ აღნიშნა, რომ 2020 წლიდან კომპანია PLA-სთან თავის კავშირებს უფრო იშვიათად ახსენებს. მისი თქმით, ეს მიუთითებს, რომ "ამ კავშირების საჯაროდ განხილვას მეტად ერიდება". ბოლო წლებში აშშ-მ ათეულობით ჩინურ კომერციულ ჯგუფს PLA-სთან სავარაუდო კავშირების გამო სანქციები დაუწესა აქამდე, 2023 წელს CGSTL აშშ-ს მიერ რუსეთ-უკრაინის ომის დროს კსკ ვაგნერისთვის უკრაინის სატელიტური გამოსახულებების მიწოდებისთვის სანქცირებული ჩინური კომპანიების სიაში მოხვდა. 2 აპრილს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს, იურიდიულ პირებსა და ტვირთმზიდავ გემს, რომლებიც ირანის მიერ მხარდაჭერილ იემენელ ჰუსიტებს იარაღისა და საქონლის, მათ შორის, მოპარული უკრაინული მარცვლის მოპოვებაში უწყობდნენ ხელს. მანამდე, 15 მარტს აშშ-მ ჰუსიტების სამხედრო ობიექტებზე იერიშების მასშტაბური ტალღა დაიწყო.
შსს - მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე
ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
მოემზადე ზაფხულისთვის - თიბისის საზაფხულო შეთავაზებები იწყება
|
რედაქტორის რჩევით
![]() მსოფლიო სამეულში სამხედრო თავდასხმის შიშით - საქართველო ახალ გამოკითხვაში
![]() პუტინის და ოცნების პროპაგანდისტები ევროპის ლიდერების გასაშავებლად გაერთიანდენ
ომი უკრაინაში![]() პუტინი: რუსეთი ფრონტზე თითქმის ორჯერ მეტ ჯარისკაცს აგზავნის, ვიდრე უკრაინა
![]() კით კელოგი - უკრაინაში ძალების განლაგებაზე ბრიტანელებს, ფრანგებს, გერმანელებს ველაპარაკებით
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
პენტაგონმა უკრაინაში ომის აშშ-სა და რუსეთს შორის სამხედრო კონფლიქტში გადაზრდის რისკი გამოაცხადა.
დღის თემა
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|