აფრასიძეების მძიმე დანაშაულები, ანუ როგორც აქცევს წულუკიანის კომისია მკვლელებს გმირებად
თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისია სკანდალში ეხვევა - "ქართულ ოცნებას" მოკლული ახლავ არღვლიანის ოჯახი საგანგებო განცხადებით პასუხობს.
მოკლული კაცის შვილიშვილი ამბობს, რომ წულუკიანის კომისიას მისი ოჯახის წევრების მკვლელები "ანგელოზებად გამოჰყავს".
მარიამ ჩოფლიანი ასახელებს რამდენიმე გვარს და ამტკიცებს, რომ მათ მკვლელობაშიც აფრასიძეების ხელი ურევია.
ახალგაზრდა ქალი ირწმუნება, რომ ევგენი აფრასიძემ თანმხლებ პირებთან ერთად ბაბუა ჯერ უმოწყალოდ სცემა, შემდეგ კი კაცი სასიკვდილო ჭრილობით ადგილზე დატოვეს.
ეს ყველაფერი არ არის, ჩოფლიანის მონაყოლის თანახმად, თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ახლავ არღვლიანის ცოლის ნათესავი. ქალი იხსნებს, რომ უკვე დახვრეტილ ლაშა უშხვანს (ახლავ არღვლიანის ცოლის ძმისშვილი - ავტ), აფრასიძის ნათესავმა შუბლში ქუსლი ჩაარტყა.
ბაბუაჩემი,დედის მხრიდან,ახლავ არღვლიანი იყო.არასდროს გვღირსებია შვილიშვილებს მისი ჩახუტება და სითბო გვეგრძნო.ბაბუა მოკლეს,ზუსტად ამ აფრასიძეებმა აქ რომ ანგელოზებად გამოჰყავთ,თურმე ისინი მსხვერპლი და ტყუილად მოკლულები.მხოლოდ ბაბუასი არა,კიდევ ლაშა უშხვანის,ბებოს ძმისშვილის და არა ერთი ადამიანის სიცოხხლე შეიწირეს!
ბაბუას ისტორიას ყურმოკვრით ვისმენდი ხოლმე,მაგრამ როდესაც გავიზარდე კარგად მოვისმინე ეს ისტორია და თქვენც მოგიყვებით.მინდა გადააზიაროთ ეს პოსტი,რადგან ულვე თავსგასულობაა ასე მართლება და სიტყვით გამოსვლები ! უსირცხვილობა !
ბაბუა საკუთარ აშენებულ სახლში იყო,დედა,სამი ძმა და ბებო გარდაბანში იყვნენ დროებით.ბაბუა იქ დარჩა საქონელს უვლიდა,სახლს,საერთოდ ყველაფერს.ალბათ ძალიან ცოტა გვყავს მისნაირი პატიოსანი და კეთილი ადამიანი.ერთ ასეთ დღესაც,დაღლილი ბაბუა სახლში დაბრუნებულა.საჭმლის ჭამას აპირებდა,როდესაც კარზე ბებოს ძმისშვილებმა დაუკაკუნეს ლაშა და გოჩა უშხვანებმა.დასხდნენ,საუბრობდნენ.ბაბუას წარმოდგენა არ ჰქონდა,რომ თივის შესანახ ადგილას მოპარული მანქანა იდგა.ამ დროს მივიდა მასთან ევგენი აფრასიძე.ბაბუამ კარი გაუღო,შეიპატიჟა.გარეთ თურმე შმაგი და ომეხი აფრასიძეები იდგნენ დიდი მანქანით,ხალხით სავსე,შეიარაღებულები.ბაბუამ ევგენი შეიპატიჟა,რადგან ისედაც იცნობდა.მას უკითხავს მანქანა სად არისო,ბაბუამ რა მანქანაო,აი ის იქ რო აყენია შიგნითო.ეს მანქანა თვითონ ევგენის დისშვილს და კიდევ მეორე ახლობელს მიუციათ უშხვანებისთვის,მეორე დღემდე თქვენთან გყავდეთ ხვალ წავიყვანთო.დაუყენებიათ მათაც,საერთოდ არ იცოდნენ რომ ეს მანქანა მოპარული იყო.მოდი გაჩვენებ რა მანქანა არაფერი ვიციო და სადგომისკენ წასულა.ამ დროს მეორე სართულიდან ხმა გაუგიათ,ბაბუასთვის ცემა დაუწყიათ ვინ არიან ზევითო,მუცელში ნარტყამები ეტყობოდა გარდაცვლილს. კიბეზე ლაშა რომ ჩამოდიოდაო ჩამოსვლაც არ აცალეს ატყდა სროლა.ლაშა უშხვანი კიბეებზევე მოკლეს,ბაბუასაც იქვე ესროლეს,ფეხში დაჭრეს არტერიას მოხვდა ზუსტად.კარის გაღებაც არ მოუსწრია ბაბუას,მანქანა არც კი დაუნახავს.გოჩაც დაჭრეს.ისე დატოვეს ბაბუაჩემი სისხლისგან დაიცალა.ლაშას გარდაცვლის,დახვრეტილს,შმაგი აფრასიძემ შუბლში ქუსლი ჩაარტყა.დედა მიყვებოდა რომ დაკრძავის დროსაც ეტყობოდა ის ფეხსაცმლის კვალი.მხოლოდ ისინი არ მოუკლავთ ასე სასტიკად.დადეშქელიანი,ვიბლიანი,ორივე ახალგაზრდები.წლების მერე იმათაც წაართვეს სიცოცხლე.
დატოვეს დედა და მისი ძმები ობლად,ბებო ოთხი შვილით მარტო ქვრივი, ლაშას დედამ არ ნახა სიმწარე?დედას რომ შვილი მოუკლეს?მათ ძმებს და დას არ მოუკლეს ძმა? თან როგორ მოკლეს ჩაცხრილეს…დაცხრილული იყო თეფში,ჭიქა ყველაფერი ჩვენს სახლში…მომსწრეები ჰყავდა ამ ამბავს - წერს მარიამ ჩოფლიანი .
ბექა დადეშქელიანი წერს, რომ ქართული ოცნება და წულუკიანი ცეცხლს ეთამაშება. მისი თქმით აფრასიძეებმა მოკლეს მისი ბიძა.
თეა წულუკიანი იმ ცეცხლს ეთამაშება, რომელიც მას და მის გუნდს აუცილებლად დაწვავს.
ევგენი აფრასიძე და მისი ოჯახი ვინ იყვნენ, მთელმა სვანეთმა ძალიან კარგად იცის: მკვლელები, მძარცველები, ყაჩაღები, გამპატიურებლები და ა.შ.
მათ მოკლეს ბიძაჩემი, მამაჩემის ძმა, ბადრი დადეშქელიანი, 1995 წელს.
გაუბედურებული ოჯახების სია, ისევე როგორც მათი დანაშაულები ძალიან ვრცელია.
ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ვერ გახდება.
ვერავინ ვერასდროს შეძლებს ბიძაჩემის მკვლელების გაპატიოსნებას! - წერს დადეშქელიანი.

გუშინ, საგამოძიებო კომისიაზე აფრასიძეების სტუმრობამ საზოგადოებას, 15 წლის მარიამ გოგინაშვილის საქმე გაახსენა - რა არის ცნობილი ამ საქმის შესახებ?
გოგონა 2002 წლის 24 ივლისს წყნეთიდან გაიტაცეს. 23 წელია რაც რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეს იძიებს. მსოფლიოს მასშტაბით უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ სხვა ბავშვებთან ერთად, ინტერპოლი დღემდე ეძებს მარიამ გოგინაშვილს.
არასრულწლოვანი გოგონას გატაცების საქმე იმ პერიოდში ძალზედ გახმაურებული იყო და იმდენად აქტიურად შუქდებოდა მედიით, რომ შესაძლოა, საზოგადოების დიდ ნაწილს დღემდე ახსოვდეს საქმის დეტალები.
არკვეული პერიოდის განმავლობაში მარიამ გოგინაშვილის საქმეს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ბათო საღინაძეც იძიებდა. ბათო საღინაძე ამბობდა, რომ მარიამ გოგინაშვილის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა. ის 2019 წელს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ჰყვებოდა:
ბათო საღინაძე:
- აქტიურად ვხვდებოდი მარიამის მამას, რომელმაც ჩემთან საუბარში გამოთქვა ეჭვი, თუ ვის შეიძლებოდა გაეტაცებინა მისი შვილი. ის იყო პოლიციის პოლკოვნიკი და მისსავე თანამშრომელთან ჰქონდა მტრული ურთიერთობა. ეს ადამიანი დამუქრებია მარიამის მამას, რომ გაგამწარებო. ერთადერთი შვილი ჰყავდა მშობლებს, როგორც ვიცი, აყვანილი ჰყავდათ, მაგრამ მათი გაზრდილი იყო და ძალიან უყვარდათ. მურავიოვი დეტალურად მოყვა, როგორ მიიყვანეს აფრასიძეებთან მარიამი. მაშინ გამოსასყიდის სანაცვლოდ გატაცებები ძალიან გავრცელებული იყო. კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ ჩართული ამ საქმეებში. აფრასიძეები ძალიან დაახლოებული იყვნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან და სვანეთში, როგორც მიუვალ ადგილას, აფრასიძეების სახლში ხდებოდა გატაცებულების დროებით გაჩერება.
საქმიდან გამოიკვეთა, რომ ომეხ აფრასიძეს ძალიან მოსწონებია მარიამი და უთქვამს, რომ გოგონას შეშვებოდნენ. ამ ვერსიაზე ვმუშაობდი, ვაპირებდი ომეხთან დაკავშირებას, თუმცა ჩემზე დაიწყო ზეწოლები. შემდეგ ამოწყვიტეს აფრასიძეები, ხოლო მე დამიჭირეს. ციხეში ჩემთან იყო მოსული ადვოკატი ზურაბ თოდუა, რომელმაც მითხრა, ძალიან სანდო კაცისგან გავიგე, მარიამი ჩრდილოეთ კავკასიაში გადაუყვანიათ და იქ შვილიც კი გაუჩენიაო. ეს იყო და ეს. ეს საქმე გაიყინა და არავის არაფერი მოუკითხავს. მურავიოვმა კი საკუთარი ჩვენება უარყო და თქვა, რომ გოგინაშვილი არ უნახავს აფრასიძეებთან. მე არ ვიცი, რატომ მოიქცა ასე, შეიძლება ციხიდან გამოსვლის მიზნითაც გააკეთა ეს.
და მაინც, ვინ იყვნენ აფრასიძეები და ზოგადად რა საჭირო იყო ვეტმფრენით სპეცოპერაციის ჩატარება?
ვინ იყო ევგენი აფრასიძე (აფრასიძეების მამა)?
ევგენი აფრასიძე 20 წლის ასაკში გახდა ძებნილი. როგორც თავად ყვებოდა, მისმა სიძემ (დის ქმარი), რომლის შესახებაც ჰქონდა ინფორმაცია, რომ ცოლს შეურაცხყოფას აყენებდა, არ გაითვალისწინა ევგენის შენიშვნა და მას „ლაწირაკი“ უწოდა, რის შემდეგაც ევგენი აფრასიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა, მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევისას კი დანით 17 ჭრილობა მიაყენა.
ამის შემდეგ ევგენი აფრასიძე ოფიციალურად დევნილი იყო, თუმცა სისხლის აღების მსურველ სიძის ნათესავებს უფრო ემალებოდა, ვიდრე მილიციას.
ევგენი აფრასიძე ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდა, საიდანაც მშობლიურ სოფელს ზოგჯერ აკითხავდა კიდეც.
ძებნილობის პერიოდში ევგენი აფრასიძემ სახლის აშენებაც მოასწრო და დაოჯახებაც.
სწორედ იმიტომ, რომ ძებნილი იყო, მან სახლის აშენება გორაკზე დაიწყო, რათა გარემოსთვის თვალი ზემოდან ედევნებინა და სრული კონტროლი განეხორციელებინა.
სამეზობლო და სოფელი ევგენი აფრასიძეს თავიდანვე დაუდგა გვერდით. სწორედ სოფლის მცხოვრებთა თანადგომით შეძლო ევგენი აფრასიძემ, თავი შეენახა. იმდროინდელი შსს-ს მიერ ჩატარებული ყველა ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ევგენი აფრასიძის აყვანას, უშედეგოდ დასრულდა.
საბოლოოდ, ევგენი 1989 წელს შსს-ში დაგეგმილი საგანგებო „თეატრალური“ ოპერაციით აიყვანეს: სოფელში პარიკითა და ულვაშით შეპარულმა მაშინდელმა მაღალჩინოსანმა აფრასიძესთან ნდობაში შესვლა მოახერხა, მას ცემენტის არალეგალურ გამყიდველად გაეცნო და ზუგდიდიდან ცემენტის ამოტანა შესთავაზა, რასაც ევგენი აფრასიძე დასთანხმდა და მანქანაში ჩაუჯდა. მანქანაში მყოფმა სხვა, მუშების ფორმაში გადაცმულმა შსს-ს თანამშრომლებმა ევგენი აფრასიძე დააკავეს. ევგენი აფრასიძის შიში, რომ სიძის მკვლელობისთვის დახვრეტას მიუსჯიდნენ, არ გამართლდა. მას მხოლოდ სამი წლით ციხე მიუსაჯეს.
ციხიდან გამოსვლიდან ცოტა ხანში აფრასიძემ სატვირთო მანქანის მძღოლად დაიწყო მუშაობა.
სოხუმის დაცემის შემდეგ, სოხუმიდან სხვა დევნილებთან ერთად აფრასიძის ბიძაშვილებიც გადმოვიდნენ. მათ თავიანთი „ნივის“ გადმოყვანა შეძლეს. მანქანა აფრასიძის ეზოში იდგა, თუმცა ერთ დღეს გაქრა. ევგენი აფრასიძე ქურდების კვალმა სოფელ უშხვანარში, სვანების ოჯახში მიიყვანა, სადაც მოპარული „ნივა“ აღმოაჩინა.
მაშინ ძმებ უშხვანებსა და აფრასიძეს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა და ერთ-ერთი უშხვანი დაიღუპა.
ამის შემდეგ აფრასიძე ისევ ძებნილი ხდება. ევგენი აფრასიძეს მთელი 10 წლის განმავლობაში სვანეთში ჩატარებული არც ერთი ანტიკრიმინალური ოპერაცია არ შეხებია.
სვანეთში აფრასიძეებზე გადამტერებული კიდევ ერთი გვარი ვიბლიანებისა იყო. ევგენიმ შელაპარაკების შემდეგ სამი შვილის მამა, ჯიუდონ ვიბლიანი, მისი ცოლის თვალწინ მოკლა. როგორც სვანები ამბობენ, ამ მკვლელობამ სახელი გაუტეხა ევგენის, რადგანაც ვიბლიანი სამაგალითოდ წესიერი ადამიანი იყო. ამავე დროს გაზარდა შიში უბრალო მოსახლეობაში. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აფრასიძეებს ადამიანის მოკვლა არაფრად უღირდათ.
1994 წელს დიდძალი ყაჩაღობისთვის დააკავეს ახალგაზრდების ჯგუფი. მათ შორის გოჩა აფრასიძე. როგორც იხსენებენ, ის ბიძასთან იყო შეფარებული მოტაცებულ არასრულწლოვან გოგოსთან ერთად. გამომწვევად იქცეოდა, რადგანაც დარწმუნებული იყო ეს დანაშაულიც ისე ჩაივლიდა როგორც სხვა უამრავი.
მართლაც, დაკავებიდან მესამე დღეს პოლიციას თავს დაესხა 50 კაცი და იარაღის გამოყენებით გაიტაცეს სამივე დაკავებული.
ასეთი და მსგავსი ქმედებები უყალიბებდა აფრასიძეებს დაუსჯელობის სინდრომს და ისინიც სვანეთისკენ, სამეგრელოში, თუ მათთვის საინტერესო რაიმე გაიჭაჭანებდა, თავიანთ ციხესიმაგრეში ეზიდებოდნენ.
მათ შორის საერთაშორისო დონის ჰუმანიტარულ ტვირთსაც კი. მათ თავგასულობას იმდენად არ ჰქონდა საზღვარი, რომ ერთი პარტია ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული მანქანები, რომელსაც ინგლისელი ქალბატონი თვითონ მოყვებოდა, დაისაკუთრეს.
მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონს ფეხი ჰქონდა პარალიზებული, წაართვეს მსუბუქი ავტომანქანა, რომლითაც ის გადაადგილდებოდა და მიიტაცეს მგზავრთა პირადი ნივთები.
ასევე აფრასიძეებმა გაიტაცეს გაეროს თანამშრომელი, ბიზნესმენი ფილფანი, გვიჩიანის თოთხმეტი წლის ვაჟი და სხვა.
აფრასიძეები მძევლებში თხოულობდნენ და ღებულობდნენ დიდძალ გამოსასყიდს. მათ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ სხვა კრიმინალურ დაჯგუფებებთან და მათ სახლებს უამრავი ძებნილი აფარებდა თავს.
მეტიც, მან და მისმა გარემოცვამ წინასწარ იცოდა იმის შესახებ, როდის და რა ძალებით მიდიოდა პოლიცია სვანეთში.
გარდა საკუთარი აგენტურული ქსელისა, ამის გაგებას აფრასიძე ტექნიკური მოწყობილობებითაც ახერხებდა.
კერძოდ, სახლში დამონტაჟებული სპეციალური აპარატურით იგი პოლიციის რაციებსაც უსმენდა.
აფრასიძის სახლამდე შეუმჩნევლად მისვლა შეუძლებელი იყო, რადგან გორაკზე ასვლამდე მთელი სოფელი უნდა გაგევლო და რადგან ადგილობრივ მოსახლეობაში აფრასიძე ავტორიტეტით სარგებლობდა, უცხო პირების გადაადგილების შესახებ მას ხელის ბიჭები სწრაფად ატყობინებდნენ.
აფრასიძის საკმაოდ დიდი ეზოს ოთხივე მხარეს სპეციალური კოშკურები იდგა, სადაც ოჯახის წევრები და აფრასიძეებთან შეფარებული სხვა კრიმინალები 24 საათის განმავლობაში მორიგეობდნენ.
ევგენი აფრასიძე განსაკუთრებით ფრთხილობდა. დღეში რამდენჯერმე პირადად ჩამოივლიდა საგუშაგოებს, ხოლო ღამით სპეციალური ღამის ხედვის მოწყობილობას ირგებდა, დრაგუნოვის სნაიპერულ შაშხანას აიღებდა და გარემოს ზვერავდა.
ევგენი აფრასიძის შვილები გოჩა და ომეხი ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდნენ და მესტიის მისადგომებამდე საავტომობილო გზას სწორედ შვილები აკონტროლებდნენ.
ლახანში, ეცერსა და ბეჩოში მათი ნებართვის გარეშე ვერავინ გაჭაჭანდებოდა.
განსაკუთრებული სისასტიკითა და დაუნდობლობით ძმებში ომეხ აფრასიძე გამოირჩეოდა. იგი ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელიც იყო და მუდამ ჰქონდა წყარო, რომელიც მას ჰეროინით ამარაგებდა. ძალიან უყვარდა ოქროს სამკაულები და მათ დემონსტრირებასაც არ ერიდებოდა. ძებნილობის პერიოდში იგი ხშირად ჩნდებოდა ხალხში და ხაზს უსვამდა, რომ არავისი ეშინოდა.
ძმებისგან განსხვავებულ ცხოვრებას ეწეოდა შმაგი აფრასიძე, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავდა და ოჯახს შრომით არჩენდა.
სპეცოპერაცია ეცერში 2004 წლის მარტში ჩატარდა.
ცნობილია, რომ აფრასიძეებმა ერთი ვერტმფრენი ჯერ კიდევ ჰაერში დააზიანეს. ანუ ვერტმფრენს, რომელშიც სპეცრაზმელები ისხდნენ, ესროლეს ჯერ კიდევ დაჯდომამდე და მხოლოდ პილოტის პროფესიონალიზმმა იხსნა ბიჭები დაღუპვისგან: მან დაზიანებული ვერტმფრენის დასმა მოახერხა და დაახლოებით 20 სპეცრაზმელის სიცოცხლე იხსნა.
აფრასიძესა და მისი გარემოცვის წევრებს რუპორით დანებება შესთავაზეს, თუმცა აფრასიძეებმა სამართალდამცველებს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს.
ოპერაციის შედეგად, ევგენი აფრასიძის გვამი ალმოდებულ სახლში დაიწვა, ხოლო ბავშვები და ქალები არ დაზარალებულან, რაც სპეცოპერაციის შესრულების მაღალ დონეზე მეტყველებს.
სხვა აყვანილებთან ერთად დააკავეს რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ მურავიოვი, რომელსაც რუსეთის მილიცია, ჯერ კიდევ, საბჭოთა ეპოქიდან ეძებდა და იგი აფრასიძეებთან შავ მუშად, მონად ყავდათ.
2004 წლის 24 მარტს, მესტიის რაიონის სოფელ ეცერში სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელსაც მაშინდელი შს მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა. სპეცოპერაციას მამა-შვილი, ევგენი და ომეხ აფრასიძეები შეეწირნენ.
24 მარტის სპეცოპერაციის დროს, გოჩა და შმაგი აფრასიძეების ძმასთან - ვამეხ აფრასიძესთან ერთად, სამართალდამცველებმა ოჯახის მამა, ევგენი აფრასიძეც მოკლეს, რომლის ცხედარიც დაბომბილ სახლთან ერთად დაიწვა. ამასთანავე, ფსიქიკურად დაავადდა ოჯახის რძალი - შმაგი აფრასიძის მეუღლე. გოჩა და შმაგი აფრასიძეებს სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვისა და მკვლელობის მცდელობისთვის 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა, 9-წლიანი პატიმრობის შემდეგ კი, 2012 წლის 28 დეკემბრით დათარიღებულმა ამნისტიამ მათ სასჯელი გაუნახევრა, საბოლოოდ კი, ისინი ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ.
ეცერის სპეცოპერაციის შემდეგ, აფრასიძეების დაზარალებული ოჯახი სვანეთში აღარ დაბრუნებულა. დედა - დოდო აფრასიძე ოთხ შვილიშვილთან ერთად წალკის რაიონში დასახლდა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. გიორგი აფრასიძე, სოფელ წინწყაროს გამგებელი მისი ერთ-ერთი ვაჟის - შმაგის შვილია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან