|
2025-02-13 13:47:53, 389 ნახვა
მსოფლიო
The Washington Post - ისრაელი ირანზე იერიშს 2025 წლის პირველ ნახევარში გეგმავს
The Washington Post აშშ-ს სხვადასხვა სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელი ირანზე "წინმსწრებ" იერიშს მომდევნო რამდენიმე თვეში მიიტანს. ანგარიშის მიხედვით, ისრაელი 2025 წლის პირველ ნახევარში შეეცდება იერიშის მიტანას ირანის ფორდოვის და ნათანზის ბირთვულ ობიექტებზე. მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები Washington Post-თან ამბობენ, ისრაელი ირანზე იერიშს 2024 წლის ოქტომბერში, ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების დაბომბვიდან მოყოლებული გეგმავს. ისრაელის მთავრობამ, აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორმა უარი თქვეს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ბრაიან ჰიუზმა Washington Post-ის ანგარიში არ დაადასტურა, თუმცა, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრეზიდენტი ტრამპი არ დაუშვებს, ირანმა ხელში ჩაიგდოს ბირთვული იარაღი. "მიუხედავად იმისა, რომ მას [ტრამპს] ურჩევნია, ამერიკის გრძელვადიანი პრობლემები ირანის რეჟიმთან მოლაპარაკების სახით მოაგვაროს, ის უვადოდ არ მოიცდის, თუ ირანი მზად არ იქნება შეთანხმების მალე მიღწევისთვის" – თქვა ჰიუზმა Washington Post-თან. აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ირანზე ისაუბრა და პირდაპირ თქვა, რომ ისრაელის მიერ ირანის დაბომბვას ურჩევნია მასთან შეთანხმების მიღწევა. "მინდა ირანთან ბირთვული [იარაღის აკრძალვის] შეთანხმება დავდოთ. ეს მირჩევნია, ვიდრე მათ დაბომბვას... მათ არ უნდათ სიკვდილი. არავის უნდა სიკვდილი. თუ შეთანხმებას მივაღწევთ, ისრაელი მათ არ დაბომბავს" – თქვა ტრამპმა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თქმით, ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზადაა, თუმცა არა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული "მაქსიმალური წნეხის" სტრატეგიის პირობებში. "[ირანზე დაწესებული] სანქციების მოხსნა მოლაპარაკებებს საჭიროებს, თუმცა არა "მაქსიმალური წნეხის" რეფორმის ფარგლებში, ვინაიდან ეს არა მოლაპარაკებები, არამედ დამორჩილება იქნებოდა". - განაცხადა არაღჩიმ. ირანის უმაღლესმა დიპლომატმა ასევე დაამატა, რომ "ირანს არ სურს მოლაპარაკებების წარმოება ისეთ ქვეყანასთან, რომელიც პარალელურად ახალ სანქციებს უწესებს". ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება უკავშირდება ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიერ ირანის მთავრობისადმი მოწოდებას, არ გაემართა მოლაპარაკებები ვაშინგტონთან, ვინაიდან ასეთი ნაბიკი "წინდაუხედავი" იქნებოდა. ხამენეის თქმით, აშშ-სთან მოლაპარაკება "არ არის გონივრული, ბრძნული ან ღირსეული", რასაც, მისი თქმით, ვაშინგტონთან ურთიერთობის წინარე გამოცდილება უდასტურებს. ხამენეიმ ასევე აღნიშნა, რომ "ასეთ მთავრობასთან არანაირი მოლაპარაკებები არ უნდა იწარმოებოდეს". თუმცა, მიუხედავად ამ განცხადებებისა, გამოცემა Associated Press-ის ცნობით, ხამენეის ვაშინგტონთან მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ პირდაპირი ბრძანება არ გაუცია. როგორც AP წერს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც, თვეების განმავლობაში ირანელი მაღალჩინოსნები მიანიშნებდნენ, რომ ისინი ტრამპისგან მესიჯს ელოდებოდნენ, სურდა თუ არა მას თეირანის მსწრაფლ განვითარებადი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, "ირანზე მაქსიმალური წნეხის" მოსახდენად ჩამოყალიბებული განკარგულების ხელმოწერის დროსაც კი, მიანიშნა, რომ თეირანთან შეთანხმების მიღწევა სურს. "მე ამას ხელს მოვაწერ, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ მისი ხშირად გამოყენება არ დაგვჭირდება. ჩვენ დავინახავთ, შეგვეძლება თუ არა ირანთან შეთანხმების მიღწევა". - თქვა ტრამპმა 4 თებერვალს ოვალურ ოფისში აღნიშნულ განკარგულებაზე ხელის მოწერისას.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)