2025-01-19 17:09:42, 396 ნახვა
საზოგადოება
მეუფე შიო - შეგვაძლებინოს უფალმა, ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები ამ საღვთო სინათლეს და ძალას
ნათლისღების მადლს მოაქვს თვით ყოვლადწმინდა სამების მარადისმყოფი ნათელი და ძალა. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები ამ საღვთო სინათლეს და ძალას, რომელიც აქაც გადაგვარჩენს და შეგვიყვანს ცათა სასუფევლის მარადიულ ნათელში, -ამის შესახებ პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. მან მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ნათლისღების დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. „განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი, უფალო, აწ მოისახა ჩვენ ზედა“, - ასეთ სიტყვებს გალობს წმინდა ეკლესია დღევანდელი დღესასწაულის კონდაკში. ამ დღეს ეწოდება ასევე ღვთის განცხადება. უფალი იესო ქრისტე მიდის მდინარე იორდანეზე იოანე ნათლისმცემელთან, რომელიც იქ მონანულ ცოდვილებს ნათლავდა წყლით. მაცხოვარს ცოდვები არ ჰქონია, მაგრამ როგორც თავად გვამცნობს, ის მიდის იოანესთან, რათა „აღასრულოს ყოველი სიმართლე“. თავდაპირველად ნათლისმცემელი თითქოს შეაჩერებს მას და ეტყვის: „მე მმართებს, ნათელი მივიღო შენგან და შენ ჩემთან მოდიხარ?“ (მათე 3, 13-15), მაგრამ შემდეგ დაუთმობს უფალს და განსაკუთრებული მნიშვნელობის სიტყვებს წარმოთქვამს: „აჰა, ტარიგი ღვთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს“ (იოანე 1, 29). რას ნიშნავს იოანე ნათლისმცემლის ეს სიტყვები, რომლებითაც ის მიეგება მაცხოვარს? ეს ნიშნავს, რომ მესია, მხსნელი სოფლისა, რომლის მოლოდინზეც ამდენი იყო ნათქვამი ბიბლიაში, დღეს მოევლინა ქვეყნიერებას და განაცხადა თავისი თავი მდინარე იორდანეზე. როდესაც იოანემ მონათლა იესო, მაშინ „ცანი გაიხსნა, - როგორც მოგვითხრობს სახარება, - და ზეციდან გაისმა თვით მამა ღმერთის ხმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის“; და სულიწმიდა გამოჩნდა მტრედის სახით გარდამომავალი იესო ქრისტეზე (მათე 3, 16-17). აი, ასე მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, მაცხოვრის ნათლისღება მდინარე იორდანეზე და ყოვლადწმინდა სამების განცხადება. „სამებისა თაყვანისცემა გამოჩნდა“, - ნათქვამია დღევანდელი დღის ტროპარში. ამიტომაც ბრძანა უფალმა იესო ქრისტემ, რომ ყველა ადამიანი, ვინც ინათლება, ვისაც სწამს სამგვამოვანი ერთი ღმერთი, უნდა მოინათლოს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ეს ჭეშმარიტი ნათლობა, ჭეშმარიტი ნათლისღება ყოვლადწმინდა სამების სახელით, რომელიც შემდგომ უნდა ექადაგათ მოციქულებს, - როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - მაცხოვარმა დაადგინა სწორედ ამ დღეს, როდესაც მიიღო ნათლისღება მდინარე იორდანეზე იოანე ნათლისმცემლისგან. ამ დღეს ეწოდება ღვთის განცხადება ასევე იმიტომ, რომ უფალი იესო ქრისტე ცნობილი გახდა ხალხისთვის არა მაშინ, როდესაც იგი იშვა, არამედ როცა იგი მოინათლა მდინარე იორდანეზე; ნათლისღებამდე იგი უცნობი იყო ხალხისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ნათლისღებას. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ნათლისღების მადლს მოაქვს თვით ყოვლადწმინდა სამების მარადისმყოფი ნათელი და ძალა. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები ამ საღვთო სინათლეს და ძალას, რომელიც აქაც გადაგვარჩენს და შეგვიყვანს ცათა სასუფევლის მარადიულ ნათელში. ამინ!“,-აღნიშნა მეუფე შიომ ავტორი: ექსპრესნიუსი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის გაყვანის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან
ექიმი ამაღლობელზე - კვლევებში იყო ცვლილებები, გააგრძელებს სტაციონარულ მკურნალობას
უილსონი - საქართველო ცენტრალური აზიიდან წიაღისეულის ტრანზიტის საკვანძო კერაა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების ადმინისტრაციული კანონი უფრო დრაკონული იქნება, ვიდრე რუსეთის და ბელორუსის
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
ომი უკრაინაშირუსეთმა იზიუმზე ბალისტიკური იერიში მიიტანა - არიან დაღუპულები
აშშ-ში უკრაინის ელჩი - აქტიურად ვმუშაობთ ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპის გუნდებს შორის შეხვედრებზე
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა და საქართველო
მთავარი თემა
|