08:43 - 05 Feb, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 16:41:01, 320 ნახვა

სამართალი
სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა 16 იანვარს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. დოკუმენტში საუბარია აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის დასაბუთების ხარვეზებზე და უფლებრივი სტანდარტების ანალიზის ფონზე, განხილულია, რომ დაუშვებელია მხოლოდ აბსტრაქტულ და პოტენციურ საფრთხეებზე დაყრდნობით პირისთვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა.

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებისათვის საჭიროა, სახეზე იყოს რელევანტური და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულისათვის თავისუფლების ამ ხარისხით შეზღუდვას გაამართლებს.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობაში პროკურატურა როგორც მიმალვის, ასევე, მტკიცებულებების განადგურების/მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე მიუთითებდა.

ამგვარი რისკები პოტენციურად, შესაძლოა, ყველა სამართალწარმოების ფარგლებში არსებობდეს, სადაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. თუმცა საფრთხე, რომელიც გაამართლებს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას და თავისუფლების შეზღუდვას, უნდა იყოს კონკრეტული. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბსტრაქტული საფრთხის პირობებში, პატიმრობის გამოყენება, ფაქტობრივად, ყველა შემთხვევაში შესაძლებელი იქნება.

პროკურატურა, თავის შუამდგომლობაში აგრეთვე, მიუთითებდა ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე, მთავარ არგუმენტად მოყვანილი ჰქონდა ის ფაქტი, რომ ბრალდებული რამდენიმე საათის გათავისუფლებული იყო ადმინისტრაციული დაკავებიდან, სასამართლომ კი ეს არგუმენტი გაიზიარა.

აღსანიშნავია, რომ ფაქტი, რის საფუძველზეც მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, არ არის სასამართლოს მიერ შეფასებული. სასამართლოს არ განუხილავს მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება ან მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა. ამ პირობებში, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ხსენებული გარემოება არ წარმოადგენს იმგვარ არგუმენტს, რომელიც პატიმრობის გამოყენების წინააღმდეგ არსებულ ყველა სხვა არგუმენტს დაძლევდა.

ამასთან, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა.

სახალხო დამცველის აპარატი გაეცნო წარმოდგენილ ბრალდების შესახებ დადგენილებას, პროკურორის შუამდგომლობას, სასამართლოს განჩინებას, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და დაასკვნა, რომ პროკურორს სათანადოდ არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ იყო სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მიზანშეწონილი, მით უფრო, რომ სააპელაციო საჩივრის მიხედვით, დაცვის მხარე მზადყოფნას გამოთქვამდა, როგორც გირაოს საკმაოდ დიდი ოდენობით გადახდაზე, აგრეთვე, დამატებითი ვალდებულებების დაკისრებაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ცხადი გახდა, რომ სასამართლომ სათანადოდ არ უპასუხა დაცვის მხარის მიერ წარდგენილ შეთავაზებას და ჯეროვანი დასაბუთების მიღმა დატოვა ნაკლებ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მოხმობილ სამართლებრივ არგუმენტებს და იმსჯელებს მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, რომელიც იქნება კონკრეტული საფრთხეებით დასაბუთებული, ასეთის არსებობის შემთხვევაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აჭარის მთავრობის სახლთან პროტესტის 24-საათიანი რეჟიმი შეწყდება
სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის გაყვანის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან
ექიმი ამაღლობელზე - კვლევებში იყო ცვლილებები, გააგრძელებს სტაციონარულ მკურნალობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics