2025-01-15 12:46:34, 283 ნახვა
პოლიტიკა
მარია მალმერი - საქართველოში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია
„საქართველოში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია, შვედეთი მხარს უჭერს იმ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან,“ - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა ქვეყნის პარლამენტში (რიქსდაგი) საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა.
მისი თქმით, მთელი ამ დროის განმავლობაში შვედეთი ევროკავშირს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ თავისი პოზიციის მკაფიოდ გამოხატვისკენ მოუწოდებდა.
„შვედეთი ევროკავშირს მოუწოდებდა ამ მოვლენებთან დაკავშირებით თავისი წინააღმდეგობრივი პოზიცია მკაფიოდ გამოეხატა. საქართველოს საკითხი ბოლოს 16 დეკემბერს ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნა განხილული. იქ ხაზგასმით აღვნიშნე, რომ შვედეთი მხარს უჭერს იმ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან. ასევე, ხაზი გავუსვი საქართველოსთვის განკუთვნილი ევროკავშირის დაფინანსების გაყინული ფონდიდან საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის თანხების გადანაწილების მნიშვნელობას. ასევე, ევროკომისიის მიერ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობის შესახებ დამატებითი ანალიზი მოვითხოვე, რადგან ეს მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება, რომ არ შეიძლება ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობების უპირატესობებით ისარგებლო, როცა აღებულ ვალდებულებებს არ იცავ. მივესალმები იმ ფაქტს, რომ კომისიამ ასეთი წინადადება წამოაყენა“, - აღნიშნა მარია მალმერ სტენერგარდმა.
მარია მალმერმა „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ განცხადებებზე გაამახვილა ყურადღება და მიმდინარე საპროტესტოაქციებზე ისაუბრა.
„საქართველოში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. 2024 წელს რამდენიმე კანონი იქნა მიღებული, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობასა და ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას ზღუდავს. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დამკვირვებლებმა, მათ შორის ეუთო-ს დამკვირვებლებმა, დარღვებების შესახებ განაცხადეს. 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ პარტია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე არ აპირებს და ასევე, იმავე პერიოდში ევროკავშირის ყველა ფინანსურ მხარდაჭერაზე უარის თქმას აპირებს. აღნიშნულმა განცხადებამ საქართველოში მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია. რამდენიმე შემთხევაში, ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენება მოხდა“, - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,