2025-01-09 12:28:49, 265 ნახვა
პოლიტიკა
DRC - ხელისუფლება ქართული კანონების რუსულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას აგრძელებს
ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ცენტრი ,,ქართული ოცნების'' პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონებს ეხმაურება და წერს რომ ქართული ოცნება ქართული კანონების რუსულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას აგრძელებს.
,,საქართველოს არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა - მიხეილ ყაველაშვილმა გამაერთიანებელი რიტორიკის მიუხედავად, სადაც მან აღნიშნა, რომ მისთვის „საქართველოს თითოეული მოქალაქე ძვირფასია,“ ინაუგურაციის დღესვე 29 დეკემბერს ხელი მოაწერა შვიდამდე კანონს, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, და პირად უსაფრთხოებას, დისკრიმინაციის აკრძალვას.
კანონები, რომელთაც მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა 2024 წლის 13 დეკემბერს მიიღო არალეგიტიმურმა პარლამენტმა მესამე მოსმენით, მათ შორისაა:
ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში:
- პიროტექნიკის ფლობა და ლაზერების გამოყენების აკრძალვა შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს – პირველივე დარღვევაზე დაწესებული არაპროპორციულად მკაცრი ჯარიმები (1000-დან 2000 ლარამდე) ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. კერძოდ, უზღუდავს პროტესტის მონაწილეებს შესაძლებლობას გამოხატონ თავიანთი პოზიცია გაუმართლებელი ფინანსური სანქციების შიშის გარეშე (Kudrevičius and Others v. Lithuania, 2015)
- „სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით” დაფარვის აკრძალვა – შეზღუდვა, რომელიც პირველივე შემთხვევაზე 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, არაპროპორციულად მკაცრია. ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECtHR) არაერთგზის მიიჩნია მსგავსი შეზღუდვები გაუმართლებელ ჩარევად (Bukta v. Hungary, 2007).
- ადმინისტრაციული ჯარიმები დისპროპორციულად იზრდება – შეკრებისათვის თუ პოლიციამ მიიჩნია, რომ დემონსტრანტების რაოდენობა გზის გადაკეტვისთვის არასაკმარისია. შეკრებაში მონაწილეობისთვის 500 ლარის ნაცვლად 5000 ლარი, ხოლო ორგანიზატორებისთვის 5000 ლარის ნაცვლად 15,000 ლარი ჯარიმა ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა.
- ადმინისტრაციული შენობის შესასვლელის ბლოკირებაზე აქამდე არსებული ჯარიმის ნაცვლად 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დგინდება.
- თუ მძღოლები ავტომობილებით პროტესტს მსვლელობით შეუერთდებიან და პოლიცია ჩათვლის, რომ მოძრაობა ფერხდება, მძღოლი 1000 ლარით დაჯარიმდება და 1 წლით მართვის უფლება ჩამოერთმევა.
- მუნიციპალიტეტში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებისთვის [სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება] ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდება. განმეორებით წესის დამრღვევი კი 500 ლარის ნაცვლად 2 000 ლარით დაჯარიმდება.
- ასევე 500 ლარიდან 2000 ლარამდე იზრდება ჯარიმა ადმინისტრაციული ორგანოების შენობების ფასადებზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებისთვისაც. წესის განმეორებით დარღვევისთვის კი 3000-ლარიანი ჯარიმა ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული.
- კიდევ ერთი ახალი რეგულაცია, რაც დამტკიცდა, პრევენციული დაკავებაა. პრევენციული დაკავების უფლება მიენიჭა პოლიციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის მიზნით. ნებადართული ხდება პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთების, დოკუმენტების ჩამორთმევა.
- ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე მუხლში, რომელიც ეხება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. თუ არასრულწლოვანი სამართალდამრღვევად მიიჩნიეს ამ მუხლის დარღვევაში, მის მშობელს ან კანონიერ კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება ჯარიმა 100-დან 300 ლარამდე.
სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები:
- ფეთქებადი, ადვილაალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის, გამოყენების ან გადაგზავნის წესის დარღვევა რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე.
პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები:
- ასევე გამარტივებულია პოლიციაში დასაქმების პროცედურები, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს, რაც არსებითად აუქმებს კონკურსის და გამჭვირვალე შერჩევის აუცილებლობას. ეს პრაქტიკა კორუფციისა და ნეპოტიზმის რისკებს ზრდის და არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს.
საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები:
- საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარული ელემენტის წილი იზრდება, რაც ხელს უწყობს ვიწროპარტიულ ინტერესებს და ძირს უთხრის პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპს. ცვლილებებით სუსტდება მცირე პარტიების წარმომადგენლობა, რაც არღვევს პლურალიზმის პრინციპს და ხელს უწყობს ერთპიროვნულ მმართველობას.
ცვლილებები “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში:
- დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე აღარ იქნებიან პროფესიული საჯარო მოხელეები – ისინი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დანიშნული პირები გახდებიან.
რეორგანიზაციის პროცესი მარტივდება, რაც ზრდის რისკს, რომ ის პოლიტიკური წმენდის ინსტრუმენტად იქცეს. საჯარო მოხელეთა დაცვის გარანტიები, მათ შორის სასამართლოში დავის შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად სუსტდება.
დემოკრატიის კვლევის ცენტრის (DRC)-ის შეფასებით საქართველოს ხელისუფლება რეპრესიული კანონებით მიზანმიმართულად აწარმოებს ბრძოლას საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, აძლიერებს ოპოზიციის დისკრიმინაციას, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და მკაცრი სანქციებით დასჯადად აცხადებს პროტესტის ნებისმიერ ფორმას. ეს წარმოადგენს ძალაუფლების კონსოლიდაციისა და დემოკრატიული პროცესების განადგურების აშკარა მცდელობას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და მხოლოდ აძლიერებს ქვეყნის იზოლაციას ცივილიზებული სამყაროსგან და რუსული გავლენების გაძლიერებას". - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,
|
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
არქივი 2009 წლიდან
303,563 | უნიკალური ვიზიტორი დღეს 27,104 |
Powered By
|