შეიძლება ჩვენ შევცდით კომუნიკაციაში და რაღაც ისე ვერ მოგაწოდეთ, მაგრამ ბოლო დღეებში, ყოველდღიურად ვაკეთებთ ახსნა-განმარტებას, რომ საქართველო განაგრძობს ევროინტეგრაციის პროცესს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერი კიდევ ერთხელ შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და აღნიშნა, რომ საქართველო საბოლოოდ აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, თუმცა ხელისუფლება არ დაუშვებს რომ მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი შანტაჟის იარაღად იქნას გამოყენებული.
„დღეს ყველასთვის ცხადი გახდა ის, რაზეც კარგა ხანია ხმამაღლა და დაუფარავად ვსაუბრობდით, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, სახელმწიფო გადატრიალებისთვის, არეულობისთვის. ხელისუფლება, რომელიც სარგებლობს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნდობითა და მხარდაჭერით, დაიცავს ამ ქვეყნის, მოქალაქეების ინტერესებს და არ დაუშვებს ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარის ამოქმედებას ქვეყნის შიგნით მოკალათებული უსამშობლო აგენტების ხელით. ამის საპრევენციოდ ხელისუფლებამ ბევრი ნაბიჯი გადადგა - ნაწილი იყო მტკივნეული და არაპოპულარულიც კი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს იყო სწორი გადაწყვეტილებები ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ის, რის გამოაშკარავებას და გამჭვირვალობასაც ვითხოვდით, დღეს დევს ხელისგულზე და ყველას შეუძლია, საკუთარი ანალიზი გააკეთოს მიმდინარე პროცესებზე.
ერთი, რაც შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, საქართველოს „უკრაინიზაციის“ გეგმა არავის გამოუვა. სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია, მუშაობს გამართულად და ამ ქვეყნის ჩამოშლას ვერავინ შეძლებს.
28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, სადაც დეტალურად იყო ახსნილი, რომ საქართველო განაგრძობს ევროინტეგრაციას. ჩვენ გვაქვს ხელი მოწერილი ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომელიც არის ე.წ. გზამკვლევი და რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად მივყვებით პროცესებს. ასევე, ითქვა ის, რომ ჩვენ არ გვინდა ყოველთვის ვიყოთ შანტაჟის ქვეშ და ამჯერად, როგორც წინა შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსი იყო შანტაჟის იარაღი. ახლა კი, შანტაჟის იარაღად გამოიყენება მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი. დღეს არ დარჩა ქვეყანაში ადამიანი, ვინც ვერ გაიგო რეალობა. შეიძლება თავიდან იყო გაურკვევლობა, ბევრმა ვერ გაიგო, შეიძლება ჩვენ შევცდით კომუნიკაციაში და რაღაც ისე ვერ მოგაწოდეთ, მაგრამ ბოლო დღეებში ყოველდღიურად ვაკეთებთ ამ საკითხის გარშემო ახსნა-განმარტებას.
ჩვენ ვართ თავმოყვარე ერი, რომელსაც აქვს უდიდესი კულტურა, ტრადიციები, წარსული, რითაც ვამაყობთ და ამით ვართ საინტერესო ევროპული ოჯახისთვის. კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც ევროპის ზოგიერთი მაღალჩინოსნის და ევროპარლამენტარის მხრიდან ვხედავთ, თუ როგორ აშანტაჟებენ ქვეყანას. კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, დადეთ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და საქართველოს ხელისუფლება მზადაა, დღესვე მოაწეროს ხელი.
ევროპა მხოლოდ სიტყვები არ არის. რა არის ის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები, რაზეც ევროპაა დაფუძნებული? პირველ რიგში, ესაა მშვიდობა, სამართლიანობა, ადამიანის უფლებების დაცვა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლებების დაცულობა, რაც მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენთვის. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, პირველ რიგში, საქართველოში უნდა ვიცხოვროთ ევროპულად და დავიცვათ ეს ღირებულებები.
სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, სრულიად საპირისპირო ქმედებებს ვხედავთ - დაზიანებული, განადგურებული ინფრასტრუქტურით, დაშავებული სამართალდამცველებით; მოქალაქეებით, რომლებიც ისვრიან ყველაფერს, რისი საშუალებაც გააჩნიათ, მათ შორის, არასრულწლოვანების ხელიდან. გუშინ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც ის მოსწავლეების მიმართ მოწოდებებს აკეთებდა. წარმოუდგენელი რაღაცები ხდება. ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტი ჰქვია, ბავშვებს, არასრულწლოვანებს საპროტესტო აქციებში ჩართვისკენ მოუწოდებს. ეს ადამიანი მგონი საერთოდ ვეღარ აზროვნებს და წყობიდან გამოსულია. ის არ წარმოადგენს ამ ქვეყანას და ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს. საზოგადოება მის ქმედებებს შესაბამის პასუხს გასცემს.
გიყვარდეს საკუთარი ქვეყანა და ისწრაფოდე მისი განვითარებისთვის, სწორედ ეს არის ევროპული ღირებულებები. სწორედ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც კონსტიტუციაში - ქვეყნის უმაღლეს კანონში შეიტანა ჩანაწერი, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია; რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას; რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტით ევროპის ქვეყნებში გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი; ვინც მოახერხა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისთვის მიეღწია; ვინც შანტაჟისა და უამრავი შეურაცხყოფის მიუხედავად, მიიღო კანდიდატის სტატუსი; ჩვენ ვიქნებით ის ქვეყანა, რომელიც საბოლოოდ ევროკავშირის წევრი გახდება, ღირსებით და თავაწეული.
ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, რაც ჩვენი ხელისუფლების და ზოგადად, დემოკრატიული პრინციპების ერთ-ერთი წამყვანი ქვაკუთხედია. თუ რაღაცის გაპროტესტება გინდათ, გააპროტესტეთ, ხელს არავინ გიშლით, მაგრამ მშვიდობიანად. ნუ გავანადგურებთ ჩვენს სამშობლოს, დედაქალაქს, ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას ამ ქვეყნის შვილებს, ნუ დავაბულინგებთ მათ.
ჩვენ ვხედავთ როგორი შეურაცხყოფა და ზეწოლა მიმდინარეობს ადამიანებზე. ვინც ცოტა სხვანაირად ფიქრობს, არ ემხრობა ძალადობრივ ქმედებებს და აქციებს, ვერ წარმოიდგენთ როგორი ბულინგის მსხვერპლი ხდებიან. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის; რაც ანგრევს და ხლეჩს საზოგადოებას, ერთმანეთთან აპირისპირებს ადამიანებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავასრულოთ ეს ბოროტება. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველას, ვინც აქციების დროს დაშავდა, ეს იქნება პოლიციელი, მედიის წარმომადგენელი თუ აქციის მონაწილე. ბოლოს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს, რომლებსაც ბოლო დღეებია უწევთ 24-საათიან რეჟიმში მძიმე შრომა, ღამისთევა, რათა დედაქალაქის მთავარი გამზირი შეძლებისდაგვარად მოწესრიგებული და დასუფთავებული იყოს“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.