22:49 - 20 Sep, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-20 13:31:01, 278 ნახვა

საზოგადოება
TI - წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისიამ და სასამართლომ კრიტიკული ტელევიზიები უსამართლოდ დააჯარიმეს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისიამ და სასამართლომ კრიტიკული ტელევიზიები უსამართლოდ დააჯარიმეს.

TI მოუწოდებს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების "დისკრედიტაციის კამპანია" და მისცეს საშუალება კრიტიკულ მედიას, წინასაარჩევნო პერიოდში ფუნქციონირება შეუფერხებლად გააგრძელოს.

"მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისიდან "ქართულმა ოცნებამ“ ეროვნულ მაუწყებლებში განათავსა წინასაარჩევნო რეკლამა, რომელშიც უკიდურესად არაეთიკურ, არაკეთილსინდისიერ და შეცდომაში შემყვან კონტექსტში არიან ასახული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კანონის მოთხოვნებისადმი შეუსაბამობის საფუძვლით ტელეკომპანია "მთავარმა“ უარი თქვა რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განთავსებაზე, ხოლო "ტვ პირველმა“ და "ფორმულამ“ მალევე ამოიღეს ის ეთერიდან. ამის გამო, კომუნიკაციის კომისიამ და მოგვიანებით სასამართლომ თითოეული ტელეკომპანია 5000 ათასი ლარით დააჯარიმა.

გარდა ამისა, ტელეკომპანიების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიებმა სასამართლოს დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, 19 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ განმეორებით იმსჯელა ამ საკითხზე და ტელეკომპანიებს კიდევ ერთი სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. სავარაუდოდ, სასამართლო თითოეულ ტელეკომპანიას დამატებით არანაკლებ 10 000 ლარით დააჯარიმებს.

სარეკლამო ვიდეორგოლში ფრაზის "უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას“ ფონზე, ჩნდება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და სხვა პირების ფოტოებისგან შემდგარი კოლაჟი. ვიდეორგოლი მასში ასახულ ადამიანებს აქცევს სიძულვილის ჯგუფების სამიზნედ და აქეზებს მათ მიმართ ძალადობას, რაც საფრთხეს უქმნის მათ პირად უსაფრთხოებას, რის გამოვლინებასაც არაერთხელ ჰქონია ადგილი ადრეც, მათ შორის, ახლო წარსულში.

მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ რეკლამა სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია უფასო წინასაარჩევნო რეკლამის სტატუსით, რაც გულისხმობს მისი ეთერში გადაცემის მაღალ ინტენსივობას, რაც სრულიად არარეალურს ხდის სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან რეკლამაში გამოთქმულ ბრალდებებზე პროპორციული პასუხის გაცემის შესაძლებლობას. გასათვალისწინებელია, რომ რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მათ შორის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და "საქართველოს ევროპული ორბიტა”, ასევე ჩართული იქნება 26 ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგშიც.

მიგვაჩნია, რომ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლების "ქართული ოცნების" საარჩევნო ვიდეოში გამოყენება მიზნად ისახავს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ მმართველი პარტიის მიერ კოოდინირებული და დაგეგმილი კამპანიის გაგრძელებას და სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას. ხოლო კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებები ფინანსურ დარტყმას აყენებს კრიტიკულ მედიას.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და "საქართველოს ევროპულმა ორბიტამ” საჩივრებით მიმართეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას "ქართული ოცნების“ მიერ განთავსებული რეკლამების არსებული სახით სამაუწყებლო ბადიდან მოხსნის მოთხოვნით. "საქართველოს ევროპულმა ორბიტამ” ასევე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც.

მოვუწოდებთ პარტია "ქართულ ოცნებას", შეწყვიტოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის კამპანია და მისცეს საშუალება კრიტიკულ მედიას, შეუფერხებლად გააგრძელოს ფუნქციონირება წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე მოვუწოდებთ სამთავრობო მედიებს, შეწყვიტონ სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის კამპანიებში მონაწილეობა და მოხსნან ეთერიდან აღნიშნული ვიდეორგოლები",- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - უკრაინის გამარჯვების გეგმა პარტნიორების სწრაფ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
კამალა ჰარისი - მომავალ კვირას, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტს მეშვიდედ შევხვდები
SOLO-ს მხარდაჭერით, GYMBREEZE-ის პადელის ყოველწლიური ტურნირი იწყება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics