|
2016-02-17 11:29:42, 1401 ნახვა
საზოგადოება
კვირის დოკუმენტი - გიორგი წერეთელი, აკაკი შანიძე და ირაკლი აბაშიძე შოთა რუსთაველის ფრესკასთან
ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია ფოტო, რომელზეც გიორგი წერეთელი, აკაკი შანიძე და ირაკლი აბაშიძე შოთა რუსთაველის ფრესკასთან დგანან. იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, 1960 წელი. „მივაგენით. ნამდვილად მივაგენით! აქ არის რუსთაველის პორტრეტი! და ნამდვილად რუსთაველის პორტრეტი, სხვისა არავის!" ფრესკა, რომელიც საღებავით იყო დაფარული, ქართველმა მეცნიერებმა 1960 წელს იერუსალიმში ექსპედიციისას აღმოაჩინეს. "მე და აკადემიკოსი გიორგი წერეთელი შესვლისთანავე მარჯვენა სვეტს მივადექით. სად უნდა ყოფილიყო აქ დიდი შოთას პორტრეტი?... შემოვუარეთ სვეტს ირგვლივ, შემოვუარეთ საკურთხევლის მხრიდანაც. გიორგი წერეთელი კითხულობს ბერძნულად: „მაქსიმე აღმსარებელი", „იოანე დამასკელი". სწორედ აქ, აი აქ უნდა იყოს რუსთაველიც, – ვამბობთ ჩვენ. წმინდანთა შორის დარჩენილი ადგილი დღეს მთლიანად ლურჯი, შავი საღებავებითაა დაფარული, მაგრამ აი აქ, ეტყობა, რაღაც უნდა ყოფილიყო და შემდეგ შეგნებულად წაუშლიათ. კარგად ვაკვირდებით ამ ადგილს: ერთგან, საღებავის ქვეშ, რაღაც ძნელად გასარჩევი კვალია ამობურცული. ჩვენ დიდხანს შევცქერით ამ კვალს, აკაკი შანიძეც თავს ანებებს თავის საქმეს და ჩვენ გვიერთდება. სასწრაფოდ სანთელს ვანთებთ და ამობურცულ ადგილს გვერდიდან ვაშუქებთ. ამობურცული ადგილები სინათლის შუქზე გარკვეულ ჩრდილს გვაძლევენ. დაბეჯითებით, თვალმუშორებლად ვაკვირდებით სვეტის ამ ადგილს და ჩვენი მეცნიერები ხმადაბლა, დაფარული მღელვარებით მოულოდნელად კითხულობენ: „ამსა დამხატ"... „ამისა დამხატავსა", უსათუოდ „ამისა დამხატავსა" – ამბობს გიორგი წერეთელი, – აქაა წარწერა, ცნობილი წარწერა, მივაგენით, მე აღფრთოვანებული ვახალისებ ჩვენს მეცნიერებს ახალი და ახალი სიტყვების ამოსაკითხავად. ისინიც თვალმოუშორებლად ჩაჰკირკიტებენ სვეტს. მერე მე წარწერის ქვემოთ, მუქ ლურჯ, შავ საღებავს კარგად ვაკვირდები, აქ კიდევ რაღაც არის ამობურცული. ეს ხომ თითებსა ჰგავს, თითების ლანდს, თითების კვალს. აგერ თვალიც, ნამდვილად თვალი... აკაკი შანიძეც ადასტურებს, რომ იგი თითქოს ამჩნევს თითებისა და თვალის კვალს. გიორგი წერეთელიც ამჩნევს. თითების კვალია, თვალის კვალია, – ვადასტურებთ ერთხმად. ბერძენი ბერიც დიონისიოც გვიდასტურებს. ეს კიდევ ქუდი, ესეც მეორე ხელი... ნამდვილად მეორე ხელი. მივაგენით. ნამდვილად მივაგენით! აქ არის რუსთაველის პორტრეტი! და ნამდვილად რუსთაველის პორტრეტი, სხვისა არავის!" ირაკლი აბაშიძე, ნაწყვეტი წიგნიდან „პალესტინის დღიური". ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში, აკაკი შანიძის ფოტოკოლექციაში. „კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)