|
2023-12-01 12:51:27, 970 ნახვა
პოლიტიკა
„საქართველომ შეცვალოს ნეგატიური ტენდენცია და განაგრძოს სვლა სრული თავსებადობისკენ“ - რა წერია ევროპული საბჭოს განსახილველ პროექტში
კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობა, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა, დეოლიგარქიზაცია, ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობა - "რადიო თავისუფლების" ცნობით, ეს და სხვა პრიორიტეტებია ხაზგასმული ევროპული საბჭოს დოკუმენტის პროექტში, რომელიც აღნიშნულმა მედიასაშუალებამ მოიპოვა და რომელიც ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გამოცემული რეკომენდაციების საფუძველზეა შედგენილი. დოკუმენტის პროექტში, სადაც გადაწყვეტილების ნაწილი ჯერ ღიაა, ნათქვამია, რომ საბჭო მოუწოდებს საქართველოს, „აჩვენოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობების მიმართ, გააგრძელოს დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები და შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, გააზრებულად და შეუქცევადად იმისთვის, რომ წინ წაიწიოს ევროკავშირში სამომავლო წევრობისკენ“. დოკუმენტის თანახმად, საბჭო მხედველობაში იღებს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სწრაფვას ევროკავშირის წევრობისკენ. საქართველოს შემთხვევაში საბჭო განსაკუთრებით გამოყოფს და მიესალმება:
ტექსტში ხაზგასმულია, რომ „ეს ელემენტები საქართველოსთვის უზრუნველყოფენ მტკიცე საყრდენს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების წინ წასაწევად“. ტექსტის პროექტის მიხედვით, საბჭო შეახსენებს საქართველოს აღებულ ვალდებულებას, რომ სამოქალაქო საზოგადოებას „გარანტირებულად ექნება თავისუფლად მუშაობისა და აქტიური, ინკლუზიური და გააზრებული ჩართულობის შესაძლებლობა პოლიტიკის შემუშავების პროცესში“. „ეს უზრუნველყოფდა რეფორმირების უფრო ეფექტიან და მდგრად პროგრესს ფუნდამენტურ სფეროებში, კერძოდ - კანონის უზენაესობისა და ძირითადი უფლებების მხრივ“,- წერია საბჭოს დასკვნების პროექტში. ასევე მითითებულია, რომ „საბჭო მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში - აჩვენოს კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი, გადალახოს პოლარიზაცია და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა და შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები და რეფორმების დღის წესრიგი". დოკუმენტში გამოყოფილია ასევე გაფართოებისთვის ფუნდამენტური შემდეგი საკითხები:
პროექტის თანახმად, ევროპული საბჭო ხაზს უსვამს „დეზინფორმაციასთან, უცხო ქვეყნების საინფორმაციო მანიპულაციასთან და ევროკავშირის, მისი ფასეულობების წინააღმდეგ ჩარევასთან“ ბრძოლის მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს „გადადგას გააზრებული ნაბიჯები“ ამ მიმართულებით. საბჭო ხაზს უსვამს „ძლიერ მოლოდინს“, რომ საქართველო „არსებითად გაზრდის თავსებადობას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან“ და „შემზღუდველ ზომებთან, მათ შორის - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებთან შესაბამისად“. „ის [საბჭო] მოუწოდებს საქართველოს პრიორიტეტულად შეცვალოს ნეგატიური ტენდენცია და განაგრძოს სვლა სრული თავსებადობისკენ. ეს იქნება ქვეყნის სტრატეგიული არჩევანის ნათელი ნიშანი ევროკავშირის წევრობისთვის",- წერია ტექსტში. გაფართოების შესახებ დოკუმენტის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს „ევროკავშირთან კარგი თანამშრომლობა ევროკავშირის შემზღუდველი ზომების გვერდის ავლის პრევენციის მიმართულებით, მათ შორის - რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ“. „საბჭო კვლავ აცხადებს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების სრულფასოვანი მოქმედება და მართლმსაჯულებასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები ქვეყნისთვის პრიორიტეტად უნდა დარჩეს“,- წერია „გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების“ პროექტში.
საბჭო მოუწოდებს საქართველოს, „უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი 2024 წელს და სრულად შეასრულოს OSCE/ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, წინა არჩევნებიდან“. არჩევნებთან მიმართებით საბჭო აღნიშნავს, რომ „ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მტკიცე ჩარჩო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიის გასაძლიერებლად“. საბჭო კვლავ აცხადებს, რომ „საქართველომ სრულად უნდა სცეს პატივი ფუნდამენტურ უფლებებს“:
ევროკავშირის „გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების“ პროექტს, 12 დეკემბერს, ჯერ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე; 14-15 დეკემბერს კი, საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)