|
2023-09-29 14:40:55, 646 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - თუ რუსეთი უკრაინაში არ შეაჩერეს, პუტინი თავს ბალტიისპირეთის ქვეყნებს ან საქართველოს დაესხმება
თუ რუსეთი უკრაინაში არ შეაჩერეს, ვლადიმერ პუტინი თავს დაესხმება ბალტიისპირეთის ქვეყნებს ან საქართველოს. აუცილებელია ყველაფერი გავაკეთოთ, რათა რუსეთმა არ გააგრძელოს ბრძოლა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვაზე, "საქართველომ ისე, როგორც არავინ იცის, რას ნიშნავს რუსული აგრესია - 15 წლის წინ თქვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული იყო. გაქვთ ოდესმე მათი დაბრუნების იმედი?" პრეზიდენტმა განაცხადა: "პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ყველა მცხოვრებს იმედი აქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ტერიტორიების გაერთიანებას. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ და საქართველოს ყველა მცხოვრები, ალბათ, აღიარებს, რომ არ გვინდა ძალის გამოყენება ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად. ჩვენ გვინდა დავიბრუნოთ იქ მცხოვრები ხალხი. ამის განხორციელების ერთ-ერთი შესაძლო გზა არის სწორედ ევროკავშირში გაწევრიანება. ამ გზის გახსნა საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებულ აფხაზეთში, სამომავლო პერსპექტივა მოიპოვონ და მათ შესაძლებლობა მიეცემათ, გააცნობიერონ, რომ მათი ვინაობა, უფლებები და მშვიდობა შენარჩუნდება, ეს არის ყველაფერი, რაც რუსეთმა აშკარად ვერ უზრუნველყო ოკუპაციის დროს",- განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, უკრაინის გამარჯვება ხელს შეუწყობს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. "მთელი ევროპა, თავად დემოკრატია და მისი მომავალი საფრთხის ქვეშაა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში ახლა და უკრაინა იგებს ამ ბრძოლას, რადგან ის წინააღმდეგობას უწევდა იმდენხანს, რომ დანარჩენ მსოფლიოს შეუძლებელი ეგონა. ეს არის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოიყენოს იმის დასანახად, რომ უკრაინა დაუმარცხებელია. უკრაინისა და მისი პრეზიდენტის მიერ გამოვლენილი გამძლეობა და გამბედაობა აჩვენებს მთელ მსოფლიოს, რომ მათ შეუძლიათ უარი თქვან რუსეთის სამხედრო ძალაზე, წინააღმდეგობა გაუწიონ რუს სამხედროებს და დაამცირონ ისინი, იმის გამო, რაც მოხდა - სამხედრო მეთაურების ცვლილებები, ომის სტრატეგიის გაუთავებელი ცვლილებები, პრიგოჟინის საქმე - აჩვენებს, რომ მან უკვე წააგო პირველი ტური. ახლა უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, უკრაინის გამარჯვება კი, ყველას გამარჯვებამდე მიგვიყვანს და ხელს შეუწყობს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ძალიან ეგოისტურად ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რომელიც უბრალოდ შეუცვლელია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპისთვის. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვსაუბრობთ უკრაინის ომზე. სამი ზღვის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ ჯერ არ შევუერთდით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი ინტერესის მქონე ინიციატივაა და ხელს შეუწყობს ჩვენი მომავლის უზრუნველყოფას. ყველა ის დიდი პროექტი, რომელსაც ევროპა ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში, ნამდვილად უზრუნველყოფს ჩვენს წარმატებას და ხელს შეუწყობს უკრაინის წარმატებას. ასევე, ფაქტია, რომ მხოლოდ უკრაინის გამარჯვებას შეუძლია მშვიდობის უზრუნველყოფა, ამიტომ ჩვენც უნდა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთი არ გასცდეს თავის საზღვრებს და მოიქცეს ნორმალური სახელმწიფოსავით. სანამ ეს არ მოხდება, ვერავინ იცხოვრებს მშვიდად და ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ არ გვემუქრება შემდგომი ინტერვენციები, რადგან რუსეთი დარჩება რუსეთად, როგორიც იყო, ვნახეთ და ვიცოდით. ვლადიმერ პუტინის შეჩერება უკრაინელებს და ყველა ევროპელი პარტნიორის სოლიდარობასა და ერთიანობას შეუძლია. მართლაც, ამ ყველაფერმა ვერ გაამართლა პუტინის მოლოდინი, რადგან ის ელოდა ევროპის გაყოფას და იმას, რომ ბევრი მოკავშირე დაუყოვნებლივ შეწყვეტდა უკრაინის მხარდაჭერას, მაგრამ ეს არ მოხდა. მართლაც იშვიათია სოლიდარობის ასეთ მაღალ დონეზე დარჩენა ამდენხანს, მათ შორის მედიაშიც. ეს მართლაც ძალიან იშვიათი შემთხვევაა. აშშ-ის მხარდაჭერას, რომელიც მუდმივად მეორდება და ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დროს, კიდევ ერთხელ განმეორდა, რუსეთის პრეზიდენტი არ ელოდა",- განაცხადა პრეზიდენტმა. ამასთან, შეკითხვაზე "ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის გამო ორი ომი გააჩაღეს. არის თუ არა დღევანდელი შედეგი მსოფლიოსთვის გზავნილი, რომ მსგავსი კონფლიქტები ძალის გამოყენებით წყდება?" სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: "იმედია, არა. საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია და გადავწყვიტეთ, რომ ძალას არ გამოვიყენებთ მათ უკან დასაბრუნებლად, რადგან ეს არ იქნება ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის და ჩვენი თანამოქალაქეების ნებასთან შესაბამისობაში. რა თქმა უნდა, წარსულში არსებობდა შესაძლებლობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რამე მშვიდობიანი გადაწყვეტის პოვნა, სამწუხაროდ, რუსეთმა უარყოფითი როლი ითამაშა ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში, ხელი შეუშალა ამ საკითხზე შეთანხმებას, ამიტომ მივედით იმ შედეგამდე, რაც ახლა გვაქვს და შედეგებს კვლავ ვხედავთ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ადამიანური ტრაგედია, რომელიც დიდ ტკივილს აყენებს ამ რეგიონში მცხოვრებ ყველა ადამიანს, მათ შორის მეზობელ ქვეყნებს, მაგრამ ამან ძირეულად შეცვალა სომეხი ხალხის დამოკიდებულება მეგობრებისა და მტრების მიმართ. რწმენა, რომ მხოლოდ რუსეთს შეუძლია უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები ამ პატარა სახელმწიფოსთვის, "აორთქლდა". ახლა სომხები დასავლეთისკენ იხედებიან, რადგან ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს. სომხები ასევე დიდად ეყრდნობიან ევროპულ და ქრისტიანულ ღირებულებებს, რაც უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა სომხეთისთვის ერთადერთი პერსპექტივა დასავლეთისკენ და ევროკავშირისკენაა მიმართული. ევროკავშირი იქ საკმაოდ აქტიური იყო ბოლო ათწლეულის მანძილზე, გაგზავნა სადამკვირვებლო მისია. ჩვენ უბრალოდ უნდა დაველოდოთ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების უფრო აქტიურ ქმედებებს. ამ ვითარებაში, შეერთებულმა შტატებმა საკმაოდ ნათლად აჩვენა, რომ სურს იქ ჰუმანიტარული მისიის გაგზავნა და ამ რეგიონში უფრო აქტიური მონაწილეობა",- დასძინა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)