|
2023-09-22 15:55:29, 978 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - ჩვენ ვავითარებთ ანაკლიის პორტს, ვავითარებთ პასუხისმგებლობით
იმის მიუხედავად, რომ ჩვენ დღეს ჯერ არ გვაქვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, საქართველოს საპორტო, სარკინიგზო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა სრულად ჯერ კიდევ არ არის ათვისებული. გვაქვს პოტენციალი, რომ ქვეყანაში არსებული საპორტო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით არათუ უარი ვთქვათ ახალ ტვირთებზე, არამედ ვიმუშაოთ ტვირთბრუნვის ზრდაზე, ახალი ბაზრების განვითარებაზე, ახალი ტვირთების მოზიდვაზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. როგორც ლევან დავითაშვილი აცხადებს, მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტი, თუმცა, მისი წარმატებით განხორციელება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სწორად არის ჩამოყალიბებული პირობები და სწორად და პასუხისმგებლობით ხდება გადაწყვეტილებების მიღება, ასევე კონტექსტი არის სათანადოდ აღქმული და გათვალისწინებული. „სხვა შემთხვევაში რთულია, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო და ჩვენ ვნახეთ, რომ ის აქამდე ვერ განხორციელდა", - აღნიშნა დავითაშვილმა. ამასთან, მინისტრის თქმით, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ზრდა-განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. მათ შორის, ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ბოლო წლებში შთამბეჭდავია ტრანსპორტის და დასაწყობების წილი და როლი ეკონომიკაში - 2021 და 2022 წლებში ის განსაკუთრებით გაიზარდა, 2022 წელს მთლიან შიდა პროდუქტში 6.5%-მდე. „თავად ტრანსპორტის დარგის ზრდა იყო ძალიან შთამბეჭდავი - 2021 წელს გვქონდა 28.9%, 2022 წელს - 28.4% და მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს 2023 წლის პირველ ნახევარშიც. ანუ, ის პოზიტიური ტენდენცია, რომელიც შეიძლება საქართველოს ეკონომიკისთვის ტვირთბრუნვის ზრდას ჰქონდეს, ასეც მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვახერხებთ არსებული ინფრასტრუქტურით. თუმცა, განვაახლეთ პროგნოზები, რომელიც გაკეთებულია წამყვანი და ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური საერთაშორისო კომპანიის მიერ და როდესაც ვსაუბრობთ ანაკლიის პროექტის საჭიროებაზე, რა თქმა უნდა, ეს საჭიროა, მაგრამ საჭიროა გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ გრძელვადიან ზრდას ვუპასუხოთ განახლებული ინფრასტრუქტურით", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი. მისი განმარტებით, ანაკლიის პროექტიც, ფოთის და ბათუმის პორტებიც და ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც ემსახურებიან ე.წ. შუა თუ ცენტრალურ დერეფანს, რომელიც საქართველოს აკავშირებს ევროპასთან და ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთის ქვეყნებთან. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნას დერეფნის გამტარუნარიანობა და შესაძლებლობები. „შუა დერეფნის განვითარებაში ჩვენთან ერთად ჩართული მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების გეგმები და ჩვენი გეგმები დროში სრულიად თანხვედრაშია. ჩვენ ვავითარებთ ანაკლიის პორტს, ვავითარებთ პასუხისმგებლობით საქართველოს ეკონომიკისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში - იმ დროს, როცა საქართველოს შესაძლებლობები კიდევ უფრო განვითარდება და დერეფანში კიდევ უფრო მეტი ტვირთი გვექნება", - აცხადებს დავითაშვილმა. რაც შეეხება ვადებს - ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ნავსადგურის ოპერირების დაწყება უნდა მოხდეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის (კონცესიონერის) მიერ მშენებლობის დაწყებიდან 3 წლის ვადაში. მშენებლობის დაწყების ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვე. მინისტრის განცხადებით, ამ პერიოდში ყველა მოსამზადებელი სამუშაო დასრულებული იქნება და მშენებელი კომპანია იურიდიულად მზად იქნება სამუშაოების დასაწყებად.
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)