06:31 - 27 Jul, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 01:15:11, 1362 ნახვა

პოლიტიკა
ელოდება თუ არა საქართველოს ფინანსური კოლაფსი ფარცხალაძეზე გადაფარებისთვის

მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა. ცვლილებები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 8 აგვისტოს ბრძანებაში დღეს, 19 სექტემბერს შევიდა.

მას სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აწერს ხელს.

ყოფილი გენერალური პროკურორისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 14 სექტემბერს გამოაქვეყნა. ირაკლი კობახიძემ კი გუშინ, 18 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან ფარცხალაძისთვის ანგარიშების გაყივნა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოვიდოდა.

ის ამბობდა, ეროვნულ ბანკს შეუძლია უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუზღუდოს კომერციული ან სხვა ტიპის საქმიანობა, თუმცა საქართველოს მოქალაქე კონსტიტუციით განსაკუთრებულადაა დაცული.

დღევანდელი ბრძანებით მიღებული ცვლილებებიც, სწორედ იმას განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში უნდა გავრცელდეს სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე.

კერძოდ, ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იგივე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.

უფრო ზუსტად, ბრძანებაში წერია:

“საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული გამონაკლისი:

1. ამ წესით გათვალისწინებულ სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:

ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.“

ბრძანების თანახმად, ის გამოქვეყნებისთანავე, ანუ დღეიდან ამოქმედდება.

ცვლილებების შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი “სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით მოქმედებს,” თუმცა პირველად ხდება, როცა “ასეთი სანქციები” საქართველოს მოქალაქეს შეეხო:

“როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ – ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად.

ამასთან, ამ პროცესში, ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის  მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში” — ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რეალურად კი თავად სებ-ი განმარტავდა რატომ უნდა დაუწესდეს ყველა პირს სანქცია ვინც აშშ-ს ხაზინს სიაში მოხვდება: სების გადაწყვეტილება უკვეა დამატებით სანქციების საფუძველი. 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. მითითებისა და წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა მათ შორის, გაითვალისწინოს აშშ-ს ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქცია დაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება, რაც გულისხმობს სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას. სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

იურისტი ლევან ალაფიშვილი სებ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ეროვნულმა ბანკმა გამონაკლისი ბრძანებით, სანქცირებულ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა უნდა აღუდგინოს.

მისი მოსაზრებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა "ქართულ ოცნებასთან" ვალშია და ახლა ამ გადაწყვეტილებით იგი მმართველ პარტიას ვალს უსტუმრებს.

"საქართველოს პრეზიდენტი ბლოკავდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მმართველი პარტიის მიერ ლობირებულ ნათელა თურნავას. საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონს რომლითაც მმართველმა პარტიამ ეროვნული ბანკის პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტი შექმნა. 

საერთაშორისო ინსტიტუტები მმართველ პარტიას ურჩევდნენ არ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება და ეროვნული ბანკის პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის საფრთხე არ შეექმნათ.

მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია, საერთაშორისო ინსტიტუტების რჩევაც უგულებელყო და ნათელა თურნავა ეროვნული ბანკის პირველ ვიცე პრეზიდენტად განაწესა.

მმართველი პარტიის წინაშე ვალში მყოფმა ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა ნათელა თურნავამ დაიწყო ვალის გასტუმრება და პარტიის დავალებების შესრულება, ეროვნული ბანკისა და საბანკო სისტემის სერიოზული საფრთხის მიუხედავად.საბანკო სისტემის საფრთხე ნიშნავს ლარის და ეკონომიკის სტაბილურობის საფრთხეს", - წერს იურისტი. 

"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ანტიეროვნული ქმედება განახორციელა, რასაც საერთო პროტესტი უნდა მოჰყვეს.

"აქციები და საერთო პროტესტი! ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის ანტიეროვნული ქმედების წინააღმდეგ ერთად ბრძოლაა საჭირო!

რუსული კრიმინალური მმართველობა საქართველოში არ იქნება...
ვიწყებთ კონსულტაციებს ყველასთან, ვისთვისაც ქვეყნის დასავლური მომავალი მნიშვნელოვანია", - წერს ხაზარაძე.

მანამდე საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. 

ოთარ ფარცხალაძეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეკონომიკური სანქციები 2023 წლის 14 სექტემბერს დაუწესა, ამავე სანქციების სიაში მოხვდა FSB-ში ფარცხალაძის კურატორი ალექსანდრ ონიშენკო და ფარცხალაძესთან დაკავშირებული ორი კომპანია, რომლებიც რუსეთში არიან რეგისტრირებული. სახელმწიფო დეპარტამენტი ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ფარცხალაძე ნახსენებია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

განცხადების თანახმად, სავარაუდოდ, FSB-ს ოფიცერი ალექსანდრ ონიშენკო ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა. 

"ონიშჩენკო და FSB ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლო გავლენის მოხდენაში იყენებენ,"- წერია განცხადებაში. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთზე წყალი და ტალახი ჩამოვიდა [ვიდეო]
კირბი - კამალა ჰარისი ისრაელის საიმედო მეგობარია
ერდოღანი - მსოფლიომ დაინახა, როგორ დაუკრეს ტაში გენოციდურ მკვლელს აშშ-ის კონგრესში
ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და მის წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics