|
2023-06-07 16:27:24, 1407 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - უკრაინა ოქტომბერში აფრთხილებდა მსოფლიოს ხელოვნურ კატასტროფაზე - პასუხი დუმილი იყო
ოქტომბერში უკრაინა აფრთხილებდა მსოფლიოს, რომ რუსეთი ხელოვნურ კატასტროფას ამზადებდა და კაშხლის წყალსატევები დანაღმული იყო,- ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი უკრაინაში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას. პოდოლიაკის თქმით, დროა, მსოფლიომ გაიაზროს, ვინ, როდის, რატომ და როგორ გეგმავდა ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას. "2022 წლის ოქტომბერში უკრაინა აფრთხილებდა მსოფლიოს, რომ რუსეთი ხელოვნურ კატასტროფას ამზადებდა, კაშხლის წყალსატევები დანაღმული იყო. პასუხად - დუმილი, არანაირი შეშფოთება, არანაირი გაფრთხილება. 2023 წლის ივნისში რუსეთმა ააფეთქა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური. არ არის დრო, დავიწყოთ დასკვნების გამოტანა? და იქნებ, დროა, გავიაზროთ, ვინ, როდის, რატომ და როგორ გეგმავდა ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას?",- წერს პოდოლიაკი. ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ გუშინ, 6 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა, ადგილობრივი დროით 02:50 საათზე, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. მომხდარის შედეგად, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე, კრიტიკულ ზონაში, ათასობით ადამიანი აღმოჩნდა. რაც შეეხება რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროს, რელიეფის სიდაბლის გამო, ის კიდევ უფრო დიდი რისკის წინაშე დგას. დასახლებული პუნქტების დატბორვის საფრთხის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს. აფეთქებიდან პირველ საათებში წყალმა მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორა 8 დასახლება და ხერსონის ერთი მიკრორაიონი მარჯვენა სანაპიროზე. ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის გამო, მდინარე დნეპრი, სულ მცირე, 150 ტონა ძრავის ზეთით დაბინძურდა. უკრაინის მთავარმა ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-მა გუშინვე განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. აღსანიშნავია, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური სამხრეთ უკრაინას ელექტროენერგიითა და სუფთა წყლით ამარაგებდა. აღნიშნული სადგური ასევე მნიშვნელოვანი იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის, რადგან მისი გაგრილების აუზების სიმძლავრე დამოკიდებულია დნეპრში წყლის დონეზე. რაც შეეხება აფეთქებაში რუსეთის მონაწილეობას, კრემლმა მომხდარს "დაგეგმილი დივერსიის შედეგი" უწოდა, მასში რუსი ჯარისკაცების მონაწილეობა უარყო და "დივერსიის ავტორად" უკრაინა დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)