04:25 - 30 May, 2023
რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-23 20:01:54, 375 ნახვა

სამართალი
პროკურატურის განცხადება ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თაობაზე

2023 წლის 23 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საქმეზე – „ფირცხალავა და ცააძე საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ ე.წ კორტების სპეცოპერაციას, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობით დასრულდა, ხოლო ავტომანქანაში მყოფმა კიდევ ერთმა პირმა მძიმე დაზიანებები მიიღო. აღნიშნულ სპეცოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი 50-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა, რომლებმაც ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ ასზე მეტი გასროლა განახორციელეს.

მომხდარ ფაქტზე, 2012 წლის დეკემბერში საქართველოს პროკურატურის მიერ, განახლებული გამოძიების ფარგლებში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის, განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი ყოფილი თანამშრომელი გასამართლდა, მათ შორის არიან შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და ამავე დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე - გიორგი ცააძე. კერძოდ:

2015 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით,  ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე განაჩენით, დამანაშავედ იქნა ცნობილი გიორგი ცააძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე და მასაც საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მომჩივნები ევროპული სასამართლოს წინაშე ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) ფარგლებში დაობდნენ რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მათ მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნებოდა მხოლოდ  სპეციალური ძალების წარმომადგენლების არასანდო და უკანონოდ მოპოვებულ ჩვენებებს.

მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ დაუშვებელი მტკიცებულებების გაზიარებით და ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ეროვნულმა სასამართლოებმა დაარღვიეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.
ირაკლი ფირცხალავა კონვენციის მე-6 მუხლის ფარგლებში, ასევე დაობდა დაცვის მხარის მოწმეების სასამართლოში გამოცხადებისა და მათი დაკითხვის შეუძლებლობის საკითხებზე.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მტკიცებულებები მომჩივნების წინააღმდეგ, მათ შორის  სპეციალური ძალების წარმომადგენელი 7 მოწმის ჩვენება, გამოკვლეული იქნა საჯარო სასამართლო სხდომაზე, მომჩივნების და მათი წარმომადგენლების თანდასწრებით, რომელთაც ჰქონდათ შეუზღუდავი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ მათ დაკითხვაში. ასევე, დაცვის მხარეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა სასამართლოში წარედგინათ საკუთარი პოზიციები და რელევანტური მტკიცებულებები.

სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ პროკურატურის მოწმეების სადავო ჩვენებები არ წარმოადგენდა მომჩივანთა მსჯავრდებისთვის ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებას, საქმეში სახეზე იყო მტკიცებულებათა კომპლექსური ერთობლიობა, მათ შორის დამოუკიდებელი თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები, რომელსაც დაეყრდნო ეროვნული სასამართლოების განაჩენი.

სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ ეროვნულმა სასამართლოების დასაბუთება აპლიკანტების პოზიციებთან მიმართებაში არის დასაბუთებული, განაჩენი ეყრდნობა მტკიცებულებათა მთელ რიგ ერთობლიობას და მათ მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება იყო სამართლიანი.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო განხილვების ეტაპზე, მსჯავრდებულები ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე, ასევე მისი უფლებადამცველები არაერთგზის მიუთითებდნენ, რომ საქართველოს პროკურატურის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიკერძოებულ დევნას და არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რაც მათ დანაშაულში მონაწილეობას ადასტურებდა.

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი პროცესები, წარიმართა საქართველოს კანონმდებლობისა და ევროპული სტანდარტების სრული დაცვით და საქმეში არსებობდა გამოძიების მიერ მოპოვებული და შეკრებილი კომპლექსური, ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რასაც დასაბუთებულად და კანონიერად ეყრდნობოდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები.

ასევე, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება 2019 წლის 18 ივლისს მიიღო,  საქმეზე ,,ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“.

სასამართლოს განცხადებით, 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, რამაც ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა გამოიწვია, არც პროპორციული და არც აუცილებელი ყოფილა.

სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე პირველადი გამოძიება წარიმართა მთელი რიგი დარღვევებით, რაც დაადასტურა კიდეც 2012 წლის დეკემბერში განახლებული გამოძიების შედეგებმა.

ხსენებული გადაწყვეტილებით,  ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ როგორც ე.წ კორტების სპეცოპერაციის ჩატარებისას, ასევე ამ ფაქტის პირველადი გამოძიების დროს, ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) როგორც არსებით, ასევე პროცედურულ დარღვევას.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბორელი - რუსეთს მოლაპარაკების სურვილი არ ექნება იქამდე, სანამ უკრაინაში ომის მოგებას ჯერ კიდევ ცდილობს
სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ის ევროპარლამენტს მიმართავს
ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულს, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მალიარი - ბახმუტში მტრის შეტევითი მოქმედებების ინტენსივობა არსებითად შემცირდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics