2015-01-06 16:18:59, 324 ნახვა
მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა მიმდინარეობს
მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა მიმდინარეობს.
მინისტრებთან ერთად საბჭოს სხდომაში მონაწილეობას იღებს პარლამენტის წევრი თედო ჯაფარიძეც. როგორც მან სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო არ შექმნილა იმის გამო, რომ ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკის მიმართულებით პრობლემები აქვს. პირიქით, თედო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საგარეო მიმართულებით, 2014 წელი ძალიან წარმატებული იყო. მისივე განმარტებით, საბჭოს სხდომის ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით უწყებებს შორის უფრო მეტი კოორდინაცია მოხდეს.
"მე პირადად არ მგონია, რომ ხელისუფლებას რაიმე პრობლემა ჰქონდა საგარეო მიმართულებით. პირიქით, მგონი ძალიან წარმატებული იყო ამ მიმართულებით გასული წელი.მოგეხსენებათ იქმნება საბჭო, ალბათ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მემგონი ეს არ არის ცუდი, პირიქით ეს ხელს შეუწყობს უწყებების უფრო მეტ კოორდინაციას, უფრო ეფექტურ მუშაობას და, მემგონი, საგარეო მიმართულება, საგარეო პოლიტიკა ის პოცესია, სადაც ჩვენ გვჭირდება მეტი კოორდინაცია, შეთანხმება, მეტი დებატები",-განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
კითხვაზე- იყო თუ არა აქამდე კოორდნაციის პრობლემა, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტსა და მთავრობას შორის ამგვარი პრობლემა არ არსებობდა.
"ყოველ შემთხვევაში, რასაც მე პარლამენტიდან ვუყურებდი, მგონია, რომ პარლამენტსა და მთავრობას შორის ამგვარი პრობლემა არ არსებობდა",-განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
ამასთან, თედო ჯაფარიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობაც შეაფასა და განაცხადა, რომ საგარეო უწყება გამართულად მუშაობს.
"საგარეო უწყება, რა თქმა უნდა, მუშაობს გამართულად, მაგრამ საბჭო იქმნება არა იმიტომ, რომ რომელიღაც უწყება, კონკრეტულად საგარეო არ მუშაობს კარგად, პირიქით, რომ საგარეო უწყებამ, თავად საბჭომ, სხვა უწყებებმა უფრო ეფექტურად და კოორდინირებულად იმუშაონ",-განმარტა თედო ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შეიქმნა. აღნიშნული საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების შესახებ და მოახდენს კოორდინაციას ყველა იმ სუბიექტს შორის, რომლებიც საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში არიან ჩართულები. საბჭოს ფუნქციაში ასევე შედის განსაზღვროს ის თემები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის საგარეო ასპარეზზე პოზიციონირების თვალსაზრისით. ახლადშექმნილ საბჭოს პრემიერ–მინისტრი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში კი შედიან- საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი. საბჭოს მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობას იღებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე წევრი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან