08:55 - 18 Apr, 2021
2021-04-07 21:03:26, 310 ნახვა

კომენტარი
სახალხო დამცველი - მთავრობამ უნდა იმსჯელოს გალიდან გადმოსული მოსახლეობისთვის 5 დღიანი კარანტინის მოხსნაზე

„მთავრობამ უნდა იმსჯელოს გალიდან გადმოსული მოსახლეობისთვსი 5 დღიანი კარანტინის მოხსნაზე“, - ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ავრცელებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 5 დღიანი კარანტინის მოხსნა გალის მოსახლეობას გადაადგილებაზე დამატებით ბარიერს შეუმსუბუქებს.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2021 წლის 11 თებერვლიდან ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას (მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს) ენგურის ხიდზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტის გავლით ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება მიეცა. თითქმის ერთწლიანი გადაადგილების თავისუფლების სრული შეზღუდვის შემდეგ, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენი გალელი თანამოქალაქეებისთვის გარკვეული შეღავათი იყო. თუმცა, ამან არსებითად ვერ შეცვალა უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობა, ვინაიდან გადაადგილების შესაძლებლობა, მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილს შეეხო. ამავდროულად, მოსახლეობას სირთულეებს უქმნის 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის დაცვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულ მოქალაქეებს დაუწესა.

დაწესებული შეზღუდვების გამო, აფხაზეთის მაცხოვრებლები საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვადასხვა შემოვლით გზას მიმართავენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში ასევე დაფიქსირდა, 2 უბედური შემთხვევა, როცა ადამიანები საქართველოს სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას მდინარე ენგურის გადაცურვით ცდილობდა.

გადაადგილების თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებს ადასტურებს, ენგურის ხიდზე არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე რადიკალურად შემცირებული გადაადგილების  დღიური  სტატისტიკაც.  როდესაც  ზემოაღნიშნული გადასასვლელი სრულად არის გახსნილი, დღიურად  დაახლოებით 1400-1500 ადამიანი სარგებლობს . ხოლო დღესდღეობით ეს რიცხვი 20-30-მდე შემცირდა . 

უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპირებული გალის მაცხოვრებლებისთვის, ენგურის ხიდი  განათლებასთან, სამედიცინო სერვისებთან, უფრო იაფ პროდუქტებთან, პენსიასთან,  ნათესავებთან და ოჯახის სხვა წევრებთან დამაკავშირებელი ხიდია და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს  საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო ძალებზე ე.წ. გამშვები პუნქტის მთლიანი მოსახლეობისათვის გასახსნელად. ასევე, კიდევ ერთხელ იმსჯელოს 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის ღონისძიებებზე, რაც ოკუპირებული გალის მოსახლეობას გადაადგილებაზე დამატებით ბარიერს შეუმსუბუქებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

ჩინური ვაქცინა საქართველოშია












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics